ღამის პუტჩი
16 ივლისი, 2016
0
print

გიორგი ფაჩუაშვილი

თურქეთში კოშმარი ღამით დაიწყო. ქალაქში სამხედროები გამოჩნდნენ. ბოსფორის სრუტე გადაკეტეს. ტანკებმა ანკარას სამთავრობო რეზიდენციას ალყა შემოარტყეს. პრეზიდენტი ერდოღანი შვებულებაში იმყოფებოდა. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ეს ყველაფერი მისი ბრძანებით ხდებოდა. ბოლოს მოსახლეობა სიტუაციაში გაერკვა. თურქეთის მეოთხე სამხედრო გადატრიალების ზღვარზე იყო.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი 2003 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა. 2014 წელს ის თურქეთის მე-12 პრეზიდენტად აირჩიეს. ერდოღანი პირველი ლეგიტიმურად არჩეული მმართველია ამ პოსტზე. მან ცენტრალიზებული ხელისუფლება შექმნა (მანამდე ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს შორის იყო გადანაწილებული).

ტერორიზმის გააქტიურების გამო ქვეყანა თანდათან არასტაბლური ხდებოდა. ტერორისტებმა თურქეთს დიდი დარტყმა მიაყენეს. 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერდოღანის პარტიამ მხოლოდ 50% აიღო, რამაც თურქეთი შუაზე გაყო. ბევრს მიაჩნდა, რომ პრეზიდენტის ხელისუფლება მეტისმეტად ავტორიტარული იყო.

არმიის ერთმა ნაწილმა გადატრიალების მოწყობა გადაწყვიტა, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინა, რომ ეს ავანტიურა პრეზიდენტის ხელში ჩაგდებას გულისხმობდა. გენერლებმა დროებით მთავრობად მათ მიერვე შექმნილი „მშვიდობის საბჭო“ აირჩიეს. დღეისთვის ისინი ახალი კონსტიტუციის მიღებას აპირებდნენ. მათ ძველ ხერხს მიმართეს და მხოლოდ სამთავრობო ტელევიზია დაიკავეს. სხვა არხებმა კი მაუწყებლობა განაგრძეს. ერდოღანმა პირდაპირ ეთერში გამოსვლაც შეძლო და ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდა, რამაც საბოლოოდ წერტილი დაუსვა ამ გადატრიალებას.

პრეზიდენტმა სტამბულის რეზიდენციაში შესვლა მოახერხა, საიდანაც სიტუაციის მართვა შეძლო. ორივე მხარე აცხადებდა, რომ ხელისუფლება მათ ხელში იყო. დაიწყო შეტაკებები. პოლიციამ მხარი ერდოღანს დაუჭირა და ხალხთან ერთად ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. მოსახლეობა გაერთიანდა. ამბოხებულებმა პარლამენტი დაბომბეს. მათ მთელი ქვეყნის საჰაერო სივრცე ჩაიგდეს ხელში და ფრენები გააუქმეს. ვერტმფრენმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ერდოღანის მომხრეებმა ამბოხებულების ტანკებს შეუტიეს და ისინი უკუაქციეს. პრეზიდენტმა დარჩენილი სამხედროებისგან ლოიალისტთა ძალები ჩამოაყალიბა, რომელთა მეშვეობით მოღალატეების დაკავება მოხერხდა (ოფიცერთა დიდი ნაწილი შვებულებაში იმყოფებოდა და არაფერი იცოდა გადატრიალების შესახებ). მთავრობამ გაიმარჯვა. ბრძოლებს 90-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაახლოებით 1000 დაშავდა. დილით ბოსფორის სრუტე გაიხსნა, მეამბოხეები ხელისუფლებას ჩაბარდნენ. 1563 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს, მათ შორის 5 გენერალი და 29 კოლონელი. ამ დროისთვის მათი დაკითხვა მიმდინარეობს. პრეზიდენტი სამხედრო რეფორმის გატარებას გეგმავს. თურქეთის ისტორიაში ეს მე-4 გადატრიალება იყო და ერთადერთი, რომელიც წარუმატებლად დასრულდა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა ანკარაში ხალხს სიტყვით მიმართა. პრემიერის თქმით, დაიღუპა 161 და დაშავდა 1440 ადამიანი.

„ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო. ბანდიტები ციხეში სხედან და სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. მადლობას ვუხდი თურქეთის მოქალაქეებს. ყველამ უნდა გაანალიზოს, რომ ვერავინ წავა ხალხის წინააღმდეგ.“ - განაცხადა ილდირიმმა.

ერდოღანის განცხადებით, გადატრიალება ფეტულა გიულენის მოწყობილია. გიულენი „ისლამური საძმოს“ ლიდერია. ამჯერად ის ემიგრაციაში, ამერიკაში იმყოფება. „ისლამური საძმო“ ადრე პრეზიდენტთან თანამშრომლობდა, მაგრამ მისი ექსტრემისტული მისწრაფებების გამო ერდოღანმა ორგანიზაცია აკრძალა, ლიდერი კი ქვეყნიდან გააძევა.

სამხედროების გამარჯვების შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს თურქეთის საავიაციო ბაზების დატოვება მოუწევდა. შტატების კანონმდებლობის მიხედვით, თუ მოკავშირე ქვეყანაში გადატრიალება მოხდება ყველანაირი შეთანხმება გაუქმდება. ეს დასავლეთს დიდ დარტყმას მიაყენებდა. თურქული ავია ბაზები „ისლამური სახელმწიფოს“ დასაბომბად გამოიყენება. ქვეყანაში ათასობით ამერიკელი სამხედრო დგას. მათი წასვლა კი ხელს შეუწყობდა ტერორისტების გაძლიერებას. არასტაბილური თურქეთი ტერორისტებისთვის საუკეთესო ოაზისი გახდებოდა. ექსტრემისტები სწორედ ამ ქვეყნის გავლით უკავშირდებიან შავ ბაზარს, მაგრამ თურქი სამართალდამცავები მათ ხელს უშლიან. არასტაბილურ თურქეთში კი მეტი რესურსის გადატანა გახდებოდა შესაძლებელი, რაც ტერორისტებს საგრძნობლად გააძლიერებდა. „მშვიდობის საბჭომ“ განაცხადა, რომ ის დემოკრატიული და პროდასავლური იყო, მაგრამ ეს ნაკლებად სარწმუნოა. თუ პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებას პუტჩის, ფეტულა გიულენისთან კავშირის შესახებ დავუჯერებთ, მაშინ სავარაუდოა, რომ თურქეთი ექსტრემისტებთან ითანამშრომლებდა. ეს რეგიონში არასტაბილურობას გამოიწვევდა, რაც არც საქართველოსთვის იქნებოდა სახარბიელო, როგორც ვაჭრობის, ისე პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!
03 თებერვალი, 2016 საქართველოში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს!