ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
16 აპრილი, 2016
0
print

გიგა გურასაშვილი

მეზობელი პლანეტებისკენ თუ უახლოეს გალაქტიკებისკენ გამგზავრება დღეს არსებულ ტექნოლოგიათა შესაძლებლობების გათვალისწინებით წარმოუდგენლად მოჩანს. ამიტომაც მას, როგორც ფანტასტიკად ისე აღვიქვამთ, მაგრამ იდეის დონეზე ყველაფერია შესაძლებელი. ერთ–ერთი ასეთი იდეა, რომელიც დღეს ფანტასტიკას ჰგავს, ამერიკაში მოღვაწე მილიარდერის იური მილნერისა და ბრიტანელი ფიზიკ–თეორეტიკოსის სტივენ ჰოუკინგის ძალისხმევით შესაძლოა, ფრთები შეისხას. კერძოდ სავსებით შესაძლებელია მომავალში ჩვენი მზის სისტემის უახლოეს ვარსკვლავურ სისტემა – ალფა კენტავრისკენ 20–გრამიანი კომსოსური ნანოპარატი მივავლინოთ.

მაშ ასე, გრანდიოზული გეგმის თანახმად, იური მილნერს განუზრახავს წამოიწყოს კვლევითი პროექტი Breakthrough Starshot, რომლის მიზანიც გიგანტური ლაზერით კოსმოსური ნანოაპარატის სინათლის მეხუთედი სიჩქარით გაშვებაა. საუბარია წამში 60 მილიონ მეტრზე ანაც საათში 216 მილიონ კილომეტრზე. შესაბამისი სიჩქარის განვითარებით ნანოაპარატს დაახლოებით 20 წელიწადი დასჭირდება უახლოეს ვარსკვლავურ სისტემამდე მისაღწევად, დღევანდელი ტექნოლოგიებით კი დაახლოებით 30 ათასი წელი (ალფა კენტავრის სისტემა ჩვენი მანათობლისგან 4,37 სინათლის წელიწადითაა დაშორებული - დაახლოებით 40 ტრილიონი კილომეტრი).

ერთხელაც აღვნიშნოთ, რომ ამგვარი კოსმოსური ხომალდის ზომა საკრედიტო ბარათზე პატარა იქნება. მიუხედავად მინიატურული ზომისა და წონისა, ის აღჭურვილი იქნება კამერით, სანავიგაციო მოწყობილობითა და ფოტონური მიკროძრავით. რაც მთავარია, კოსმოსური აპარატის მართვა შესაძლებელი იქნება ერთგვარი სინათლის აფრებით, რომელიც სიმაღლეში რამდენიმე მეტრის, სისქით კი რამდენიმე ასეული ატომის იქნება, ხოლო სინათლის წყარო, რომლის წყალობითაც იფრენს აპარატი (დედამიწიდან გაშვებული ასეთი სხივი შესაბამისი აფრებისთვის „ქარის“ როლს შეასრულებს.), ხმელეთზე განთავსებული სხვადასხვა სისტემებით იქნება უზრუნველყოფილი.

კოსმოსური ტელესკოპ „ჰაბლის“ დაკვირვებათა მონაცემების მიხედვით, 2013 და 2014 წლებში მეცნიერებმა ვარსკვლავ ალფა ცენტავრ B-სთან დაახლოებით დედამიწის ზომის პლანეტის არსებობა ივარაუდეს. ეგაა, დედამიწიდან ამ სისტემაზე დაკვირვების სირთულეები (ჩრდილოეთ ნახევასფეროდან პრაქტიკულად არ ჩანს) ასტრონომებს დასკვნებში მუდმივად შესწორებების შეტანისკენ უბიძგებს.

მონაცემების თანახმად, ეს პლანეტა შესაძლოა, ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ზონის ცენტრში მდებარეობდეს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჰოუკინგმა და მილნერმა საკუთარი არჩევანი სისტემასთან სიახლოვის გამო გააკეთეს. მაგრამ არიან ასტრონომები, რომლებიც მას გამოკვლევებისთვის ღირსეულ სამიზნედ მიიჩნევენ. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ორივე A და B ვარსკვლავი ჩვენი მანათობლის სპექტრს მეტად წააგავს, თუმცაღა ასაკით უფროსები არიან - დაახლოებით 6 მილიარდი წლის (მზე დაახლოებით 4,6 მილიარდი წლისაა). 

მეტიც, ვარსკვლავი B წითელი ჯუჯების კლასს განეკუთვნება. შესაბამისი კლასის ვარსკვლავები, როგორც ამას ბოლო წლების დაკვირვებები აჩვენებს, მეტად მდგრადები არიან, ხშირად ფლობენ მასიურ პლანეტარულ სისტემებს და მილიარდობით წელი შეუძლიათ არსებობა, რაც თავის მხრივ ვარსკვლავის სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში დედამიწის ტიპის პლანეტის არსებობის შანსებს ზრდის.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში შემავალ მალარდის კოსმოსურ კვლევათა ლაბორატორიის პროფესორი ენდრიუ კოუტსი მიიჩნევს, რომ ჰოუკინგისა და მილნერის მიერ შემოთავაზებული პროექტი რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი:

„არაერთი სერიოზული პრობლემის გადაჭრა მოგვიწევს: კონსტრუქცია, რომელიც წინ აღუდგება კოსმოსური რადიაციისა და ვარსკვლავთშორისი მტვერის ზემოქმედებას; გიგანტურ მანძილებზე ინფორმაციის გადაცემა, აპარატის ამაჩქარებელი ლაზერული სხივების ურთიერთქმედება დედამიწის ატმოსფეროსთან, ასეთი ზონდისთვის ავტონომიური ენერგეტიკული სისტემის შექმნა...

და მაინც, ასეთი კონცეფცია ყურადღების ღირსია, რადგან უნდა ვნახოთ, ჩვენი არსებობის განმავლობაში მართლა შევძლებთ თუ არა სხვა ვარსკვლავურ სისტემამდე მიღწევას“.

ცნობილი ამერიკელი ასტრონომი ფრიმან დაისონი New York Times-თან ინტერვიუში გვაფრთხილებს, რომ ტექნიკური პრობლემები, რომელსაც შეეჯახებიან ვარსკვლავთშორისი მიკროზონდების შემქმნელები, შეიძლება მეტად რთული აღმოჩნდეს თანამდეროვე ცივილიზაციისთვის.

ყველაზე რთული ამოცანა სარკისებრი აფრების შექმნა იქნება, რომელმაც 100 გიგავატზე მეტი სიმძლავრის ლაზერულ იმპულსს უნდა გაუძლოს (ტიპური ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრე 20 მეგავატია). გარდა ამისა, დაისონს არ სჯერა, რომ ასეთი აპარატი აბსოლუტურ ვაკუუმში იფრენს. მიიჩნევს, რომ ვარსკვლავთშორისი სივრცე მტვრით, ყინულით და მყარი მიკრონაწილაკებითაა სავსე.

...ალფა კენტავრი სამი ვარსკვლავისგან შედგება: ალფა კენტავრი A, ალფა კენტავრი B, რომლებიც თავის მხრივ ორმაგ ვარსკვლავურ სისტემას წარმოადგენენ (ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც ალფა კენტავრი AB) და წითელი ჯუჯა ვარსკვლავი - ალფა კენტავრი C, უფრო ცნობილი, როგორც პროქსიმა კენტავრი, რომელიც თავის მხრივ  ჩვენს მზესთან უახლოესი ვარსკვლავია (მზიდან 4,25 სინათლის წელი).

და ბოლოს, პირველი ადამიანი, ვისაც მსგავსი იდეა მოუვიდა თავში, გერმანელი ასტრონომი იოჰან კეპლერი იყო, რომელმაც 1608 წელს გალილეო გალილეის მიწერა წერილი, სადაც ის წინასწარმეტყველებდა, რომ ოდესმე კოსმოსური აფრები ისევე დაიჭერდა მზის სხივს, როგორც იჭერენ ქარს.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“
18 მარტი, 2016 მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ადამიანებს შესაძლოა, არამიწიერი წარმოშობის გენები გვქონდეს