აინშტაინის გრავიტაციული ტალღები დაჭერილია
12 თებერვალი, 2016
1322
print

გიგა გურასაშვილი

პირველად ისტორიაში კაცობრიობამ გრავიტაციული ტალღები დააფიქსირა. ესაა აღმოჩენა, რომელიც 100 წლის წინათ ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა, მაგრამ ტექნოლოგიური საშუალებების არქონის გამო მისი დადასტურება ვერ ხერხდებოდა. გრავიტაციული ტალღების აღმოჩენაზე საუბრობენ ყველგან – ვაშინგტონში, ლონდონში, პარიზში, რომში, ბერლინში, სიდნეიში, პეკინსა თუ სხვა ნებისმიერ წერტილში.

აინშტაინის საუკუნოვანი წინასწარმეტყველება, რომელიც მისი ფარდობითობის თეორიის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, ისტორიაში არათუ წლის, არამედ საუკუნის ერთ–ერთ უმთვარეს აღმოჩენად შევა და თუ მოვლენებსაც გავუსწრებთ, ფიზიკის დარგში ნობელის პრემიაზეც წარადგენენ.

ფაქტია, გრავიტაციულ ტალღებზე ნადირობა თანამედროვე ფიზიკის ერთ–ერთ უმთვარეს პრობლემას წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, ნადირობა დასრულებულია. ასეთი ტალღები არსებობს!

11 თებერვალს ინტერნეტ და მედია სივრცე, გრავიტაციული ტალღების არსებობის დამადასტურებელმა ცნობებმა წალეკა. ოფიციალური განცხადებიდან ვიტყობთ, რომ გრავიტაციული ტალღების რეგისტრირება ლივინგსტონსა და ჰენფორდში (აშშ) მდებარე ლაზერულ–ინტერფერომეტრული გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიებში (LIGO) ერთდროულად დარეგისტრირდა (ობსერვატორიები ერთმანეთისგან 3 ათასი კილომეტრითაა დაშორებული).

და მაინც, რაა გრავიტაციული ტალღები და რატომაა მისი აღმოჩენა ამდენად მნიშვნელოვანი? გრავიტაციული ტალღები ესაა რხევები სამყაროში, რომელსაც მაღალენერგეტიკული კოსმოსური მოვლენები იწვევს, დაწყებული ვარსკვლავების აფეთქებიდან დასრულებული ზემასიური შავი ხვრელების წარმოშობით. როდესაც ისინი სივრცესა და დროში ვრცელდება, გრავიტაციული ტალღები იწვევენ პატარა რხევებს მატერიის შემადგენელ ატომებში. ანუ ეს ისაა, რომლის არსებობასაც ფარდობითობის ზოგადი თეორიიდან გამომდინარე ჯერ კიდევ 1916 წელს წინასწარმეტყველებდა აინშტაინი.

გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა ფარდობითობის თეორიის დადასტურებაა და უფრო მეტი მნიშვნელობაც აქვს. შეიძლება ითქვას, ის პირდაპირი მნიშვნელობით კოსმოსის შესწავლის ახალ ფურცელს შლის, სადაც ელექტრომაგნიტური გამოსხივება სამყაროს შესაცნობად ერთადერთი ხელსაწყო აღარ იქნება (მეცნიერები შორეული ობიექტებზე ძირითად ინფორმაციას დღემდე ელექტრომაგნიტურ დიაპაზონში (ოპტიკური, რენტგენული, ინფრაწითელი და ულტრაიისფერი) ღებულობდნენ).

როგორც ამას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი სკოტ ჰიუზი ამბობს, აღმოჩენით შესაძლებელი იქნება დღემდე საიდუმლოებით მოცული კოსმოსური სხეულების შესწავლა. აი, ისეთების როგორიცაა შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები.

ფიზიკოსთა განმარტებით, ამჟამინდელი გაზომვები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ იმაზე, რომ გრავიტაციული ტალღების წყაროები შავი ხვრელებია, რაც თავის მხრივ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მათი როგორც ჰიპოთეტიურ ობიექტებად განხილვა წარსულს უნდა ჩაბარდეს.

მეცნიერთა დასკვნებით, აღმოჩენილი გრავიტაციული ტალღები წამოიშვა ორი შავი ხვრელისგან მათი შერწყმის წამზე ნაკლებ დროში ერთ უფრო მასიურ მბრუნავ ობიექტად გარდაქმნისას. 

„მეცნიერები გრავიტაციულ ტალღებს არაერთი ათწლეული ეძებდნენ, მაგრამ ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ ახლა გაჩნდა უჩვეულოდ ზუსტი ტექნოლოგიები, რომლებმაც შეძლეს ამ ძალზე სუსტი კოსმოსური ექოს დაჭერა“, – აცხადებს მაკს პლანკის სახელობის სამეცნიერო კვლევათა საზოგადოების ინსტიტუტისა და ლეიბნიცის სახელობის ჰანოვერის უნივერსიტეტის დირექტორი, პროფესორი კარსტენ დანცმანი. 

და კიდევ, გრავიტაციული ტალღები ძალზე მდიდარ ინფორმაციას მოიცავს. სივრცე–დროის რხევათა ფორმით შესაძლებელი ხდება ობიექტის ზომისა და მოძრაობის ბუნების გაგება, რომელმაც ეს რხევები შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ დღეის იქით მეცნიერები შეძლებენ ინფორმაცია მიიღონ არამარტო ბარიონულ მასაზე, რომელიც სამყაროს სრული მასის 4–5 პროცენტს შეადგენს, არამედ გაიგონ თუ რისგან შედგება დანარჩენი 95 პროცენტი. გარდა ამისა, გრავიტაციული ტალღების დაჭერა საშუალებას იძლევა დავინახოთ გრავიტაციულ რელიქტური გამოსხივება (თერმული გამოსხივება, რომელიც კოსმოლოგიაში მიჩნეულია დიდი აფეთქების ნარჩენად), რომელიც დიდი აფეთქების შედეგად დარჩა.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“