BREXIT
27 ივნისი, 2016
0
print

გიორგი ფაჩუაშვილი

23 ივნისს, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელსაც BREXIT ჰქვია. 52 - მა პროცენტმა  ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი. პრემიერ მინისტრმა, დეივიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ რეზიდენციასთან განცხადება გააკეთა. ის ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო. მან თქვა, რომ ბრიტანეთს ვეღარ უხელმძღვანელებდა, რადგან ხალხმა განსხვავებული გზა აირჩია. იგი შემოდგომაზე დატოვებს თანამდებობას. რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციონერი პარლამენტარი, ნაიჯელ ფერეჯი ლონდონის ცენტრში სიტყვით გამოვიდა. მან 23 ივნისი „ბრიტანეთის დამოუკიდებლობის დღედ“ გამოაცხადა.

რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე, პირდაპირ ეთერში დებატები გაიმართა დეივიდ ქემერონსა და ნაიჯელ ფერეჯს შორის. ფერეჯმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა ევროკავშირის წევრობის გამო არ ვითარდებოდა. მისი აზრით, გაერთიანებულ სამეფოს დამოუკიდებელი ეკონომიკა არ გააჩნია. ქემერონი ოპონენტს არ დაეთანხმა: „ეკონომისტებმა შემატყობინეს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში ბრიტანეთის ეკონომიკა საგრძნობლად დაზიანდებოდა და საჭიროდ ჩავთვალე ხალხისთვის ეს ინფორმაცია მიმეწოდებინა. ჩვენ ბევრი რეფორმა გავატარეთ ამ ორგანიზაციის დახმარებით, თავისუფლად ვვაჭრობთ და ათიათასობით ბრიტანელი ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობს. რატომ გგონიათ, რომ თავისუფლება გვაქვს დაკარგული? ბრიტანეთს თავისუფალი საზღვრების შეთანხმებაზე ხელი არ აქვს მოწერილი. ევროს მაგივრად გირვანქა სტერლინგს მოვიხმართ. ჩემი აზრით, ევროკავშირი ჩვენთვის უკეთესია“ - განაცხადა პრემიერმა.

დებატები სოციალურ ქსელშიც მიმდინარეობს. სტატისტიკის თანახმად, 30 წლამდე მოქალაქეებმა, ევროკავშირში დარჩენას დაუჭირეს მხარი. რაც არ შეგვიძლია ვთქვათ 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაზე. ახალი თაობა ძველს მათი მომავლის გაფუჭებაში სდებს ბრალს.

სტატისტიკის მიხედვით, შოტლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის უმრავლესობა ევროკავშირში დარჩენის მომხრეა. ექსპერტების აზრით, ახლო მომავალში ჩრდილოეთ ირლანდია ირლანდიას შეუერთდება, ხოლო შოტლანდია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ოფიციალურმა ედინბურგმა რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყო. შოტლანდიის მთავრობა დამოუკიდებლობას აქტიურად უჭერს მხარს. შოტლანდიელი ხალხი ევროკავშირიდან გასვლის გამო ინგლისელებზე განაწყენებულია, რაც დამოუკიდებლობის მსურველების რიცხვს ზრდის. ამერიკელი პოლიტიკოსი, დონალდ ტრამპი ამ დღეებში შოტლანდიას სტუმრობს. მან საკუთარი Twitter - ის გვერდზე შოტლანდიელებს ევროკავშირისგან „დამოუკიდებლობის მოპოვება“ მიულოცა, რამაც იქაური მოსახლეობა გაანაწყენა.

ტელეკომპანია CNN-მა ევროპის ჩემპიონატის ცენტრ, პარიზში ბრიტანელ გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. მთავარი მიზანი, მათი ევროკავშირისადმი დამოკიდებულების გაგება იყო. ინგლისელების დიდმა ნაწილმა ორგანიზაციისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი, რაც გამოკითხვაში გამოჩნდა. ერთმა ინგლისელმა სტუდენტმა განაცხადა: „ჩემი აზრით, ევროკავშირისგან გამოყოფა არასწორი გადაწყვეტილება იყო. მე დარჩენას ვემხრობი. არჩევანის გაკეთების წინ, ხალხმა არ იცოდა, თუ რას მოიტანდა ორგანიზაციის დატოვება. ჩემი თვალსაზრისით ეს შედეგი ცნობიერების დაბალმა დონემ მოგვცა.“

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი იმედგაცრუებულია ბრიტანელების გადაწყვეტილებით. საკუთარი აზრი, ასევე ამერიკის პრეზიდენტმაც გამოხატა. ბარაკ ობამამ ბრიტანელ ხალხს ევროკავშირში დარჩენა ურჩია. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება ნატოს სტაბილურობას არ შეარყევს, მაგრამ ბრიტანეთის ეკონომიკის დასუსტებით, სამხედრო ორგანიზაციის ფინანსებიც შემცირდება. ბრიტანელი ეკონომისტების აზრით, ქვეყნის ეკონომიკა სერიოზულ ინფლაციას განიცდის და 2024 წლისთვის 24 პროცენტიან კლებას მიიღებს.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ევროკავშირის დატოვება ბრიტანეთს მოგებას მოუტანს. ქვეყანა ყოველდღიურად 55 მილიონ ევროს დებდა ევროკავშირის ბიუჯეტში. ამ ექსპერტთა ვარაუდით ბრიტანეთი თავისუფლად ვაჭრობასაც შეძლებს და ევროპის წნეხს არ განიცდის.

ევროკავშირის მომხრეები არ ნებდებიან. მათ 3 234 000 ხელმოწერა შეაგროვეს ახალი რეფერენდუმის ჩასატარებლად. მათი აზრით, ბრიტანელმა ხალხმა ცუდ გარემოში მიიღო გადაწყვეტილება. ლონდონში აქციები მოეწყო. ეს ინგლისში ერთადერთი ქალაქია, სადაც ევროკავშირის მომხრეები ჭარბობენ. მათი თქმით, თუ შედეგი 60 პროცენტზე დაბალია, მეორე რეფერენდუმის ჩატარება კანონით დაშვებული და მიზანშეწონილი უნდა იყოს. პრემიერის განცხადებით, განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების ალბათობა ძალიან დაბალია.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს
29 მაისი, 2015 მთავრობის რჩევების მიმართ ურჩი პრეზიდენტი