ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
13 სექტემბერი, 2016
0
print

გიგა გურასაშვილი

ამასაც მოვესწარით, სილამაზის პირველ საერთაშორისო კონკურსში,  ჟიურის, გნებავთ, მსაჯის როლს... ხელოვნური ინტელექტი ასრულებდა, მოგვიანებით კი ამ პროგრამული ალგორითმის შემქმნელები რასიზმში დაადანაშაულეს.

მაშ ასე, 100-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით ექვსი ათასმა ადამიანმა კონკრეტულ მისამართზე საკუთარი ფოტოები იმ იმედით განათავსა, რომ „მანქანა“ სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის სახის სიმეტრიისა და ნაოჭების გათვალისწინებით, და რაც მთავარია, მიუკერძოებლად გამოავლენდა, ვთქვათ... ყველაზე ადამიანურ სილამაზეს.

თითქოს  გასაკვირი არაფერია, მაგრამ როდესაც კონკურსის შედეგები გამოცხადდა, აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტის რჩეულთა  შორის უმრავლესობა თეთრკანიანი იყო. ფაქტია, რომ 44 გამარჯვებულიდან (ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში - 18-29, 30-39, 40-49, 50-59, 60-69+ )  მხოლოდ რამდენიმე იყო აზიელი და  ერთი შავკანიანი.

არის ერთი გარემოებაც, რომლის მიხედვით კონკურსის, სახელად Beauty.AI, მონაწილეთა უმრავლესობა თეთრკანიანი იყო, სხვა დანარჩენები კი ინდოელებს და აფრიკელებს წარმოადგენდნენ.

კონკურსის შედეგებით უშუალოდ Beauty.AI-ის შემქმნელებიც გაკვირვებულები დარჩნენ. მათი განმარტებით, არაერთგვაროვანი შეფასების მიზეზი შესაძლოა პროგრამის არასრულფასოვანი განსწავლულობა გამხდარიყო. კერძოდ, არ იყო გათვალისწინებული ადამიანთა სხვადასხვა რასა, მრავალფეროვნება და ამ მიკერძოებული შეფასების უმთავრეს მიზეზად ალგორითმის მონაცემთა ბაზის არასრულფასოვნება დაასახელეს.

არც ისაა გამოსარიცხი, რომ ალგორითმის შერჩევისას გავლენა იქონია პროგრამისტთა ფარულმა პირადმა შეხედულებებმაც.

როგორც არ უნდა იყოს, Beauty.AI-ის შემქმნელები აცხადებენ, რომ ალგორითმი არ შექმნილა იმ პირობით, რომ ღია ფერის კანი საფუძველშივე ყოფილიყო სილამაზის განმსაზღვრელი. მიუხედავად ამისა, პროგრამის შემქმნელები პირობას დებენ, რომ სილამაზის ახალ კონკურსში, რომელიც შემოდგომის დასრულებამდეა დაანონსებული, გათვალისწინებული იქნება ნაკლოვანებები და კონკურსის მონაწილეებიც დისკრიმინაციას აღარ შეეჯახებიან.

პროგრამისტები თავის დაზღვევის მიზნით იმასაც ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე ერთპიროვნული ჟიურის შემდგომი შეფასებებიც შეიძლება არ აღმოჩნდეს ბოლომდე მისაღები, რადგან რეალურად რობოტი ვერ იქნება ადამიანების საუკეთესო შემფასებელი.

ერთი სიტყვით, მსაჯი-რობოტის გადაწყვეტილებამ ხელოვნური ინტელექტის შესაძლო მიკერძოებულობის შესახებ დებატების ახალი ტალღა წარმოშვა.

ამასთან, ბევრს გაახსენდა „ტვიტერის“ მიერ მარტში გაშვებული „მაიკროსოფტის“ ჩატ-ბოტ Tay-თან დაკავშირებული ისტორიაც (ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩათ-ბოტი ესაა ერთგვარი ვირტუალური თანამოსაუბრე, რომელიც „ტვიტერმა“ საკუთარი მომხმარებლებისთვის აამოქმედა და მალევე შეაჩერა), რომელიც გაშვებიდან რამდენიმე საათში რასისტად გარდაიქმნა და ნეონაცისტური განცხადებების კეთებას მიჰყო ხელი.

შარშან არანაკლებ ცუდ დღეში აღმოჩნდა „გუგლის“ ფოტო აპლიკაციაც (დანართი, რომელიც მობილურით თუ სმარტფონით გადაღებულ ფოტოებს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ავტომატურად მონიშნავს (დათაგვა), კატეგორიებად ჰყოფს და შესაბამის საქაღალდეებში უჩენს ადგილს), როდესაც ერთობლივ ფოტოზე ორი შავკანიანი გოგო-ბიჭი „გორილებად“ მონიშნა.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს
09 ოქტომბერი, 2015 ილონ მასკი მარსის ათვისებას მის პოლუსებზე წყალბადის ბომბის აფეთქებაში ხედავს