NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
11 აპრილი, 2016
0
print

თიკა გურული

”ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა” (NDI) მორიგი კვლევის შედეგები ერთგვარი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

კვლევა 23 თებერვლიდან 14 მარტამდე ტარდებოდა და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის შედეგები კი იძლევა იმედის საფუძველს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს განვითარების დასავლურ კურსს ემხრობა.

კერძოდ, NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ნატო უზრუნველყოფს.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას? - პასუხები ასე გადანაწილდა: ნატო - 23%; ევროკავშირი - 13%; რუსეთი - 13%; აშშ - 10%; ევრაზიული კავშირი - 1%; აზერბაიჯანი - 1%; სომხეთი - 1%; კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ - გასცა 32%-მა. შესაბამისად, რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, ალიანსის წევრობას მხარს რესპონდენტთა 69 % უჭერს, 19 % კი წინააღმდეგია.

 ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ გამოკითხულთა 47 პროცენტს ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთი მიაჩნია, მაგრამ თითქმის თანაბარი რაოდენობისთვის საფრთხე მომდინარეობს „ისლამური სახელმწიფოდან“ (8%) ან აშშ-დან( 7%). ამ თვალსაზრისით პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: თურქეთი - 5%; ნატო - 2%; სომხეთი - 1%, ევროკავშირი - 1%; ევრაზიული კავშირი - 1%; სხვა - 2%; არ ვიცი - 27% და უარი პასუხზე 1%-მა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, რამდენად მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული კურსი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რესპონდენტთა 77 %-მა დადებითი პასუხი გასცა(აგვისტოში ჩატარებული კვლევისას, ევროპული ინტეგრაცია მისაღები გამოკითხულთა 60 %-სთვის იყო), შეკითხვაზე უარყოფითი განწყობა გამოკითხულთა მხოლოდ 14 %-მა დააფიქსირა.

მიუხედავად ევროინტეგრაციის მომხრეთა სიმრავლისა, საქართველოს

ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასაც ჰყავს მხარდამჭერები - გამოკითხულთა 20 %.

ნაკლებად ოპტიმისტურია გამოკითხულთა აზრი შიდა გამოწვევებთან მიმართებაში.

NDI-ს კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი გამოკითხულთა უმეტესობისთვის სამუშაო ადგილებია. გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია. 35% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი არის ფასების ზრდა/ინფლაცია, 30% - სიღარიბეს, 26% - პენსიებს ასახელებს, ხოლო ხუთეულის ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტერიტორიული მთლიანობა სახელდება.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება.

 შეკითხვაზე, როგორია საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა, რესპონდენტთა 1 %-მა აღნიშნა, რომ ”ძალიან კარგი”, 2 %-ის შეფასებით ”კარგი”, 29 %-ის აზრით ”საშუალო”, 40 % მიიჩნევს, რომ ”ცუდი”, 26 % ფიქრობს, რომ ”ძალიან ცუდი”, 2 %-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

 ამასთან, გამოკითხულთა 53 % -ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი გლობალური ეკონომიკური პრობლემებია. რესპონდენტთა 61 %-ის აზრით, ეს ახლანდელი მთავრობის შეცდომებს უკავშირდება, 59 %-ის ვარაუდით კი, შექმნილი ვითარება წინა მთავრობის შეცდომებითაა გამოწვეული.

შეკითხვაზე: 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ როგორ მდგომარეობაში ხართ თქვენ და თქვენი ოჯახი, რესპონდენტთა 10 %-მა აღნიშნა, რომ ”უკეთესად”, 47 %-ის თქმით, ”იგივე მდგომარეობაში”, ხოლო 42 %-ის განცხადებით - ”უარესად”.

 

tika guruli
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!
03 თებერვალი, 2016 საქართველოში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს!