სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
29 მარტი, 2016
0
print

გიგა გურასაშვილი

ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი სტივენ ჰოუკინგი მარსის კოლონიზაციის თემას არაერთხელ შეხებია. ახლაც წითელი პლანეტის ირგვლივ საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს და ადამიანების მიერ მის ათვისებასთან დაკავშირებით მისეულ ჰიპოთეზას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც კაცობრიობა მეზობელ პლანეტაზე გადასახლებას უახლოეს ასწლეულში აქტიურად შეუდგება.

თანამედროვეობის ერთ–ერთი გავლენიანი და ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ მარსის ათვისება უფრო დიდ ინტერესს იწვევს, ვიდრე მთვარის კოლონიზაცია, რომელიც მნიშვნელოვნად ახლოა ჩვენს პლანეტასთან.

„წითელ პლანეტას აქვს ნიადაგი და ატმოსფერო. ამასთან, მეტად ჰგავს დედამიწას. ამიტომაც ნასას და მსოფლიოს სხვა კოსმოსური სააგენტოების ყურადღება მეზობელი პლანეტისკენაა მიმართული, სადაც ავტონომიური კოლონიების შესაქმნელად ყველა ღონეს ხმარობენ“, – საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს ჰოუკინგი.

მეცნიერს ეჭვი არ ეპარება, რომ უახლოეს 100 წელიწადში ადამიანები მარსის კოლონიზაციას შეძლებენ. საამისოდ კი აუცილებელია კოსმოსურ რადიაციასთან, ადამიანის ორგანიზმში უარყოფით ცვლილებებთან გამკლავება და საერთოდ, საარსებოდ ახალი მეთოდების შემუშავება, რაც გამოწვეული იქნება დედამიწის მიღმა სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსების არ ქონით. გეგმის განსახორციელებლად კი, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ინვესტიციებზე, ცოდნაზე.

კემბრიჯის პროფესორის აზრით, იმისთვის, რომ პლანეტარული მასშტაბის კატასტროფამ კაცობრიობის აღსასრული არ გამოიწვიოს, მომავლისთვის უნდა ავითვისოთ სხვა პლანეტები და ვარსკვლავური სისტემები.

საფრთხეებში, რომლებმაც შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლე გაანადგუროს, მეცნიერი პირველ რიგში ასახელებს გლობალურ დათბობას, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ვირუსებს და ბირთვულ ომს. ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლო საფრთხეები ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გაიზრდება.

და მაინც, ბრიტანელი ფიზიკ–თეორეტიკოსის აზრით, ჰომო საპიენსის ძალისხმევით სამყაროს აღსასრულის დადგომის ალბათობა ბევრად აჭარბებს დედამიწასთან ციური სხეულის შეჯახებით გამოწვეული აპოკალიფის შესაძლებლობას.

„დედამიწას მსხვილი ასტეროიდი ბოლოს 70 მილიონი წლის წინათ შეეჯახა. არსებობს გაცილებით დიდი საფრთხეები“, – დასძენს ჰოუკინგი.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“
18 მარტი, 2016 მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ადამიანებს შესაძლოა, არამიწიერი წარმოშობის გენები გვქონდეს