მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ადამიანებს შესაძლოა, არამიწიერი წარმოშობის გენები გვქონდეს
18 მარტი, 2016
262
print

გიგა გურასაშვილი

რაოდენ უცნაურად და დაუჯერებლად არ უნდა მოგეჩვენოთ, სავსებით შესაძლებელია ჩვენს გვერდით უცხოპლანეტელები ცხოვრობდნენ. სხვადასხვა მიზეზთა გამო, რა თქმა უნდა, მათ ვერ ვამჩნევთ. ისე, არც ამის უნარი გაგვაჩნია და მართალია გითხრათ, მათ აღმოსაჩენად არც ტვინს ვიჭყლეტთ. მიზეზი უბრალოა: არ გვჯერა! ყოველ შემთხვევაში წარმოუდგენლად გვეჩვენება და მორჩა. მიუხედავად ამისა, არიან ისინიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ადამიანებს შესაძლოა, არამიწიერი წარმოშობის გენები გვქონდეს. ერთ-ერთი ვინც მსგავს მოსაზრებას გვიზიარებენ ავსტრალიელი მეცნიერები – პროფესორი პოლ დეივისი და დოქტორი ჩარლზ ლაინვივერი არიან.

ავსტრალიელ მეცნიერთა აზრით, ეს უცხოპლანეტელები სავარაუდოდ პრიმიტიული მიკრობები უნდა იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინათ გაჩნდნენ.

რამდენადაც ცნობილია, ოთხი მილიარდი წლის წინათ დედამიწა მეტეორებითა და გიგანტური ასტეროიდებით დაიბომბა. მათი მეშვეობით კი, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ, შესაძლოა, უცხო ორგანიზმების მიერ დედამიწის ერთგვარი განაყოფიერება მოხდა.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ჩვენი პლანეტის დაბომბვამ, შესაძლოა, რამდენჯერმე შეწყვიტა ასეთი პროცესი, რომლის მსვლელობისასაც წარმოიქმნებოდა სიცოცხლე, მაგრამ მეტეორებისა და ასტეროიდების შემდგომი დაბომბვებისას ნადგურდებოდა. ასევე სავარაუდოა, რომ ზოგიერთმა ორგანიზმმა ასეთ დაბომბვებს გაუძლო და დღეს ჩვენი პლანეტის ზედაპირის სიღრმეებში, ატმოსფეროში, ან დაბინძურებულ ტბებში იმალებიან. ასევე შესაძლებელია, რომ ჩვენთვის უცხო ორგანიზმები მზის სისტემაშიც არსებობდნენ და თუ უფრო შორს წავალთ შესაძლოა, ჩვენს გვერდითაც, მაგრამ იმდენად უჩვეულო, უცხო არსებები არიან, რომ მათი აღმოჩენის შესაძლებლობები ჯერ არ გაგვაჩნია (ასტრობიოლოგთა ვარაუდებით მიკროორგანიზმები შესაძლოა, სატურნის თანამგზავრების - ტიტანისა და ენცელადის ოკეანეებში არსებობდნენ. გ.გ.).

ესეც საინტერესოა - პირობითად ამ უცხოპლანეტელებს შეიძლება ისეთი ბუნება, თვისება თუ ზნე ჰქონდეთ, რომ არანაირად არ მიუთითებდნენ თავიანთ არსებობაზე. ისინი უძრავ მდგომარეობაში მათი არსებობისთვის შესაფერისი პირობების მოლოდინში შეიძლება ნებისმიერ ადგილზეც იყვნენ.

"ჩამოთვლილ მიზეზთა გამო შესაძლებელია გარემოცული ვიყოთ ცოცხალი, უმოქმედო ან მკვდარი უცხოპლანეტელი მიკრობებით, ამასთან ისე, რომ მათზე წარმოდგენაც არ გვქონდეს," - ასკვნის პოლ დეივისი და იქვე განმარტავს, რომ მიკრობების სამყარო უამრავი საიდუმლოებებითა და სიურპრიზებითაა გაჯერებული და ერთ-ერთ მათგანს შეიძლება არამიწიერი წარმოშობის სიცოცხლის ფორმა გააჩნდეს.

მაგრამ არც ესაა ყველაფერი. იგივე მეცნიერები უფრო შორს მიდიან, რომლის მიხედვითაც გამორიცხული არაა მილიარდობით წლის წინათ ჩვენს წინაპრებსა და არამიწიერი სიცოცხლის ფორმებს შორის ერთგვარი გენეტიკური მასალების შეჯვარება მომხდარიყო!

ამასობაში კიდევ ერთი ავსტრალიელი მეცნიერი დოქტორ უილფრედ უოლში მიაჩნია, რომ მისი კოლეგების თეორიას არსებობის უფლება აქვს. მეტიც, მისივე აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობა ყოფილიყოს "ერთჯერადი ბედნიერი შემთხვევითობა".

მისი თქმით, სიცოცხლე იმდენად სწრაფად წარმოიქმნა, თითქოს ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა კიდეც. ემზადებოდა სასურველი, შესაფერისი პირობებისთვის.

"სიცოცხლეს გარკვეული მიზეზების გამო შესწევდა უნარი დედამიწაზე სწრაფად ჩამოყალიბებულიყო, ან იგი ჩვენს პლანეტაზე სხვა სამყაროდან მოვიდა, - საკუთარ მოსაზრებას გვამცნობს უოლში. – შესაძლოა, სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე ნაწილობრივ დედამიწის მიღმა ჩაისახა, შემდეგ კი რაღაცნაირად აქაც გაჩნდა თუ შემოაღწია."

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“