ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
25 მარტი, 2016
0
print

გიგა გურასაშვილი

მსოფლიოს უმსხვილეს და უმძლავრეს ფიზიკურ ლაბორატორია ცერნში (შვეიცარია), რომელმაც დიდი ადრონული კოლაიდერის წყალობით საერთაშორისო აღიარება ჰპოვა, დღეს მავანთა ძალისხმეით რეპუტაცია ელახება. თურმე ნუ იტყვით და, ადგილობრივ ლგბტ საზოგადოებასა და მეცნიერ–ჰომოფობთა შორის სკანდალი გაღვივებულა.

კერძოდ, ვიდეოკამერას აღუბეჭდავს კადრი, როდესაც ერთ–ერთი ფიზიკოსი, რომელიც „ცერნის ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერთა (LGBT) კლუბის“ ღონისძიების მაუწყებელ განცხადებას ანადგურებს.

სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები მრავალი წელია გრძელდება. ასევე ხშირია ფაქტები, როდესაც მათ განცხადებებზე სიტყვა Schwein–ს (გერმანულიდან „ღორს“ ნიშნავს) და ძველი აღთქმიდან ციტატებს  აწერენ. კაცებს შორის სექსუალურ კავშირს კი ისეთ „საზიზღრობას“ უწოდებენ, რისთვისაც სიკვდილით დასაჯა შესაფერისი განაჩენი უნდა იყოს.

„ჩვენი პლაკატების მუდმივი განადგურება – სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მიუღებელი კამპანიაა. ზუსტ აღრიცხვას არ ვატარებთ, მაგრამ განცხადებათა დაახლოებით მესამედს ხევენ ან აფუჭებენ,“ – აცხადებს „ლგბტ–ცერნის“ ჯგუფის დამაარსებელი ბრიტანელი ფიზიკოსი ეიდან რენდლ–კონდი და იქვე დასძენს, რომ მსგავს მავნებლობას სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი უნდა სჩადიოდეს.

2015 წელს ცერნ–ის დირექტორმა როლფ–დიტერ ჰოიერმა ლაბორატორიის მთელი პერსონალი ოფიციალურად გააფრთხილა და პლაკატების ხელმეორედ დაზიანების შემთხვევაში მკაცრი განაჩენიც აღუთქვა. მაგრამ რა, წლეულს თებერვალში საქმე მეორე გაფრთხილებამდე მივიდა.

ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია (Cern) 1954 წელს შეიქმნა. საფრანგეთი–შვეიცარიის საზღვარზე არსებული 26,7 კილომეტრის გარშემოწერილობის გვირაბში, სადაც დიდი ადრონული კოლაიდერის დახმარებით იკვლევენ სამყაროს ძირითად სტრუქტურას და რა შეადგენს მატერიას, მსოფლიოს მეცნიერებთან ერთად 50-მდე ქართველი ფიზიკოსი და ინჟინერი მუშაობს. 

ჟენევის ჩრდილოეთით ცერნში რამდენიმე დამაჩქარებელია განთავსებული, აქედან ყველაზე მეტად ცნობილია დიდი ადრონული კოლაიდერი (დაკ). დაკში დაკვირვებათა შედეგად 2012 წლის ივლისში აღმოაჩინეს ახალი ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც თავისი თვისებებით ჰიგსის ბოზონს ჰგავს. 2013 წელს კი ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად დაკი გააჩერეს. ექსპერიმენტი 2015 წელს განახლდა.

დიდი ადრონული კოლაიდერი: „დიდი“ თავისი ზომების გამო ეწოდა (დამაჩქარებლის ძირითადი რკალის სიგრძე 26 659 მეტრია); „ადრონული“ იმის გამო, რომ ადრონებს აჩქარებს ანუ მძიმე ნაწილაკებს, რომლებიც შედგებიან კვარკებისგან; „კოლაიდერი“ კი იმიტომ, რომ ეს ნაწილაკები საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ და სპეციალურ წერტილებში ერთმანეთს ეჯახებიან.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“
18 მარტი, 2016 მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ადამიანებს შესაძლოა, არამიწიერი წარმოშობის გენები გვქონდეს