”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
11 თებერვალი, 2016
429
print

კახა ფაჩუაშვილი

არ ვიცი, როგორ გახდა მერაბ მეტრეველი ჟურნალისტი, მაგრამ სოციალურ ქსელში მისი ბოლო აქტივობა, ვერც ლოგიკური მსჯელობით დაიკვეხნის და ვერც ანალიზის უნარით. გუშინ ჩემმა კოლეგამ მიხეილ სააკაშვილი ასლან აბაშიძეს შეადარა და თქვა, რომ ორივემ თავის დროზე კეთილი საქმე კი გააკეთა, მაგრამ ქართველმა ხალხმა ორივეს პანღური ”ამოუჭირა”, იმიტომ რომ ორივე მათგანს ქვეყანა კერძო საკუთრება ეგონაო. ამასთან, გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილი, რომ თუ გონს არ მოეგება, ქართველი ამომრჩეველი მასაც პანღურს ”ამოუჭერსო”.

მეტრეველთან ერთად ”დილის გაზეთსა” და ”24 საათში” მიმუშავია. მაშინ ის წყნარი ადამიანი იყო. არასოდეს ზედმეტი სიტყვა არ წამოსცდებოდა. არც თავის გამოჩენა უყვარდა სიტყვაკაზმულობით. როგორც ჩანს, კარგად ესმოდა ბრძნული გამონათქვამი - რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებ, მით უფრო ჭკვიანი გამოჩნდები.

თუმცა, 2013 წლიდან საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი საზოგადოება შეიყარა, რომ ის ბრძნული გამონათქვამი აღარავის ახსოვს და სისულელეების წარმოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე, ჩვენს ქვეყანაში ”ნორმად” გადაიქცა. თითქოს ჯაჭვმა აიწყვიტაო და მერაბმაც, ჩათვალა, რომ ეს ის გარემოა, სადაც გაუაზრებელი საუბარი აქტივობად ჩაეთვლება. სააკაშვილისა და ასლან აბაშიძის შედარებით კი სიბრიყვის თამასა უმაღლეს ნიშნულზე ასწია.

მიხეილ სააკაშვილისა და ასლან აბაშიძის შედარება, რბილად რომ ვთქვათ, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. მიხეილ სააკაშვილი, რაც არ უნდა გიჟი ყოფილიყო, სახელმწიფო მოღვაწე იყო. მან არშემდგარი ქვეყანა სახელმწიფოდ გადააქცია. მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველა სახელმწიფო მოღვაწე მემატიანეების მხრიდან ქებას იმსახურებდა აღმშენებლობის უნარით: გზებისა და ხიდების დაგებით, ქალაქების განახლებით, კრიმინალის და კორუფციის აღმოფხვრით, ჯარისა და პოლიციის მოწესრიგებით. მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფერს აკეთებდა. ეს ნათელი და თვალსაჩინოა. ანაკლიის პორტის მშენებლობაც, რომელზეც დღეს ასე აქტიურად საუბრობენ, მიხეილ სააკაშვილის იდეა იყო. რუსეთ-საქართველოს ომი კი ორი საუკუნეა მიმდინარეობს და 2008 წელს არ დაწყებულა. ბოლოს, როგორც ცივილიზებულ სამყაროს შემადგენელ ნაწილს შეეფერებოდა, პრეზიდენტმა არჩევნების გზით დატოვა პოსტი.

ასლან აბაშიძეზე მსგავსს ვერაფერს ვიტყვით. ის სააკაშვილის სრული ანტიპოდია. აბაშიძემ აჭარაში ფეოდალური მმართველობა ჩამოაყალიბა. თუ რეგიონში მხედრიონის არშეშვებას ასლან აბაშიძეს სიკეთეში ჩავუთვლით, ძალიან შევცდებით. მხედრიონი აჭარაში იმის გამო არ შევიდა, რომ იქ რუსული სამხედრო ნაწილები იდგა, რომელთანაც აჭარის მაშინდელი ლიდერი მჭიდროდ მეგობრობდა და თანამშრომლობდა.

მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ სოხუმის დაცემის შემდეგ ომიდან დაბრუნებული ქართველი მეომრებისგან გამიგონია, რომ 27 სექტემბერს ასლან აბაშიძე სოხუმში ჩავიდა და ჟიული შარტავას დატყვევების დროსაც რუსეთის სამეთაურო შტაბში იმყოფებოდა.

ასლან აბაშიძის ”მოღვაწეობის” წითელი ზოლი ტოტალური კორუფცია, არჩევნების გაყალბება, საბიუჯეტო სახსრების პირადი ინტერესებისთვის ფლანგვა-გამოყენება, შერჩევითი სამართალი, ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა და კრიმინალის წახალისება იყო იმ პირებისთვის, ვინც მის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენდა. მან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა საკუთარ ინტერესებს მოარგო. ბოლოს კი, ასლან აბაშიძე აფეთქებდა ხიდებს და საქართველოს სახელმწიფოს რუსეთის იმედით ომით ემუქრებოდა.

სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს ასლან აბაშიძე მოსკოვში ცხოვრობს. მიხეილ სააკაშვილი კი ოდესის გუბერნატორია. ამდენად, ამ ორი ადამიანის მოღვაწეობის შედარება გულუბრყვილო საქციელია. ამ ბლოგს არ დავწერდი, მაგრამ სოციალურ ქსელებში მსგავსი ტყუილების შეთხზვა აბნევს ქართულ ელექტორატს.

ვისაც თვალები აქვს დაინახოს, ვისაც ყურები აქვს მოისმინოს!

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი
21 ივლისი, 2015 გიგი უგულავას ბლოგი