ბასტილიის დღის ტრაგედია
15 ივლისი, 2016
0
print

გიორგი ფაჩუაშვილი

14 ივლისს, საფრანგეთის, ქალაქ ნიცაში, ბასტილიის დღეს ტერაქტი მოხდა. ამ დროისთვის დაღუპულია 84 და დაშავებულია 100 ადამიანი. მათგან 25 კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ტერორისტი ქალაქში ღამით, საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დროს გამოჩნდა. ის სატვირთო მანქანით მოძრაობდა და გამვლელებს რევოლვერიდან ესროდა. მოგვიანებით მანქანა მათი მიმართულებით წარმართა და მოზეიმე ხალხი საბურავებქვეშ მოიყოლა. სამართალდამცავებმა ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხეს. სატვირთო მანქანაში რევოლვერი, ყალბი თოფები და ყუმბარები, დამნაშავის პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს. ტერორისტი 31 წლის ტუნისელი, მოჰამედ ბაუელი აღმოჩნდა. ის საფრანგეთის მოქალაქე და ნიცის მკვიდრი იყო. ტერორისტი ადრეც გაასამართლეს, მაგრამ ციხეში არასდროს მჯდარა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.

14 ივლისი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია. 1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის ციხის აღებით, საფრანგეთის რევოლუციას ჩაეყარა საფუძველი. ეს დღე თავისუფლების და თანასწორობის სიმბოლოა, რაც ამ ტერაქტს უფრო დრამატულს ხდის. FBA-ს ყოფილმა თანამშრომელმა ტიმ კლემენტემ CNN-ის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი აზრით, ტერაქტი დიდი ხნის დაგეგმილი იყო.

„ჩემი აზრით, ტერაქტს თვეები გეგმავდნენ. ეს თარიღი სპეციალურად ჰქონდათ არჩეული, რადგან დემოკრატიულ ღირებულებებს დასხმოდნენ თავს. უსაფრთხოება აუცილებლად უნდა გაიზარდოს. მართალია ეს დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რადგან ხელისუფლების უფლებამოსილება იზრდება, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია“, - განაცხადა მან.

CNN-ი ფრანგ პარლამენტარს, ქრისტოფ პრემატს დაუკავშირდა. პრემატი ტერაქტის დროს ნიცაში, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

„ღამით ოჯახთან ერთად რესტორანში ვსადილობდი. ფოიერვერკების გაშვების შემდეგ რევოლვერის ხმა გავიგე. ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი, რომ ტერორისტული აქტი ხდებოდა. ხალხი მორბოდა. სამართალდამცავებმა რესტორნიდან გაგვიყვანეს. მოგვიანებით შევიტყვეთ ყველაფერი. პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გაახანგრძლივა, რასაც მხარს ვუჭერ.“ - თქვა პარლამენტარმა.

ამ ტრაგედიას უამრავი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი გამოეხმაურნენ და საფრანგეთს მიუსამძიმრეს. ბარაკ ობამამ დაგმო ტერაქტი და ფრანსუა ოლანდს დახმარება შესთავაზა. ამერიკელმა პოლიტიკოსმა დონალდ ტრამპმა ეს მოვლენა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მას შეერთებული შტატების იზოლირება და ემიგრანტების გაყრა სურს. ტრამპის თქმით, მსოფლიომ ისლამურ სახელმწიფოს „ომი“ უნდა გამოუცხადოს და კოალიციამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია. მისმა მოწინააღმდეგე ჰილარი კლინტონმა, კი დაზვერვაზე დაამყარა იმედი. მისი აზრით, სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, უშიშროების გაძლიერება სჯობს.

გადარჩენილები საშინლად აღწერენ 14 ივლისის ღამეს.

„სატვირთო მანქანა დავინახე, რომელიც ხალხს უვლიდა. გვამები აქეთ-იქით იყრებოდა. ხალხი ოჯახის წევრებს დასტიროდა. ეს ყველაფერი ჯერ გაანალიზებული არ მქონდა.“ - განაცხადა ტონი მოლინამ.

მსხვერპლთა შორის ორი ამერიკელი, ერთი ტუნისელი, სამი გერმანელი და რუსი სტუდენტი, ვიქტორია სავჩენკო იყო. ეს ინფორმაცია ამ ქვეყნების საელჩოებმა დაადასტურეს. ტერაქტს 10 ბავშვი ემსხვერპლა, 28 დაშავდა. დაშავებულები ტაქსის მძღოლებმა გაიყვანეს.

ტერორისტი მეზობლებმა დაახასიათეს. მათი თქმით, მოჰამედი მშვიდი ადამიანი იყო, რომელიც არავისთან არ კონტაქტობდა. მას ცოლ-შვილი ჰყავდა, მაგრამ ცალკე ცხოვრობდა.  

პრეზიდენტმა ოლანდმა ქვეყნის უშიშროების საბჭო მოიწვია. მან საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გახანგრძლივება, პრეზიდენტის და სამართალდამცველების უფლებამოსილების გაზრდა გადაწყვიტა. საგანგებო მდგომარეობა სულ რაღაც ერთ კვირაში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ტერაქტმა ეს შეუძლებელი გახადა.

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!
03 თებერვალი, 2016 საქართველოში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს!