არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
19 სექტემბერი, 2016
0
print

სანდრო ფაჩუაშვილი

 სკოლის დამთავრებისას საერთოდ არ ვიცოდი, რა პროფესია უნდა ამერჩია და ამ თემაზე დიდად არც ვნერვიულობდი. ისე კი, რაც თავი მახსოვს, სულ სამი პროფესია მქონდა ამოჩემებული - ორი პროფესიაა და მესამე თქვენ თვითონ განსაჯეთ, რა არის. სულ თავიდან მინდოდა, სტივ ირვინისნაირი ცხოვრებით მეცხოვრა და ნიანგებთან მეჭიდავა; გავიდა წლები და პალეონტოლოგობა მომინდა, რა თქმა უნდა, დინოზვრების გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში არქეოლოგობა მოვინდომე, მაგ დროს ალბათ 9 წლის ვიქნებოდი, მაქსიმუმ 10-ის. უფროსების დასმულ კითხვაზე - “რა გინდა გამოხვიდე” - სხვადასხვა პასუხს ვცემდი, ძირითადად მათი რეაქციები მაინტერესებდა. ძალიან ხშირად, რა პროფესიაც არ უნდა მეთქვა, იმ პროფესიის მცოდნე აღმოჩნდებოდა და ისეთ რეპლიკას ისროდა ჩემსკენ, რომ ალბათ, თავისი ჭკუით, უნდოდა ცხოვრების ბოლომდე დაემახსოვრებინა ჩემთვის თავი. მოკლედ, იმდენად არასერიოზულად ვუყურებდი ამ საკითხს, რომ დრო აღარ დამრჩა მოსაფიქრებლად და ასე ჩავაბარე უნივერსიტეტში.

 თუ Liberal Arts კოლეჯი არ იცით, რას ნიშნავს, ძალიან მარტივად აგიხსნით: ეს არის კოლეჯი ან უნივერსიტეტი, სადაც 2 წელი რასაც გინდა, იმას სწავლობ, პლუს სავალდებულო საგნებს და 2 წელში ირჩევ შენს სასურველ ფაკულტეტს, თუმცა მანამდეც შეგიძლია არჩევა. პირველ წელს ვცადე მედია-მენეჯმენტი და საგნებმა არ დამაინტერესა. მერე ხელოვნება ვცადე და მივხვდი, რომ ამის არჩევას აზრი არ ექნებოდა ჩემს კოლეჯში. ფაკულტეტის არჩევის დრომ რომ მომიწია, მაინც არ ვიყავი ჩამოყალიბებული. ამ დროს მოვიდა ჩემი ეკონომიკის ინდოელი ლექტორი დოქტორი ბასუ, რომელიც 78 წლის არის და ისეთ ფორმაშია, მაქსიმუმ 65-ის გეგონება, ძალიან განათლებული ადამიანი, უკეთილესი, რა დროსაც და სადაც არ უნდა მენახა, ყოველთვის ფართო ღიმილი ეკერა სახეზე და ხაზგასმულ “ჰელოუუ”-ს მეუბნებოდა. ინგლისური მთელ უნივერსიტეტში ყველაზე გამართულად და კარგად მან იცის. თავის ოფისში დამიბარა და მკითხა - მალე გიწევს არჩევანის გაკეთება და რას ფიქრობ, რომელ ფაკულტეტს აირჩევო? მე ვუპასუხე, რომ ჯერ არ გადამიწყვეტია. მკითხა, ყველაზე ძალიან რისი კეთება გიყვარსო. ამ კითხვამაც დამაბნია, ხატვა მიყვარს ძალიან და ბავშობიდან ვაკვირდები ადამიანების ქცევას, მოცემულ მომენტში როგორ იქცევიან და უკვე იმდენად მესმის ზოგიერთების, რომ წინასწარ ვიცი, თუ რას გააკეთებენ და თუ როგორ უნდა ვუბიძგო მათ სხვადასხვა საქციელისკენ-მეთქი. ფსიქოლოგობაზე რას ფიქრობო? არა, არ მიზიდავს მაინცადამაინც-თქო. მაშინ წარმოიდგინე, რომ სახლში ხარ, რა გახსენდება პირველიო. ეგრევე ტელევიზორი, საინფორმაციო, გაზეთი და პოლიტიკა გამახსენდა. პოლიტმეცნიერებაზე რას ფიქრობო? რას და პოლიტიკა უბინძურესი პროფესიაა-მეთქი. დაიწყო საქართველოს პოლიტიკაზე ლაპარაკი, მკითხა მიშაზე, ვარდების რევოლუციაზე, ოცნებაზე, ბიძინაზე. ამ კაცმა ძალიან ბევრ ქართველზე ბევრად მეტი იცოდა ქართულ პოლიტიკაზე, მაგრამ ისეთ საინტერესო დისკუსიაში გადავედით, რომ საქართველოდან დაწყებული, რუსეთ-ამერიკით გაგრძელებული, ევროპით და აზიით დამთავრებული - თითქმის ყველა პოლიტიკურ კრიზისზე თუ პრობლემაზე ვისაუბრეთ. იმდენად გავერთეთ ამ თემაზე ლაპარაკით, რომ ბასუმ თავის სამუშო გრაფიკს 2 საათით გადააცილა. თითქმის აღარ მახსოვს, რაზე ვილაპარაკეთ მაგ დღეს, 2 წლის წინ, მაგრამ მისი ერთი კითხვა დღემდე ჩამრჩა თავში: რატომ არ იციან უმეტესობა ამერიკელებმა, საქართველო სად არის და ყველაზე დიდი პრობლემა რა აქვს საქართველოს გინდ შიგნით ქვეყანაში ან გინდ საგარეო პოლიტიკაშიო?

 ზოგადი კითხვაა, და სიტყვასიტყვით გასაგებიც არ არის, ამერიკელებმა რატომ უნდა იცოდნენ ან არ იცოდნენ საქართველო, აქ ამერიკელებზეც არ არის საუბარი, ამ კითხვაში იგულისხმა მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები. მაშინ მოკლედ კი ვუპასუხე, მაგრამ შემდეგ ბევრი ვიფიქრე ამ კითხვაზე. ამერიკელებმა არ იციან, საქართველო სად არის იმიტომ, რომ არ ჭირდებათ ამის ცოდნა. საჭიროება რომ არ აქვთ, თავსაც მაინცადამაინც არ იკლავენ მსოფლიო გეოგრაფიის სწავლით. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ძალიან ვანზოგადებ, მაგრამ ნებისმიერი ქართველი სტუდენტი გეტყვით, რომ ყველაზე მოსაბეზრებელი ამერიკაში ამერიკელებისთვის ახსნაა - “აი ჯორჯია, ქვეყანა როა რა, აი თურქეთის და რუსეთის შუაში როა, ევროპაში რა…” ძირითადად ამაზე შორს აღარ მიდის ახსნა-განმარტება, ამის მერეც თუ ვერ მიხვდნენ და მაშინ Google და მისი ჯანი.

 საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა კი, ისევ ჩვენ ვართ და ერთი ვირთხა მოსკოვში, თავისი დიქტატორული სისტემით და რეჟიმით მთელ ქვეყანას ტვინს რომ ულაყებს და ჩვენზეც გადმოდის. ჩვენზე გადმოდის იმიტომ, რომ გასდის. ეს ორი უდიდესი პრობლემა ერთმანეთზე უფრო ბევრად არის დამოკიდებული, ვიდრე გვგონია - იმას გასდის საქართველოზე ის, რაც გასდის, იმიტომ რომ ამის უფლებას ვაძლევთ; უფლებას კი ვაძლევთ იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, რომელიც იმ ხალხს უვარდება ხოლმე ხელში, თავიდან ვითომ ქვეყანაზე რომ ფიქრობს და ბოლოს მაინც თავისი თავის გარდა არავინ და არაფერი აინტერესებს. კი ვართ პატარა ქვეყანა, მაგრამ რამდენჯერაც წამოვდექით და მოძალადეს ნება არ მივეცით მოქცეულიყო ისე, როგორც მას უნდოდა, მთელი მსოფლიო გვერდში დაგვიდგა. ყველა წამყვანი მედიის პირველი ნიუსი ვიყავით და დასავლეთი ჩვენზე ლაპარაკობდა. ისტორიულად სულ ასეთ დღეში ვიყავით, ყოველთვის იყო მტერი და ყოველთვის იყო დამპყრობელი, რამდენჯერაც თავი დავუხარეთ, იმდენჯერ წავიდა უკან ჩვენი ქვეყნის განვითარება. მართალია, თავი იმიტომ დავუხარეთ, რომ ხშირ შემთხვევაში სხვა გზა არ გვქონდა, მაგრამ 21-ე საუკუნეში სხვა გზა და გამოსავალი გვაქვს, მარტონი აღარ ვართ და არც დაგვტოვებენ. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა დღემდე, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, ერს, ერთი შეთანხმებული მიზანი და გზა არ გვაქვს, პრიორიტეტებსაც კი ვერ ვაყალიბებთ და ვერ ვთანხმდებით იმაზე, რომ, სხვასთან ერთად, ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი ტერიტორიული მთლიანობა და რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლა უნდა იყოს. ამას კი ის ხალხი, რომელიც მთავრობაში მოდის, სხვადასხვა გზებით გვერდს უვლის და სხვაგან გვახედებს. ასეთ ხალხს ქვეყანა ხელში იმიტომ უვარდება, რომ ამის უფლებას ვაძლევთ. ამის უფლებას იმიტომ ვაძლევთ, რომ პოლიტიკაში არ ვართ ჩართულები, ცხვრებივით ვუყურებთ პოლიტიკოსებს და ყოველთვის სხვისი იმედი უფრო გვაქვს, ვიდრე საკუთარი თავის და ამ ყველაფერს ვაბრალებთ შესაძლებლობების არქონას, ან ნაცნობების არყოლას მთავრობაში. პოლიტიკაში ჩართულობას კი ისეთ ელემენტარულ პოლიტიკურ განათლებას ვუწოდებ, რომ თუნდაც ტელევიზორის ყურებისას, მავანმა თავისი პროპაგანდის მსხვერპლად არ გვაქციოს. იმდენად მაინც უნდა ვიყოთ დაინტერესებულები და ჩახედულები, თუ როგორ მუშაობს პოლიტიკა, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსს გაუჭირდეს დებატებზე და გამოსვლებზე საჯაროდ ლაპარაკი, რადგან ეცოდინება, თუ რამდენად განათლებულ, კრიტიკულად მოაზროვნე ინდივიდებს მიმართავს და არა მასას, რომლის მართვაც ნებისმიერი ზედაპირული ტყუილით შეუძლია.

 ***

ხშირად გაიგებ, არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ იმიტომ, რომ არჩევანის გაკეთება გვიწევს ცუდს და უარესს შორისო და ეს ყოველთვის ეგრე იქნება, სანამ არ გამოვფხიზლდებით და ჩვენივე ბედს თვითონ არ გადავწყვეტთ. ვერც ერთი მოსყიდული, კორუმპირებული თუ იდეურად გაუმართავი მთავრობა ვერ გაიხარებს საქართველოში, ხალხი რომ ფეხზე დადგეს და თავისივე ბედი თვითონ გადაწყვიტოს. მაგრამ სანამ ძალიან გვიან არ იქნება, ამას ვერ ვხვდებით. ამის მიხვედრას კიდევ განათლება ჭირდება. ზუსტად ამიტომ არის, რომ 2012 წელს გვქონდა პირველი დემოკრატიული არჩევნები, მანამდე კი ყველა წინა ხელისუფლება აქციებით, პროტესტებით და ომებით გადავაგდეთ. მაგრამ პრობლემებზე ლაპარაკი ყოველთვის ადვილია, ცუდის დანახვას არაფერი უნდა და აგრესია და სიძულვილიც ყველაზე მარტივი სამართავია. პოლიტიკა კი ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ყველაფრის “გაპრავება” შეიძლება და სადაც მანიპულაცია და ტყუილი აუცილებლობად ვაქციეთ. პოლიტიკოსებიც გაუნათლებლები გვყავს და მაგიტომ არიან ყოველთვის ნეგატივზე კონცენტრირებულები და ერთ პრობლემას ან მეორე პრობლემით აგვარებენ, ან კიდევ საერთოდ არ აგვარებენ. გამოსავლის ძებნა ან არ უნდათ, ან არ იციან, როგორ იპოვონ.

 საქართველო იცვლება, ნელა, მაგრამ მაინც იცვლება თაობებთან ერთად. ჩემმა თაობამ არაერთხელ დაანახა ყველას, რომ რეალურად შეუძლია ერთად დგომა და პრობლემების მოგვარება. 2012-ში სტუდენტების გამოსვლებმაც გაუშვა ნაციონალური მოძრაობა და ივნისშიც, წყალდიდობის შემდეგ, ”მზიურში” და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ისე გავედით და დავუდექით ერთმანეთს გვერდში, რომ არავის არაფერი უთქვამს. ქუჩური მტრობა, პერსონალური პრობლემები გვერდზე გადავდეთ და ერთმანეთის თანადგომით და შრომით “რეალური შედეგი დავდეთ”. პოლიტიკაში რომ ჩავერთოთ, ისევ ჩვენი ცოდნით, ისევ ჩვენი შეხედულებებით და არა ჩვენი მშობლების დამოძღვრით და აზრებით, საქართველოს ყველაზე დიდ პრობლემებსაც დროსთან ერთად გადავჭრით.

 შეიძლება ძალიან პოზიტიურად და იმედიანად ვუყურებ ამ თაობას, რა თქმა უნდა, ჩვენშიც არიან ისეთი ადამიანები, არასოდეს სსრკ-ში რომ არ უცხოვრიათ და მშობლებისგან გამოყვათ ჩეკისტობა და საბჭოთა მენტალიტეტი. მაგრამ ვისაც ეგ არ გვაქვს, გავაკეთოთ გასაკეთებელი და მერე ეგ ჩეკისტებიც, სადაც უფრო მოეწონებათ, იქ წავლენ, სავარაუდოდ ”მოსკოვებში და ხარკოვებში”. ისეთებიც ბევრნი არიან, მართლა ზიზღი და ბოღმა რომ ამოძრავებთ, მაგრამ მაგათიც მესმის. გაიყვანე ცოტა ხნით ეგ ხალხი საქართველოდან, დაანახე ევროპა, ან აზია, ან ამერიკა. გადმოხედონ იქაური ცხოვრებიდან საქართველოს და ნებისმიერი ჩაკეტილი მენტალიტეტის მქონე ადამიანი დაინახავს დასანახ პრობლემებს და გაიხსნება, ჩამოვა ტვინგახსნილი და აქაურობის დალაგებას მონდომებს. არ გაიხსნება? არ მოეწონება იქაურობა და ქურდობას დაიწყებს იქ? ამოლპება იქაურ ციხეში. ჩამოვა და მაინც ხისთავიანი და ბოღმიანი იქნება და არ მოეწონება პროგრესული საქართველო? წავიდეს მაშინ სადაც უნდა, ან იყოს ისევ ბოღმიანი, მაგრამ რომ დაინახავს, წინ მიიწევს ქვეყანა და მაგასაც რომ მიეცემა ნორმალური ცხოვრების შანსი, გაჩუმდება. მაინც ბოღმიანი იქნება და ხელს შეუშლის ქვეყანას? მაშინ გააჯვას რა, ძმაო, აქედან.

 ამ ყველაფრის დაწერა და თქმა ადვილია, რეალურად წარმოდგენა - ოდნავ რთული, მაგრამ მთავარია, გამოსავალი და გზა დავინახოთ, ამის შემდეგ კი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ იმას, რისი მიღწევაც გვინდა. პირველი ნაბიჯი არის განათლება, მერე მოქალაქეობრივი ჩართულობა. მხოლოდ ჩართულობით გადავწყვეტთ ჩვენს ბედს. ლოდინი კიდევ არ შეიძლება. თქვენ თუ ისეთ არჩევნებს ელოდებით, სადაც ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება არ მოგიწევთ, ვერ მოესწრებით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენი შესაცვლელია. როდესაც შენი არჩეული პარტია მოვა, ან თუნდაც მეორე (უარესი), მოგაწვება პასუხისმგებლობის გრძნობა და რამე თუ არ მოგეწონება, მოითხოვ, რომ შეიცვალოს. ბევრნი როდესაც მოითხოვენ, აუცილებლად შეიცვლება, არ შეიცვლება და ის მაინც გეცოდინება, რომ შენი ჩართულობით მოვიდნენ ისინი, ვინც შენი ქვეყნის ბედს აკონტროლებს და შენივე ჩართულობით წავლენ და უფრო საიმედო და განათლებული ჩაიბარებს ქვეყანას. როდესაც ეგეთ საქართველოს ავაშენებთ, როდესაც ამ მენტალიტეტს დავხვეწთ (და არა შევიცვლით), მერე ვიღაც ვირთხები ასე ადვილად ვეღარ გაგვიბედავენ იმას, რასაც მოისურვებენ. დაინახავენ, რომ ერთ პარტიას და ერთ კოალიციას კი არ ეჭიდებიან, არამედ სრულიად ქვეყანას. დღეს-დღეობით ყველაზე პოპულარული და მუშა პოლიტიკური სისტემა არის დემოკრატია, გვინდა თუ არ გვინდა, რუკაზე მყარად რომ დავაფიქსიროთ საქართველო, დემოკრატიული ქვეყანა უნდა ვიყოთ. ამას კიდევ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენივე ჩართულობით შევძლებთ. როგორც წყალდიდობის შემდეგ, ზოოპარკში შევძელით.

სხვა სიახლეები
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი
21 ივლისი, 2015 გიგი უგულავას ბლოგი