პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 მარტი, 2016
174
print

კახა ფაჩუაშვილი

რა ჩაიფიქრა პუტინმა? - ამის შესახებ დილიდან მთელი მსოფლიო ბჭობს. მოხდა უნიკალური შემთხვევა, - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სირიიდან რუსული ავიაციის გაყვანის ბრძანება გასცა. ამ დრომდე მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, რომ რუსები საკუთარი ნებით გასულიყვნენ მათ მიერ დაკავებული რომელიმე ტერიტორიიდან. შესაბამისად, ამ ფაქტმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გაკვირვებით აცხადებს, რომ უახლოეს დროში შეაგროვებს სრულ ინფორმაციას და დასკვნასაც ამის შემდეგ გამოიტანს. დასავლური პრესის ინფორმაციით, კი რუსების სირიიდან გამოსვლა შეიძლება ჟენევის მოლაპარაკებებს უკავშირდებოდეს. ამ მოლაპარაკებებზე შესაძლოა ეს ფაქტი გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს და მხარეებს კომპრომისის გამოძებნაში დაეხმარება.

„რუსეთის სამხედრო ძალების ძირითადი ნაწილის სირიიდან გაყვანამ ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ, შესაძლოა ამ მოლაპარაკებებში მკვეთრი გარღვევა გამოიწვიოს. აუცლებელია კარგად დავაკვირდეთ მხარეებს შორის მიღწეულ შედეგებს და ევროკავშირის მითითებებსაც. ანუ გავაანალიზოთ ყველა ნიუანსი, რაც შესაძლოა პოტენციური დიდი შეთანხმების ახალი სიგნალი გახდეს“, - განაცხადეს აშშ-ის სადაზვერვო-ანალიტიკური ცენტრი Stratfor-ის ექსპერტებმა.

The Times-მა თავის სტატიაში პუტინის გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელი უწოდა.  The New-York Times-ის ვარაუდით კი, პუტინის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ყველასთვის, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, ისე სირიის ოპოზიციისთვის, ასადის რეჟიმისთვის და ტერორისტებისთვისაც. ახლა სირიაში აღარ იციან, გაუხარდეთ, თუ არა.

“ბატონი პუტინის მოქმედებებს ვერ გათვლი. ის ცნობილია საჯარო გამოსვლებით და განცხადებებით, რომელთა შინაარსი ხშირად არ ემთხვევა რუსეთის ქმედებებს. მაგალითად, უკრაინის საკითხში პუტინი აცხადებს, რომ მხარს უჭერს მინსკის შეთანხმებებს, მაგრამ იქ ბრძოლა სამთავრობო ძალებსა და მოსკოვის მიერ კონტროლირებად შეიარაღებულ რაზმებს შორის, არ წყდება. არადა, პუტინმა სამშვიდობო შეთანხმების დაცვის პირობა დადო“, - წერს The New-York Times.

რუსეთის ავიაციის გასვლით სირიის ლიდერის პოზიციები თითქოს შესუსტდა, მაგრამ კრემლმა მიაღწია ასადის რეჟიმის ვადის გახანგრძლივებას, თანაც სირიის სამთავრობო ძალების განკარგულებაში „ჰესბოლას“ ბოევიკები და ირანელი ჯარისკაცები რჩებიან.

სირიული მას-მედიის ინფორმაციით, რუსეთმა დაასუსტა ბოევიკების რიგები, მიაღწია სამშვიდობო შეთანხმებას და დაიწყო მოლაპარაკებათა პროცესი. რუსული საჰაერო ძალების ქვეყნიდან გაყვანა ხელს შეუწყობს ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში კომპრომისის მიღწევას, რაც სირიის მომავალი განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.

სირიული სააგენტო SANA ამტკიცებს, რომ რუსული საჰაერო ძალების გასვლა პუტინმა და ასადმა ტელეფონით განიხილეს. „ეს საუბარი შედგა სირიელი სამხედროების გამარჯვებების ფონზე, რომელიც რუსული ავიაციის მხარდაჭერით სარგებლობდა. მიღწეულია სამშვიდობო შეთანხმება. ბევრმა ბოევიკმა იარაღი დაყარა. თანაც, არავინ საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი შეწყვეტს სირიის მხარდაჭერას ტერორიზმთან ბრძოლაში“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ვარაუდი ბევრია, მაგრამ ერთი რამ ცხადი - რუსეთის პოლიტიკური ამბიციებისთვის სირიის დაკარგვა კატასტროფის ტოლფასია. ეს ნიშნავს, რომ კრემლი საბოლოოდ დაემშვიდობება გავლენიანი პოლიტიკური მოთამაშის სტატუსს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, რაც მკვეთრად გააძლიერებს დასავლეთის პოზიციებს, არა მარტო ამ რეგიონებში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაშიც. ამიტომ რუსეთი არასოდეს დატოვებდა ახლო აღმოსავლეთში თავის უკანასკნელ დასაყრდენს მხარდაჭერის გარეშე.

სინამდვილეში, რაკი პუტინმა სირიიდან სამხედრო ძალების გამოყვანა ბრძანა, ესე იგი ძალიან გაუჭირდა. პირველ რიგში ფინანსურად. სამხედრო კამპანიის წარმოება უაღრესად ძვირადღირებული „სიამოვნებაა“ და სანქციების პირობებში ასეთი სახის ხანგრძლივი ხარჯი რუსეთის ეკონომიკას აშკარად აღემატება.

მეორეს მხრივ, ამ ნაბიჯით კრემლი შეეცდება კიდევ ერთხელ მოიპოვოს დემოკრატიული ქვეყნის იჯიმი, ხელი შეუწყოს ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესს და ამ გზით, იქნებ თავიდან აიცდინოს სანქციების ახალი ტალღა, რომელმაც მომავალში, შესაძლოა საფუძვლიანი საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში პუტინის ხელისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ სირიული კამპანიის პერიოდში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა 9 ათასი ოპერაცია განახორციელეს. შედეგად მიიღეს - ერთი ჩამოგდებული გამანადგურებელი, ტერაქტი ეგვიპტეში და ტერორისტების მიერ აფეთქებული რუსული სამგზავრო თვითმფრინავი და ომამდე მისული, დასრულებული ურთიერთობა, ერთ დროს მეგობარ, თუქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან, რომელსაც თითქოს ვერაფერი შეარყევდა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთმა მიიღო, როგორც ყოველთვის, კიდევ ერთი კონფლიქტი.

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს
29 მაისი, 2015 მთავრობის რჩევების მიმართ ურჩი პრეზიდენტი