ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
24 მარტი, 2016
0
print

გიგა გურასაშვილი

ამერიკელ მეცნიერთა აზრით, ენცელადის ყინულის საფარის ქვეშ დაფარული ოკეანეების მჟავიანობის პირველადი შეფასებით, სატურნის სიდიდით მეექვსე თანამგზავრზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ სიცხოცლის ამა თუ იმ ფორმით არსებობის მეტნაკლები ალბათობა არსებობს არა მარსზე ან ვენერაზე, არამედ სწორედ მზის სისტემის პლანეტა გიგანტების ისეთ თანამგზავრებზე, როგორებიცაა სატურნის ტიტანი და ენცელადი და იუპიტერის ევროპა.

ენცელადი გეოლოგიურად აქტიური სხეულია და სავარაუდოდ მისი ყინულის საფარის ქვეშ ოკეანე თხევადი სახითაა წარმოდგენილი, რაც მეცნიერებს ბიოლოგიური სიცოცხლის შესაძლო არსებობისკენ უბიძგებს.

სატურნის თანამგზავრის ყინულის საფარქვეშ წყლის თხევადი სახით არსებობის დასტურად, მეცნიერები ენცელადზე ზონდ ”კასინის” (Cassini – ნასას, ევროპისა (esa) და იტალიის კოსმოსური სააგენტოების (asi) მიერ შექმნილი კოსმოსური აპარატი, რომლის უშუალო მოვალეობაც სატურნის, მისი როგოლებისა და თანამგზავრების შესწავლაა. გ.გ.) მრავალწლიან დაკვირვებებს იშველიებენ. გარდა ამისა, „კასინის“ დახმარებით ასევე დადგენილია ენცელადზე ნახშირბადისა და ამიაკის არსებობაც, რომლის ქიმიურ შემადგენლობაშიც შედის აზოტი. ყოველივე კი, როგორც ამას მეცნიერები მიიჩნევენ, შესაფერის გარემოს უნდა ქმნიდეს სიცოცხლის წარმოსაქმნელად.

ახლა ენცელადზე ოკეანის მჟავიანობაა გასარკვევი. სწორედ მასზეა დამოკიდებული თანამგზავრზე სიცოცხლის ფორმების, ამ შემთხვევაში კი ნაირგვარი პრიმიტიული მიკროორგანიზმების არსებობის შესაძლებლობა. ასე რომ, ვიდრე კვლევისთვის საჭირო ნიმუშების მიღების საშუალება არ არსებობს, მეცნიერებს ისღა რჩებათ, რომ თანამგზავრის გეიზერებისგან გასროლილ წყლის ჭავლის ანალიზს დაკმაყოფილდნენ (ენცელადის გეიზერიდან გაფრქვეული წყლის ნაწილი თანამგზავრზე თოვლის სახით ბრუნდება, დანარჩენი ნაწილი კი სატურნის რგოლებში ხვდება).

სატურნის მთვარე ერთგვარი ყინულოვანი ბურთია. აქედან გამომდინარე ენცელადის ზედაპირი მასზე დაცემულ მზის სხივებს თითქმის სრულიად ირეკლავს. დღისით მისი ზედაპირის ტემპერატურა მინუს 198 გრადუსამდე აღწევს.

სატურნის გეოლოგიურად აქტიური და სიდიდით მეექვსე თანამგზავრი 1789 წელს გერმანული წარმოშობის ბრიტანელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა. 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“
18 მარტი, 2016 მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ადამიანებს შესაძლოა, არამიწიერი წარმოშობის გენები გვქონდეს