ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
15 სექტემბერი, 2016
0
print

გიგა გურასაშვილი

ბოლო ათწლეულში მზის სისტემის ევოლუციაზე ბევრი რამ შევიტყვეთ, მაგრამ ჩვენი წარმოდგენა თუ ცოდნა მასზე ჯერაც მეტად მწირია, ბევრი კითხვა კი კვლავაც პასუხგაუცემელი. ამ მხრივ ერთ-ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად შეგვიძლია მივიჩნიოთ ამერიკის კოსმოსური სააგენტო ნასას მიერ რამდენიმე დღის წინათ დედამიწისთვის ერთ-ერთ სახიფათო ობიექტად მიჩნეულ ასტეროიდ ბენუსკენ გაშვებული მისია OSIRIS-REx (Origins Spectral Interpretation Resource Identification Security Regolith Explorer). მისიის მიზანი ასტეროიდის ზედაპირის კარტოგრაფირება და მისი გრუნტიდან ნიმუშის აღება და დედამიწაზე გამოგზავნაა, რაც თავის მხრივ მეცნიერთა არაერთ კითხვას გასცემს პასუხს.

ერთი სიტყვით, ასტეროიდი ბენუ (საშუალო დიამეტრი დაახლოებით 500 მეტრია, მზის გარშემო მისი ბრუნვის პერიოდი კი 1,2 წელიწადს შეადგენს) ასტრონომებს საშუალებას მისცემს წარსულში 4,5 მილიარდი წლით შეიხედონ და მზის სისტემის ჩამოყალიბებაზე ცოდნა გაიღრმავონ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შეგროვებული მასალა მათ დედამიწის წარმოშობაზე ინფორმაციის მიღებაში, ასევე მზის სისტემაში ჩვენი პლანეტისთვის პოტენციურად სახიფათო კოსმოსური ობიექტების, მათ შორის თავად ბენუს ტრაექტორიაში უკეთ გარკვევაში დაეხმარებათ.

ნასას შეფასებით, კაცობრიობისთვის აქამდე ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ციური სხეული, რომელსაც XXII საუკუნის მთავარ საშიშროებადაც მიიჩნევენ, დედამიწას ყველაზე ახლოს 2135 წელს დაახლოებით 300 ათასი კილომეტრით მოუახლოვდება. ანუ ჩვენ თანამგზავრ მთვარეზე ახლოს, რომლამდე მანძილიც 400 ათასი კილომეტრია (დედამიწიდან საშუალო მანძილი 384 399 კმ.).

მისია, რომელიც მიზანს 2018 წლის აგვისტოში მიაღწევს, ასტეროიდზე არ დაჯდება. სანაცვლოდ მისი ზედაპირისკენ რობოტიზირებულ ხელს გაიშვერს, რომელიც თავის მხრივ აღჭურვილი იქნება ასტეროიდიდან ფხვიერი ქანების ასაღებად. ანუ ბენუს ზედაპირთან კონტაქტში შესვლისას მექანიზმი ერთგვარი გაზის ჭავლის გაშვებით მის ზედაპირს აამტვერებს, გაფრქვეულ მტვრის ნაწილაკებს კი სპეციალურ კამერაში შეაგროვბს და შემდგომ (2023 წელს) დედამიწაზე „ამანათით“ გამოგზავნის. ამასთან, აპარატს ნიმუშების ასაღებად სამი მცდელობა ექნება.

გეგმის თანახმად ბენუს ნიმუშები იუტას შტატის უდაბნოში 2023 წლის 24 სექტემბერს პარაშუტით დაეშვება.

  • ასტეროიდი ბენუ 1999 წლის 11 სექტემბერს აღმოაჩინეს. მზის გარშემო ვენერასა და მარს შორის ბრუნავს. დაახლოებით იმავე ორბიტაზე, როგორზეც დედამიწა.
  • ეკვატორიალური დიამეტრი: 500 მ.
  • პოლარული დიამეტრი: 510 მ.
  • ორბიტალური პერიოდი: 1,2 წ.
  • საშუალო ორბიტალური სიჩქარე: 28 ათასი მ/წ.
giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“
18 მარტი, 2016 მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ადამიანებს შესაძლოა, არამიწიერი წარმოშობის გენები გვქონდეს