"ჰაბლმა" ყველაზე შორეული გალაქტიკის დანახვით კოსმოსური რეკორდი დაამყარა
08 მარტი, 2016
893
print

გიგა გურასაშვილი

 

ვიცით, რომ სამყარო დიდი აფეთქების შედეგად 13,8 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა, მაგრამ მისი პირვანდელი პორტრეტის შესახებ არაფერი ვუწყით და მხოლოდ კონტურებში გვაქვს წარმოდგენილი. დღეს კი თითქმის ყველაფრის მხილველი „ჰაბლის“ კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით, აქამდე აღმოჩენილთ გალაქტიკათა შორის ყველაზე შორეულს მოვავლეთ მზერა, რომელიც „დიდი დათვის“ თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 13,4 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული. ამასთან, ის ადამიანის მიერ აღმოჩენილი ყველაზე ახალგაზრდა გალაქტიკაა, რომელსაც მეცნიერებმა GN-z11–ის სანომრე ნიშანი მიაკუთვნეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ჰაბლის“ ტელესკოპი GN-z11–ს ისეთად ხედავს, როგორიც ის იყო დიდი აფეთქებიდან 400 მილიონი წლის შემდეგ (დრო, როდესაც სამყარო ამჟამინდელი  ასაკის სამ პროცენტს შეადგენდა).

ასტრონომები საკუთარი გაზომვების სიზუსტეში დარწმუნებულნი არიან, რამდენადაც მათ ეს GN-z11–დან წამოსული სინათლის ტალღების სპექტრალური ანალიზის შედეგად გააკეთეს. მართალია, ამდენად დაშორებული წყაროზე მსგავსი ანალიზის გაკეთება მეტად რთულ საქმეს წარმოადგენს, მაგრამ თუ ეს შესაძლებელი ხდება, მაშინ იმ წყარომდე მანძილი დიდი ალბათობის სიზუსტით შეიძლება განისაზღვროს.

„კოსმოსის ისტორიაში გალაქტიკათა შესწავლის სფეროში „ჰაბლის“ მიღწევათა მწვერვალთან გვაქვს საქმე, – BBC–თან საუბარში სიამაყით აცხადებს სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი და იელის უნივერსიტეტის ასტრონომი პასკალ ოში. – „ჰაბლი“, რომელიც აგერ უკვე 26 წელიწადია კოსმოსშია, ერთხელაც დაამტკიცა, რომ განსაკუთრებული ტელესკოპია. გაშვებისთანავე გალაქტიკებს ვსწავლობდით, რომელთა ასაკიც კოსმოსის ისტორიის ნახევარს მცირედით თუ აჭარბებდა, დღეს კი დროში 97 პროცენტით უკან დავბრუნდით. ეს უდიდესი მიღწევაა“.

ახლა იმაზე ფიქრობენ, რომ კოსმოსურ კვლევათა ვეტერანი თავის ტექნიკურ შესაძლებლობათა ზღვარს მიუახლოვდა და რომ კოსმოსის ყველაზე შორეულ კუთხეებში შეჭვრეტას მალე მისი მემკვიდრე გააგრძელებს.  საუბარია აგების პროცესში მყოფ „ჯეიმს უების“ ტელესკოპზე, რომელიც 2018 წელს იქნება მზად.

ისიც ვთქვათ, რომ „ჯეიმს უების“ ტელესკოპის პირდაპირი სამეცნიერო დანიშნულება ოთხ მიზანს ისახავს: დიდი აფეთქების შედეგად სამყაროში წარმოქმნილი პირველი ვარსკვლავებიდან და გალაქტიკებიდან წამოსულ შუქს მიაკვლიოს, შეისწავლოს გალაქტიკების ფორმაცია და მათი განვითარების საფეხურები, გაერკვეს ვარსკვლავების წარმოქმნასა და პლანეტარულ სისტემებში და შეისწავლოს პლანეტარული სისტემები და სიცოცხლის საწყისი. დასახულის ეფექტურად მიღწევაში კი მეცნიერებს სწორედ „ჯეიმს უები“ დაეხმარებათ, რომელსაც „ჰაბლზე“ გაცილებით მგრძნობიარე „თვალი“ აქვს. სხვა მრავალ ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად „ჯეიმს უები“ 6,5 დიამეტრის მქონე სარკითაც გამოირჩევა (შედარებისთვის „ჰაბლს“ 2,4 მეტრის დიამეტრის სარკე აქვს).

ერთი სიტყვით, როგორც პასკალ ოში ამბობს, ახალი ტელესკოპის წყალობით საშუალება მოგვეცემა GN-z11–ის წინაპრების მოსაძებნად კოსმოსში უფრო ღრმად შევიხედოთ.

და კიდევ, მისი უნიკალურობის წყალობით შესაძლებელი გახდება დიდ აფეთქებასთან მიახლოება – დროში 200 მილიონი სინათლის წლით უკან გახედვა, რაც „ჰაბლის“ დღევანდელ მიღწევას ფაქტობრივად ამდენივე წლით აუმჯობესებს, ანუ 200 მილიონი სინათლის წლით უფრო შორს გავიხედავთ, ვიდრე GN-z11–ია.

პასკალ ოში და მისი კოლეგები გვარწმუნებენ, რომ „ჰაბლის“ მიერ დანახული გალაქტიკის ზომა ირმის ნახტომის ოცდამეხუთედს (1/25), ხოლო აღნიშნული გალაქტიკის ვარსკვლავების მასა ჩვენივე გალაქტიკის მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს. 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“