„ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
23 მარტი, 2016
0
print

გიორგი ფაჩუაშვილი

„ისლამური სახელმწიფოს“ დაარსებიდან, ორგანიზაციამ 20 ქვეყანაში 75 ტერორისტული აქტის ჩატარება მოახერხა. ამ გაუგონარ ქმედებებს 1280 ადამიანი ემსხვერპლა და 1770 დაშავდა. არავინ იცის, შეტევა სად და როდის განხორციელდება. 2015 წლის ივლისში ერთ-ერთმა ტერორისტმა ამერიკის შეერთებული შტატების ოთხი საზღვაო ქვეითი და მეზღვაური დახოცა.

ტერორისტული თავდასხმები

2014 წლის 24 მაისს ბელგიაში ებრაულ მუზეუმზე მოხდა თავდასხმა. ამ აქტს სამი ადამიანი ემსხვერპლა. თავდამსხმელი საფრანგეთის მოქალაქე მეჰდი ნემუჩე იყო. ის ბელგიის საზღვართან, ქალაქ რუბეში ცხოვრობდა. მან ერთი წელი სირიაში გაატარა. პოლიციელებმა მისი დაკავება მოახერხეს. მეჰდის საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცავებმა კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი, „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა და ხმის ჩამწერი აღმოაჩინეს, რომელშიც ტერორისტი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებდა.

იმავე წლის 20 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ ტურში ტერორისტმა დანით სამი პოლიციელი იმსხვერპლა. თავდამსხმელი 20 წლის საფრანგეთის მოქალაქე, ქალაქ ბურუნდის მცხოვრები იყო. ის სამართალდამცველმა გამოასალმა სიცოცხლეს. თავდასხმიდან ერთი დღით ადრე მან FACEBOOK-ში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ფოტო გამოაქვეყნა.

2015 წლის 9 იანვარს, საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ბოსტნეულის მაღაზიაში შტურმის შედეგად ტერორისტი ამედი კულიბალი იმსხვერპლა. თავდამსხმელმა დაწესებულებაში ოთხი მძევალი მოკლა. მანამდე ამედიმ პოლიციელი ქალი გამოასალმა სიცოცხლეს. ტერორისტმა მის მიერ გადაღებულ ვიდეოში „ ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულება შეჰფიცა. ოფიციალური ვერსიით, მას „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდამსხმელებთან ჰქონდა კავშირი.

იმავე წლის 14 თებერვალს ტერორისტი დანიაში მულტიპლიკატორს ტრიბუნაზე სიტყვის წარმოთქმის დროს დაესხა თავს და მიიმალა. მალე მან კოპენჰაგენში მდებარე სინაგოგას გაუხსნა ცეცხლი. ტერორისტმა ორი ადამიანი იმსხვერპლა და ხუთი პოლიციელი დაჭრა. თავდამსხმელის ლიკვიდაცია ერთ-ერთმა ოფიცერმა მოახდინა. თავდასხმამდე ტერორისტმა ალ-ბაღდადის FACEBOOK-ზე ერთგულება შეჰფიცა.

იმავე წლის 26 ივნისს ფრანგმა ტერორისტმა, იასინ სალჰიმ თავის აფეთქებამდე სამსახურში მის მიერ დატყვევებულ უფროსთან სელფი გადაიღო. ექსტრემისტი ქალაქ ლიონის ამერიკის კუთვნილ ქიმიურ ქარხანაში მუშაობდა.

„ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ტერაქტი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო მოწყობილი. კადრში ექსტრემისტთა დროშა მოჩანს.“ - განაცხადა პარიზის პროკურორმა, ფრანკის მოლინსმა.

2 სექტემბერს „ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ მან დაღესტანში, რუსულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოაწყო. კრემლმა ეს ინფორმაცია დაადასტურა, მაგრამ ამის დასამტკიცებლად საკმარისი ინფორმაცია არ გაგვაჩნია.

13 ნოემბერს, ქალაქ პარიზში საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო მატჩის დროს მასშტაბური ტერორისტული აქტი განხორციელდა. ექსტრემისტებმა ერთდროულად ექვს ადგილას მოაწყვეს ტერაქტი. 130 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 350 დაშავდა.

ყველაზე დიდი იერიში საკონცერტო დარბაზ ბატაკლანზე განხორციელდა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმაში ტყვიამფრქვევით და შაჰიდის ქამრით აღჭურვილი 8 ტერორისტი მონაწილეობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ პარიზზე იერიში ყველაზე მასშტაბური იყო.

5 დეკემბერს, ლონდონის მეტროში 29 წლის ექსტრემისტმა ადამიანს ყელი გამოჭრა და დაიყვირა: „ეს სირიისთვის, ჩემო მუსლიმო ძმებო“. ამის შემდეგ პოლიციამ სერიოზული გამოძიება დაიწყო, მაგრამ ტერორისტის დაჭერა ვერ მოხერხდა.

2016 წლის 7 იანვარს, პარიზის მეტროში პოლიციამ დანით შეიარაღებული ტერორისტის მოკვლა მოახერხა. „ჩვენი აზრით, ექსტრემისტი ტუნისელია. მას „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა და ერთგულების ფიცის ჩანაწერი ვუპოვეთ. ვფიქრობ, ჩვენ კარგად ორგანიზებულ, საფრანგეთში ჩამოყალიბებულ ტერორისტულ ქსელთან გვაქვს საქმე. ამ ორგანიზაციის წევრები ფსიქიკურად გაუწონასწორებლები არიან.“ - განაცხადა პარიზის პროკურორმა.

იმავე წლის 15 თებერვალს დაღესტანში, ქალაქ დერბენტში ტერაქტი მოხდა. აქტს რამდენიმე პოლიციელი ემსხვერპლა და 12 ადამიანი დაშავდა. ოფიციალური ვერსიით, შეტევა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.

19 მარტს, თურქეთის ქალაქ სტამბულში ტერორისტული აქტი განხორციელდა. თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 36 კი დაშავდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეფქან ალამ ქმედებაში „ისლამური სახელმწიფო“ დაადანაშაულა.

22 მარტს ბრიუსელში ტერორისტული აქტების სერია განხორციელდა. ორი აფეთქება აეროპორტში, ხოლო ერთი მალბეკის ქუჩაზე, მეტროში. თავდასხმების შედეგად 30 ადამიანზე მეტი დაიღუპა, ხოლო ორას კაცამდე დაშავდა. „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ მორიგ ტერაქტს გერმანიაში გეგმავს.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს
20 თებერვალი, 2016 დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ