მოსულის ბრძოლა
03 ნოემბერი, 2016
0
print

გიორგი ფაჩუაშვილი

ცეცხლი შეწყდა. რამდენიმე მეომარი სისხლისგან იცლებოდა. ერაყელებმა გააანალიზეს, რომ სოფელი გოგჯალი მათ ხელში იყო.

გოგჯალი, ქალაქ მოსულზე მიბჯენილი სოფელია. სწორედ მასზე გადის ქალაქში შესასვლელი გზა. გუშინ აქ ერაყელებს და ჯიჰადისტებს შორის შეტაკება მოხდა. ერაყის არმიამ სოფელი აიღო.

2014 წლის ივნისში, სწორედ ამ ქალაქში, ერაყელი მეომრები სასტიკად დამარცხდნენ. მათ მოსულიდან ძლივს გამოაღწიეს. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნის შესახებ გამოაცხადა. ტერორისტები ერაყის არმიას დიდი ხნის განმავლობაში ავიწროებდნენ. დასავლეთმა მოქმედება დაიწყო. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციური ძალები შეიქმნა. შეერთებულმა შტატებმა ერაყს სამხედრო დახმარება გაუწია. ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის არმიისგან ანტიტერორისტული ძალა შექმნეს. კოალიციის ავიაცია ტერორისტების მიერ დაკავებულ პუნქტებს ბომბავდა. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მოკავშირეებმა მოსულამდე მიაღწიეს. შეტევა აღმოსავლეთის და სამხრეთის მხრიდან განახორციელეს. ერაყელი მეომრები ქალაქისთვის სრული ალყის შემორტყმას ცდილობენ.

კვირას ერაყის სამთავრობო ძალებმა ქალაქი დაქიბი დაიკავეს. სწორედ დაქიბი უნდა ყოფილიყო „ისლამური სახელმწიფოს გამარჯვების სიმბოლო“.

მოსულში 3000-დან 5000-მდე ჯიჰადისტია თავმოყრილი. მათ ქალაქის გარშემო ნავთობი მოასხეს და მას ცეცხლი წაუკიდეს. ეს ტერიტორია ბოლით დაიფარა. ამგვარად, ტერორისტებმა ბუნებრივი ბარიერი შექმნეს. მათ მთელ ქალაქში მახეები დააგეს. ჯიჰადისტი სნაიპერები ერაყელ მეომრებს მოსვენებას არ აძლევენ. მოსულს სამთავრობო ძალების 100 000-იანი არმია უტევს. მათ მხარს ქურთი მოხალისეები და ამერიკელი არტილერისტები უჭერენ. საჰაერო სივრცეს კოალიციის გამანადგურებლები აკონტროლებენ. ერთ-ერთი გენერლის აზრით, ქალაქი ერთ თვეში დაეცემა.

დღეს ერაყის არმიამ ალ ინთისარის უბანი დაიკავა. უბნის მოსახლეობა განმათავისუფლებლებს ოვაციებით შეხვდა. დაიწყო მაცხოვრებლების ქალაქიდან ევაკუაცია. ხალხი უამრავ ტრაგიკულ ისტორიას ჰყვება. მათი თქმით, ტერორისტები ქალებს აუპატიურებდნენ, ხალხს იტაცებდნენ და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს ხოცავდნენ.

ერაყის ქალაქებს შორის მოსული სიდიდით მეორეა. ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქში მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოსული უმნიშვნელოვანესი პუნქტია. ის „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელი ბასტიონია. მოსულიდან ჯიჰადისტების კონტროლირებადი ერაყის ტერიტორია იმართება. ამ ქალაქის აღებით ერაყი 2014 წლის საზღვრებში აღდგება და „ისლამური სახელმწიფოს“ სირიიდან განდევნა საგრძნობლად გაადვილდება, მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრდება. პრობლემა პროდასავლურ შიიტ მთავრობაშია. მათ სუნიტები ისე შეავიწროვეს, რომ სუნიტების დიდი ნაწილი ტერორისტებს მიემხრო. ეს გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სირიის პრორუსული მთავრობაც შიიტია. იქაც ანალოგიური სიტუაციაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთი „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შემდეგ მეორე დაიბადება. მოსულთან მოსალოდნელი დამარცხების შემთხვევაში ჯიჰადისტები გაიფანტებიან. ისინი არაბული სამყაროს პროვოცირებას გააგრძელებენ. მართალია მოსულის აღება „ისლამურ სახელმწიფოს“ გაანადგურებს, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა ორგანიზაციები ჩამოყალიბდება. ტერორიზმი ახლო აღმოსავლეთში ათწლეულების განმავლობაში იარსებებს. მთავარია მას გაძლიერების საშუალება არ მიეცეს. 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს
20 თებერვალი, 2016 დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ