PROფილი: ნოდარ სირბილაშვილი
16 დეკემბერი, 2016
0
print

ქართულ ძალოსნობაში ახალი ვიცე-პრეზიდენტია. ნოდარ სირბილაშვილი, რომელიც პარალელურად, ძალოსნობის თბილისის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. ახალი, ენერგიული სახე და ახალი, ბევრი გამოწვევა.

 არის:     

 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის ქალაქგაფორმების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე.   საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და ქალაქ თბილისის ფედერაციის პრეზიდენტი.

 იყო:  

რაც ვარ დღეს,  ის ვიყავი  ყველა იმ სამსახურში, სადაც ვმუშაობდი. იყო es საჯარო თუ კერძო სტრუქტურა, ყველგან ვცდილობდი ჩემი საქმე კეთილსინდისიერად მეკეთებინა.

 ოჯახური მდგომარეობა:

დაოჯახებული,  მყავს ერთი ცოლი და ოთხი შვილი. (დეა, შავლეგი, ელენე და ნანო)

 იყო ნოდარ სირბილაშვილი:

კითხვა ვერ გავიგე,  ანუ რას ნიშნავს იყო ნოდარ სირბილაშვილი?  ალბათ, ნიშნავს ჩვეულებრივ მოკვდავს ყველა იმ დიდი პასუხისმგებლობით, რასაც გვაკისრებს ზოგადად ცხოვრების  საკმაოდ  მკაცრი  რითმი და რეჟიმი,  შრომით,  ემოციით,  განცდებით,  სიყვარულით, სიმართლით, პატიოსნებით.

 ის, რასაც არასოდეს გავაკეთებდი:

ადამიანს ვერ უღალატებ,   ვერც  მოვკლავ.

 არ მინდა, რომ:

ნეტა  ჩემს ნდომაზე სადაა,  ყველაფერს ვეგუები, ვცდილობ ყველაფერს გავუმკლავდე. ზოგადად  არ მინდა,  რომ ხალხი გაბოროტდეს.  ყოველთვის  სჯობს სიკეთე სიბოროტეს.

 ერთ წინადადებაში ჩატეული საკუთარი ბავშვობა:

ყველაზე ფაქიზი თემა,  ეს არის ის ტკბილი მოგონებები, რომლითაც ვსულდგმულობ.  ერთს დავამატებ მხოლოდ, რომ დღევანდელს ჩემი დროის ბავშვობა სჯობდა.  ბავშვობის კრიტერიუმები საგრძნობლად შეიცვალა,  ამაზე ცოტა გული მწყდება.

 ჩემი მშობლები ჩემთვის:

სიამაყე.  სამწუხაროდ სულ რამდენიმე თვეა, რაც მამა დავკარგე.  ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია  ჩემს  ცხოვრებაში.  მამაჩემი იყო უნიჭიერესი ადამიანი, პროფესიით იურისტი გიტარის და პიანინოს უზადო ცოდნით,  სიმღერით, ლექსის თქმით, განთქმული თამადობით.  70 წლის ასაკში აღმოვუჩინეთ უზარმაზარი შემოქმედება, რომელსაც ქმნიდა თურმე  და ამას არ აჟღერებდა, რამდენიმე წიგნის (მათ შორის ლექსების კრებულების, რომანის და პროზის) გამოცემა მოვასწარით,  გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი,  იყო იმედის გმირი 2013 წელს, შექმნა ,,ვეფხისტყაოსნის’’  ბრწყინვალე კალიგრაფიით დაწერილი ხელნაწერი (6 ეგზემპლარი).  მოკლედ, შორს წაგვიყვანს მასზე საუბარი.  ცუდია,  რომ ასეთი ნიჭები იკარგებიან სამუდამოდ.  დედაზე თავს არ მოგაწყენთ,  არის დამსახურებული პედაგოგი, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს.

 ვგრძნობ თუ არა, როდესაც მათვალიერებენ:

ალბათ, კი.  კარგი იყო ახალგაზრდობაში  გოგონების  ყურადღება,  ამას როგორ  გამომაპარებდნენ?   ეხლა, სიმართლე გითხრათ ძალიან ამ თემაზე არც დავფიქრებულვარ, ვისაც როგორ უნდა, ისე მათვალიეროს.

 სპორტზე საუბარი ჩემთვის არის:

უდიდესი სიამოვნება,  განსაკუთრებით მაშინ თუ გიწევს შენი კერპების გამარჯვებების ანალიზი.

 გრძელ თმას ვატარებდი?

ალბათ არა.

 ის, რაც არ მქონდა და მინდა, რომ ჩემ შვილებს ჰქონდეს?

მარტო ჩემს შვილებს კი არა, ღმერთმა ყველას შვილს მისცეს ყველაფერი, მე მათთვის, როგორც მაქსიმალისტს,  გულით მემეტება ძალიან დიდი სიკეთეები, ამიტომ ამ მდგომარეობაში გარკვევა რა მქონდა და რა არ მქონდა, ძნელი გასარჩევი იქნება.  ერთს კი აუცილებლად ვინატრებდი, რომ იყვნენ ჯანმრთელები და ბიჭები კაცებად დაიზარდნენ, გოგონები კი - სასახელო ქალბატონებად.

 რისი მწამს და რას ვერ ვიზიარებ?

მწამს ღმერთის,  მწამს სიყვარულის, ძალიან მინდა მწამდეს მეგობრობის.  

 რა მავიწყდება და რა უნდა მახსოვდეს?

კითხვამ დამაბნია. რაც მავიწყდება,  ის ალბათ არც  უნდა მახსოვდეს.

 რა არ ვიცი და მინდა, რომ ვიცოდე?

სიმართლე გითხრათ,  ეს შეკითხვაც  საკმაოდ ზოგადია.  ალბათ, ძალიან ბევრი რამ არ ვიცი,  რაზეც ყოველთვის მწყდებოდა  გული.  თუმცა, ყოველთვის  ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ვისწავლო და გავიგო.  მიმაჩნია, რომ რაც მეტი იცი, მეტად  ძლიერი ხარ.  

 გამართლება?

მადლობა ღმერთს, ყველა იმ სიკეთეებისთვის რაც გამაჩნია, ალბათ ეს გამართლებაა.  მადლობა ღმერთს ჩემი შვილებისთვის.  დიდი შრომითაც კი მიღწეულ წარმატებას მე გამართლებას დავარქმევდი. მიყვარს გამონათქვამი:  ჩვენ ვიშრომოთ  და ღმერთმა  ხელი მოგვიმართოს,   მაშინ გაგვიმართლებს.

 ყველაზე უცნაური სურვილი?

მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვარ რეალისტი და არა იდეალისტი, ვცდილობ, რომ უცნაური სურვილებით და ოცნებებით არ ვიცხოვრო.  ალბათ, უცნაურ სურვილს დავარქმევდი იმას, რომ მინდა მეტი საშუალება მქონდეს, რათა მოვახდინო ჩემი თავის მაქსიმალურად რეალიზება.

 როგორ მინდა, რომ დამიმახსოვრონ?

როგორც ჩემი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე,  ჩემი მშობლების ღირსეული შვილი,  ჩემი შვილების  ღირსეული მამა,  ჩემი მეგობრების ღირსეული მეგობარი.

 როგორ არ მინდა, რომ გამიხსენონ?

შეიძლება ყველამ კარგად არ გაგიხსენოს, მაგრამ  ცუდათაც  არ უნდა გახსენონ.  ადამიანს უნდა უჭირდეს შენზე ცუდის თქმა,  როგორც შენს სიცოცხლეში, ისე - მის მერე.  სამწუხაროდ, დღეს ვისაც რა მოადგება ენაზე, იმას ამბობს, გიცნობს თუ არ გიცნობს, მაგრამ ცუდს თუ იტყვიან, ეს უნდა იყოს არა არგუმენტირებული და უსაფუძვლო.

 რომელ როლში შევიდოდი?

როლი, ალბათ კინოს როლი წარმოვიდგინე. სიამოვნებით ვითამაშებდი ტარზანის როლს ოღონდ კასკადიორის გარეშე.

 ამ სიტყვებს მეც წავუმღერებდი....

მუდმივად გულში მემღერება, იმდენი მაქვს აკვიატებული სიმღერა. რომელს მივცე პრივილეგია, არც კი ვიცი.

 ვიმახსოვრებ თუ არა წვრილმანებს?

ვცდილობ.  მგონი გამომდის.

 ჩემი საყვარელი ფილმი?

სიამოვნებით ვნახულობ რეალობასთან მიახლოებულ ისტორიული ჟანრის ფილმებს და მელოდრამებს.  უპირატესობას კი ქართულ ფილმებს ვანიჭებ, ჩემია-რა ვქნა?

 ჩემი საყვარელი მსახიობი?

ქართულ კინოისტორიას ახსოვს მრავალი კორიფე:  აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი,  სოფიკო ჭიაურელი, სესილია თაყაიშვილი, იპოლიტე ხვიჩია, რამაზ ჩხიკვაძე,  ეროსი, დოდო და მრავალი სხვა.  თანამედროვეობის კინოს და თეატრს ყავს უამრავი უნიჭიერესი მსახიობი. რომელი ერთი უნდა გიყვარდეს? მოკლედ, კერპი არ მყავს, მე როგორც ნიჭიერების დიდი თაყვანისმცემელი, ყველა მიყვარს.

 ჩემი საყვარელი მომღერალი (ჯგუფი)?

ჩემს ბავშვობაში მახსოვს ოთარ რამიშვილის, მამაჩემის (შალვა სირბილაშვილის)  და ზურა ქაფიანიძის შვიდსიმიან გიტარებზე შესრულებული საოცრებები.   ეს ,,ჯგუფი“ მიყვარს უზომოდ, ზოგადად კი ყველა ნიჭიერ მომღერალს და ჯგუფს თაყვანს ვცემ. 

 დაგვემშვიდობეთ :  

მე ამჟამად მაქვს ორი სტატუსი, ორივე, ჩემთვის ძალიან საამაყო.  თუ ინტერვიუს მართმევთ, როგორც მერიის თანამშრომელს, მინდა გითხრათ რომ  მეამაყება, რომ მაქვს საშუალება ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი თბილისის  სამსახურში ვიყო.  მინდა მთელს ქალაქს და სრულიად საქართველოს უსურვო სიძლიერე, სიამაყე-თუნდაც იმიტომ, რომ ვართ ქართველები,  სიკეთე, შრომისმოყვარეობა, ჯანმრთელობა.

თუ როგორც  ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, მინდა გითხრათ რომ უზომოდ მეამაყება მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე  ისრაელში ნაჩვენები არაცვეულებრივი შედეგი.  მეამაყება  ჩვენი სასიქადულო სპორტსმენების მიერ მოპოვებული  რეგალიების.  მინდა, დიდი წარმატებები ვუსურვო ჩვენს მომავალ თაობას, ახალგაზრდა სპორტსმენებს ქართველი ხალხის საამაყოდ.

მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენც. 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
22 მარტი 08:22 ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი 07:45 ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
13 მარტი 21:20 გადაცემა 5/5: მწვრთნელებმა საუკეთესოები დაასახელეს
13 მარტი 09:58 ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
03 მარტი 22:01 ზამთრის უნივერსიადა 2017
21 თებერვალი 20:05 განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე
13 თებერვალი 22:50 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. I დღე
13 თებერვალი 15:11 „მგზავრების“ საშუალო შედეგიანობა სამოყვარულო ლიგის მიმდინარე რეგულარულში