ნიკა რურუა: ამ ბრძოლით ხელისუფლებას საკუთარი სიბრიყვისგან და მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ
22 ოქტომბერი, 2016
0
print

ინტერვიუ ნიკა რურუასთან

- არ ვაპირებთ დათმობას, ბოლომდე ვიბრძოლებთ. საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ძალიან საშიში ყოვლისმომცველი ძალაუფლება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მძიმე და გამოუსწორებელი შეცდომების დაშვების აუცილებელი წინაპირობაა. ეს არის სამართლებრივი ინსტრუმენტი, გადაჭარბებული ძალაუფლების წყარო, რომელიც ამ ძალაუფლების მფლობელს თავბრუს ახვევს და შეცდომების დაშვებას აწყებინებს. ამგვარი უპირატესობა არ უნდა დავუშვათ, რათა კიდევ უფრო არ დასუსტდეს ჩვენი კონსტიტუცია, არ ანულირდეს და არ გაქრეს პრეზიდენტის ინსტიტუტი და ა.შ. სახეზეა ყველა ის ნიშანი, რომელიც გვაჩვენებს, რომ ძალაუფლების სრულ უზურპაციასთან მიმყვან გზაზე შევდექით. ეს ძალიან საშიშია არამხოლოდ იმიტომ, რომ უსამართლოა, არამედ იმიტომაც, რომ ცუდი იქნება ეკონომიკისთვის, ადამიანის კეთილდღეობისთვის, თუნდაც, ლარის კურსისთვის, ჩვენი საერთშორისო მდგომარეობისთვის, ეს დაგვაკარგვინებს უამრავ მეგობარს; დემოკრატიის ხარისხს, რომელიც არც ისე მაღალია, კიდევ უფრო დაბლა დასწევს. ეს ხელს შეუწყობს ძალიან ბევრ შეცდომას ხელისუფლების მხრიდან.

ჩვენ, პირადად მეც, ამ ბრძოლით, ხელისუფლებას, ფაქტობრივად, ვეხმარებით საკუთარი სიბრიყვისგან დაცვის საქმეში, საკუთარი მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ ამ ბრძოლით. თუ ჭკუა აქვთ, მათ არ უნდა დაუშვან საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან აუცილებლად შეიქმნება სიტუაცია, სადაც ისინი ამ უმრავლესობას არასწორად გამოიყენებენ. იდეაში, ეს არის ქაოსის და დესტაბილიზაციის წინაპირობა, რადგან გადაჭარბებული, მოუთოკავი, გაუკონტროლებელი ძალაუფლება ქაოსის წინაპირობაა. ხელისუფლებას ახლა ვეხმარებით იმაში, რომ თავი არ დაიღუპოს. ამიტომაც ოპოზიციამ რამდენიმე ოლქში უნდა მოიგოს მეორე ტურები. ხელისუფლებას უკვე აქვს უბრალო უმრავლესობა და თუ საქმის გაკეთება სურს, ასეც შეძლებს.

- ჩვენ ვიხილეთ გაყალბების ამსახველი ვიდეოკადრები, გარდა ამისა, თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელთა მოსყიდვის ფაქტები დაადასტურეს ამ პარტიაში. ამის მიუხედავად, ოპოზიციის ძირითადი საარჩევნო მესიჯი მაინც საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ ბრძოლაა და არა მასობრივი გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლა...

- დიახ, ძალიან სერიოზული დარღვევები იყო. ახლა ვიკვლევთ გაყალბების ფაქტებსა და მექანიზმებს, ამას აუცილებლად გამოვავლენ ჩემს ოლქშიც, მეორე ტურამდე გახდება ცნობილი ეს ფაქტები. საჩივრების ნაწილი არის სასამართლოებში, ნაწილი - მოხსენდება პრესას. არ შეიძლება გაყალბებებს შევეგუოთ, რადგან ეს აქრობს დემოკრატიული მმართველობის, ანუ არჩევნების საშუალებით მმართველების შერჩევის პროცესს. რეალურად არჩევნები კი არ ტარდება, არამედ არჩევნების საფარქვეშ ხდება სულ სხვა რაღაც. ეს იწვევს მთელი მოსახლეობის უფლებების წართმევას და საშინელ იმედგაცრუებას დემოკრატიაში, რაც ეროვნული უსაფრთხოების დონის საშიშროებაა - ჩვენ გვყავს მეზობელი, რომელიც გამწარებული გვექაჩება თავის ორბირტაზე. თუ ხალხი განიხიბლება საკუთარი სისტემით, სხვის თამაშს მოსინჯავს და თუ ჩვენ ისევ რუსეთის გუბერნიად გადავიქეცით, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს.

საარჩევნო კამპანიის პარალელურად, ვცდილობ შევამოწმო ყველა ინფორმაცია, მართლაც არის თუ არა უფლებამოსილი ამომრჩეველი ხმა მისცეს იქ, სადაც ის აღმოჩნდა ჩაწერილი, მაგრამ იქ არ ცხოვრობს. არ მინდა წინასწარ დავასწრო მოვლენებს, მაგრამ უამრავი დარღვევაა - სცადეს ყველანაირი კარუსელი, მარკირების წესის დარღვევა, მოსყიდვა, დაშინება. კომისიის წევრები, ჩემი კოორდინატორები არნახული წნეხის ქვეშ არიან, მათ აშინებენ ხილულად და უხილავად. პირველადი დაკვირვებით, ეს ასეა და ინფორმაციებიც გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება მყარი მტკიცებულებები, რასაც მალე წარვუდგენთ საზოგადოებას.

არც ერთ პარტიას, რაც უნდა არჩევნების გამოცდილი სპეციალისტები ჰყავდეს, არ აქვს იმხელა რესურსი, რომ სტრუქტურულ გაყალბებას, სისტემურ ფალსიფიკაციას დაუპირისპირდეს - იუსტიციის სამინისტრო, რეესტრი, ცესკო, სუსი - ჩართულია ამ თაღლითურ სქემაში. საქმე გვაქვს სტრუქტურირებულ, სისტემურ თაღლითობასთან და ძნელია ამის პრევენცია. არჩევნების შემდგომ უნდა გამოავლინო სისტემა, რითიც ეს დანაშაული მოხდა, უნდა გააპროტესტო, მეტ საერთაშორისო ორგანიზაციას, დამკვირვებელს და სპეციალისტს უნდა უთხრა და რაც შეიძლება მეტ ხალხს მოუწოდო, რაც შეიძლება ხმამაღლა გააპროტესტონ ეს თაღლითობა.

დემოკრატიას გადასარჩენად, მოქალაქეების მხრიდან ფხიზელი და ძლიერი მეთვალყურეობა ჭირდება.

- უკანასკნელი 4 წლის მანძილზე უფრო არ გაძლიერდა და გააქტიურდა სამოქალაქო საზოგადოება?

- ვერ ვიტყვი, რომ გააქტიურდა - ცოტა დაიხვეწა, მეტიც გაიგო, მაგრამ ამ წუთას პასიურია. ასე მგონია შიშის გამო, ნაწილობრივ მოსყიდვის და დაკომპლექსებულობის გამოც. ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა დემონიზებულია წლების მანძილზე და ბევრს კომპლექსი აქვს, რომ თუ ხმას ამოიღებს, ის მოინათლება ამ პარტიის აქტივისტად - ასე აკომპლექსებდნენ წლების განმავლობაში იდეაში მიუკერძოებელ ხალხს, რომელიც ნელ-ნელა ჩააჩუმეს.

ეს სიტუაცია ძალიან გავს პუტინის რუსეთში შექმნილ ვითარებას - ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად, დაშინებით საბოლოოდ დაადუმეს სამოქალაქო საზოგადოება. რამდენიმე ადამიანიღა დარჩა, ვინც ხმამაღლა გამოხატავს პროტესტს. მაგრამ, საქართველოში ეს არ გამოვა, რადგან სხვანაირი ქვეყანაა, პატარა ქვეყანაა, ტემპერამენტიანი ხალხი ვართ, უფრო თავისუფლებისმოყვარე, ვიდრე რუსეთი. ამ წლების განმავლობაში დემოკრატიის ხარისხი ჩვენთან მეტი იყო, ვიდრე რუსეთში ყოფილა ოდესმე. ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება უფრო მობილიზებულია, მომზადებულია და თავისუფლების ჯინს ბოთლში უკან ვერ შერეკავენ.

- თქვენი კონკურეტი არჩევნების შედეგების გაყალბებას გაბრალებთ...

- პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს კონკურენტი არის აბსოლუტური კლოუნი. ქალი, რომელსაც დებატებზე დაჯდომის გამბედაობაც კი არ აქვს და გარბის ღია ეთერებიდან. ვთვლი, რომ ის არ არის პოლიტიკოსი, ის არის ძალზე აროგანტული, ქედმაღალი ფრანგი ბიუროკრატი, რომელმაც არ იცის საქართველო და აქ ჩამოდის მხოლოდ რაიმე თანამდებობის ხელის გამოსაკრავად, ძირითადად ეს ყოველთვის არჩევნების წინ ხდება - მას აუცილებლად სურს იყოს ან პრემიერი, ან პრეზიდენტი ან როგორც მინიმუმ, პარლამენტის წევრი, ჩვეულებრივ ქართველობას ის არ კადრულობს და დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ ქვეყნაში პოლიტიკური მომავალი არ ექნება.

- რამდენად დააზიანა თქვენი პოლიტიკური ძალის საარჩევნო კამპანია პარლამენტში შესვლა/არშესვლის გამო გამართულმა შეხლა-შემოხლამ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აქტიურ მხარდამჭერთა შორის მოხდა სოციალურ ქსელებში?

- ვფიქრობ, აზრთა სხვადასხვაობა და ყველანაირი დისკუსია ნორმალურია, თუ ის ცივილიზებულ ჩარჩოებში ჯდება, ეს დემოკრატიის ნიშანია. ეს ხალხი, ჩვენი მხარდამჭერები აუცილებლად მოვლენ არჩევნებზე და არ მგონია, რომ ეს პროცესი რაიმე სერიოზულ ზიანს მოუტანს ჩვენს ბრძოლას.

- რატომ უნდა იაქტიუროს ამომრჩეველმა მეორე ტურში?

- აბსოლუტური, გაუკონტროლებელი, შეუზღუდავი ძალაუფლება საშიშია. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ოპოზიციურ კანდიდატებს დავუჭიროთ მხარი. ასეთი არის თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი და ძირითადად კი, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები არიან. კეთილგონიერებამ უნდა აჯობოს გულგრილობას, სიზარმაცეს და უნდა დავიცვათ ჩვენი შვილების თავისუფალი მომავალი. თუ იქნება უკონტროლო მთავრობა, ის აბსოლუტურად ფეხებზე დაიკიდებს ყველაფერს - ყველა დაპირებასა და ყველა ვალდებულებას, რომელსაც მას აკისრებს თავის პოზიციაზე ყოფნა. ამიტომ არ უნდა მივცეთ ეს ყოვლისმომცველი ბერკეტი - საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელსაც ეს ხელისუფლება აუცილებლად ბოროტად გამოიყენებს. უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ოპოზიციურ კანდიდატებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საერთო თავისუფლებისთვის.

სხვა სიახლეები
01 მარტი, 2016 აკადემიური წერის კულტურა, ნაფიცი მსაჯულები და გენდერული კვოტირება
18 თებერვალი, 2016 ევროპა იბრუნებს ვაჟა ფშაველას
26 იანვარი, 2016 რომან გოცირიძე: გაზპრომი პოლიტიკური იარაღია რუსეთის ხელში
11 ნოემბერი, 2015 გიგი თევზაძე: ჩვენ ახლა არა უუნარო, არამედ ანტიუნარების მქონე საზოგადოება ვართ
01 ივლისი, 2015 მთავრობა არის უუნარო, წარუმატებელი, არაეფექტური და უკვე ძალზე არაპოპულარულიც
15 მაისი, 2015 დღეს სახელმწიფო ღარიბი ხალხის სურვილებზე დგას
28 აპრილი, 2015 ”შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე დამძიმდეს მდგომარეობა”
24 აპრილი, 2015 ”თუ ტარიფი არ გაიზარდა, მომავალი ზამთარი იქნება ბნელი და ცივი”
17 აპრილი, 2015 პროკურატურის უგუნურება, რომლითაც სახელმწიფო ზარალდება
07 აპრილი, 2015 ზურაბ ჭიაბერაშვილი: ”სერგეენკომ შემოგვაპარა, რომ ჯანდაცვის საყოველთაო სისტემა უნდა შეიცვალოს”