ნატო-ს შეკავების თანამედროვე მოდელი
12 თებერვალი, 2016
753
print

ამ კვირაში ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა, სადაც ალიანსი საბოლოოდ შეთანხმდა, რომ გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს  ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში  რუსეთის ნებისმიერი თავდასხმის შესაკავებლად. მართალია, ვარშავის სამიტამდე სახმელეთო და საზღვაო ძალების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ გახდება, თუმცა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალების სწრაფი განლაგების გზებზე ალიანსს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ალიანსს მათ ტერიტორიებზე ყოფნის გაძლიერების თხოვნით არაერთხელ მიმართეს. “Wall Street Journal”-ის ინფორმაციით, აშშ მომავალ წელს ევროპაში 3000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს; დიდი ბრიტანეთი კი ამ წელს ბალტიის ზღვაში ალიანსის ოპერაციებისათვის სამხედრო ხომალდების რაოდენობას გაზრდის.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილება აღმოსავლეთ ფლანგზე „ჩვენ ყოფნას გაზრდის.“

ალიანსის გენმდივნის თქმით, ახალი ძალების შემადგენლობა მრავალეროვნული იქნება:“ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, ვინაიდან  წარმოადგენს ნათელ გზავნილს, რომ თავდასხმა ნატოს ნებისმიერ წევრზე ნიშნავს თავდასხმას მთელ ალიანსზე.“

ნატო-ს მაღალჩინოსნებისა და ექსპერტების თქმით, აღნიშნული ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს. ალიანსში დიდი ბრიტანეთის ელჩის ადამ ტომსონის თქმით, ალიანსი დაუბრუნდა საკუთარი წევრების თავდაცვაზე  ზრუნვის მნიშვნელოვან მიმართულებას, თუმცა ტომსონის თქით, თანამედროვე შეკავება ცივი ომისდროინდელი მიდგომისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება:“შეკავება ნატო-ს უმნიშვნელოვანეს საქმეს წარმოადგენს. ეს თავდაცვაზე უკეთესია. ეს ნიშნავს იყო ისე ძლიერი, რომ ომი არ მოგიწიოს.“

როგორც “Wall Street Journal” წერს, ახლა საკითხავია რა კონტრიბუციას შეიტანენ ალიანსის სხვა წევრები ამ მიზნისათვის, იმ ფონზე როდესაც აშშ-მა დამატებით 3,4 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადო. ამ ეტაპზე პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში წვრთნებს უმთავრესად ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები უძღვებიან. ბრიტანეთმა, რომელმაც იანვარში პოლონეთში მყოფი საკუთარი ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, ცოტა ხნის წინ ნატო-ს წვრთნებსა და აქტივობებში სამხედრო ხომალდების რაოდენობის გაზრდის შესახებაც გააკეთა განცხადება. როგორც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფალონმა აღნიშნა, ბრიტანეთის გადაწყვეტილება ემსახურება  ბალტიის ქვეყნება და პოლონეთის დარწმუნებისა და იმის დემონსტრირების მიზანს, რომ “ნატო ასრულებს საკუთარ ნათქვამს და მზად არის წინ აღუდგეს ნებისმიერი ტიპის ზეწოლას.“

2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა არაერთხელ იმსჯელეს ალიანსის თავდაცვის გაძლიერების გზებზე. 2014 წლის შემდგომაზე, უელსის სამიტზე ალიანსმა მცირე შტაბებისა და სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, ცოტა ხნის წინ ნატო-მ და ევროკავშირმა კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმების დადების თაობაზე გააკეთეს განცხადება. აღნიშნული შეთანხმება ჰიბრიდული საფრთხეების გასამკლავებლად ორი ორგანიზაციის მიერ  შექმნილი ახალი სტრატეგიების  ნაწილს წარმოადგენს.

 “Wall Street Journal” ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთსა და ბალტიის   თითოეულ ქვეყანაში, სავარაუდოდ, ნატოს 600 ჯარისკაცის განლაგება მოხდება. დამატებითი ძალების განლაგება იგეგმება რუმინეთსა და ბულგარეთშიც.

დღეს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება, რომლის ფარგლებშიც ნატოს გენერალური მდივანი გეგმავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდეს.  სტოლტენბერგი, სავარაუდოდ, შეეცადება რუსი დიპლომატის დარწმუნებას, რომ ნატო-ს სტრატეგია ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპაში თავდაცვითი ხასიათისაა:“ეს არის რეგულარული დიალოგის ნაწილი. ჩვენ მიგვაჩნია რომ ისეთ რთულ დროში, როგორშიც ახლა ვიმყოფებით, მნიშვნელოვანია  პოლიტიკური დიალოგის არხები ნატო-სა და რუსეთს შორის იყოს ღია.“-განაცხადა სტოლტენბერგმა.

თამთა კახაძე

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს