დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ
20 თებერვალი, 2016
676
print

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით, პარასკევს საღამოს ევროკავშირის ლიდერები ორგანიზაციაში ბრიტანეთის „სპეციალური სტატუსით“ შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ. პრემიერი შეთანხმების წარდგენას  ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წინაშე დღეს დილით გეგმავს.

კამერონის განცხადებით, ბრიუსელში ორდღიანი დაძაბული მოლაპარაკებების შედეგად, ბრიტანეთმა მიიღო იმის გარანტია, რომ არცერთი ქვეყანა არ ეცდება მის „ევროპული სუპერსახელმწიფოს“ ნაწილად გადაქცევას:“დაწესდება მკაცრი შეზღუდვები ევროკავშირის მიგრანტებისათვის ჩვენი შეღავათების სისტემით სარგებლობასთან დაკავშირებით...ბრიტანეთი არასოდეს შეუერთდება ევროს.“-განაცხადა პრემიერმა.

ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერების მიერ შეთანხმებულ დოკუმენტში საუბარია, რომ თავდაპირველად(7 წლის განმავლობაში)  ბრიტანეთი მიიღებს უფლებას ყველა შეღავათით სარგებლობაზე უარი უთხრას ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შესულ ახალ მიგრანტებს. დოკუმენტში, ასევე, შესულია პუნქტი სადაც, საუბარია, რომ ქვეყანას არ ეხება ევროკავშირის მიერ დეკლარირებული „ინტეგრაციის მუდმივად გაღრმავების“ მოთხოვნა. ამასთან, კამერონმა მიიღო იმის გარანტიაც, რომ ქვეყნის ფინანსურ სექტორს დისკრიმინაციის საფრთხე არ დაემუქრება იმის გამო, რომ ქვეყანა არ აპირებს ევროს მიუერთდეს და გეგმავს ფუნტი სტერლინგის შენარჩუნებას.

ამ ყველაფრის სანაცვლოდ კამერონმა პირობა დადო, რომ მთელ „სულსა და გულს“ ჩადებს, რათა მოახლოებულ რეფერენდუმზე ქვეყანა რეფორმირებული ევროკავშირის წევრად დარჩეს. „გარდიანის“ თანახმად, პრემიერი დღეს დილის 10:00 საათზე გამართვას მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრას ამ შეთანხმების ფორმალურად დამოწმების თაობაზე, რაც უკვე პრემიერს საშუალებას მისცემს რეფერენდუმის თარიღიც გამოაცხადოს. ბრიტანელი ხალხი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის ბედს, სავარაუდოდ,  23 ივნისს გადაწყვეტს. თუმცა, პარასკევს, ამ შეთანხმების მიღწევამდე, „TNS”-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირიდან გამოყოფის მომხრეთა რაოდენობა ორი პროცენტით აჭარბებდა დარჩენის მომხრეთა რაოდენობას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, პარასკევს მიღწეული შეთანხმება „ჩვენს მთავარი ღირებულებებზე უარის თქმას არ ნიშნავს.“  ტუსკის თქმით, აღნიშნული  ბრიტანეთის საგანგებო სტატუსს აძლიერებს:“მე ღრმად მწამს რომ დიდ ბრიტანეთს სჭირდება ევროპა და პირიქით. ამ კავშირის გაწყვეტა ორმხრივად საზიანო იქნება. ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ ეს რომ არ მომხდარიყო, თუმცა მთავარი გადაწყვეტილება ბრიტანელმა ხალხმა უნდა მიიღოს.“

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი მიღწეული შეთანხმების შესახებ განაცხადა:“ჩვენ გვწამს რომ ამით ჩვენ კამერონს ხელში გადავეცით პაკეტი, რომლითაც შეძლებს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დასარჩენად საჭირო კამპანიის წარმოებას.“

თავად ბრიტანეთის პრემიერის განაცხადებით, ეკონომიკა არ არის ერთადერთი საკითხი, რის გამოც ბრიტანეთი კავშირის შემადგენლობაში უნდა დარჩეს, მისი თქმით, ტერორიზმის საუკუნეში გასათვალისწინებელია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც უსაფრთხოებაა.

თამთა კახაძე

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს