დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
01 იანვარი 20:17
0
print

გიგა გურასაშვილი

ახალ-ახალი აღმოჩენების და გამოგონებების წყალობით მსოფლიო ყოველდღიურად ვითარდება. მეცნიერები, მკვლევარები თუ გამომგონებლები საკუთარი იდეებისთვის ფრთების შესხმას ცდილობენ, რათა ცხოვრება გაგვიმარტივონ და საინტერესო გახადონ. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2016 წელი იყო, რომელმაც ტექნოლოგიები, მეცნიერება ახალ სიმაღლეზე აიყვანა. რა თქმა უნდა, ამათგან ყველაფერზე ყურადღებას ვერ გავამახვილებთ და მხოლოდ რამდენიმეს გამოვარჩევთ.

ჯეიმს უებიდიდ აფეთქებასთან დაგვაახლოვებს

სამყარო დიდი აფეთქების შედეგად 13,8 მილიარდი წლის წინათ წარმოიშვა, მაგრამ მისი პირვანდელი პორტრეტის შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცით და მხოლოდ კონტურებში გვაქვს წარმოდგენილი. დღეს თითქმის ყველაფრის მხილველი „ჰაბლის“ კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით აქამდე აღმოჩენილ ყველაზე შორეულ და ასაკოვან GN-z11–ის სანომრე ნიშნის მქონე გალაქტიკას მოვავლეთ მზერა, რომელიც „დიდი დათვის“ თანავარსკვლავედში, იმ სახითაა დანახული, როგორიც იყო დიდი აფეთქებიდან 400 მილიონი წლის შემდეგ. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ჰაბლის“ ტელესკოპი GN-z11-ს ისეთად ხედავს, როგორიც ის იყო დიდი აფეთქებიდან 400 მილიონი წლის შემდეგ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში „ჰაბლის“ მემკვიდრე ორბიტალური ტელესკოპის „ჯეიმს უების“ დახმარებით 200 მილიონით უფრო შორს გახედვას შევძლებთ.

„ჯეიმს უების“ ორბიტალური ტელესკოპის პირდაპირი სამეცნიერო დანიშნულება სხვა მრავალთა შორის დიდი აფეთქების შედეგად სამყაროში წარმოქმნილი პირველი ვარსკვლავებიდან და გალაქტიკებიდან წამოსული შუქის მიკვლევა, გალაქტიკებისა და ვარსკვლავების ჩამოყალიბება, მათი განვითარების საფეხურების შესწავლა, ვარსკვლავების წარმოქმნასა და პლანეტარულ სისტემებში გარკვევა, ასევე შავ ხვრელებზე დაკვირვებაა. ამ მიზნების ეფექტურად მიღწევაში მეცნიერებს სწორედ ახალი ტელესკოპი დაეხმარებათ, რომელსაც „ჰაბლზე“ გაცილებით მგრძნობიარე „თვალი“ აქვს, რაც 18 სექციისგან შემდგარი 6,5 დიამეტრის მქონე ძირითადი სარკის დამსახურებაა (შედარებისთვის - „ჰაბლს“ 2,4 მეტრის დიამეტრის სარკე აქვს).

გარდა ამისა, ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ ტელესკოპის დახმარებით ეგზოპლანეტების (პლანეტა, რომელიც მზის სისტემის მიღმა სხვა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, ასევე ცნობილი, როგორც ექსტრასოლარული პლანეტა.) ქიმიურ შემადგენლობათა მონაცემების მიღების საშუალება მიეცემათ.

ახალი ორბიტალური ტელესკოპის აგების ძირითად სამუშაოებს ამერიკული კორპორაცია Northrop Grumman ახორციელებს. ასევე ცნობილია, რომ ნასას ინჟინრები დასკვნით გამოცდათა სერიისთვის ემზადებიან, 2018 წლის ოქტომბერში კი მას ორბიტაზეც გაიყვანენ.

პროექტის მასშტაბების გათვალისწინებით დიდია რისკიც, რადგან  ტექნიკური ხარვეზის წარმოშობის შემთხვევაში მათ აღმოსაფხვრელად უშუალოდ მის ორბიტაზე ასტრონავტების გაშვება შეუძლებელი იქნება, როგორც ეს თავის დროზე შეძლეს „ჰაბლის“ შემთხვევაში („ჰაბლის“ მთავარ სარკეს დეფექტი აღმოაჩნდა. შესაბამისად, გამოსახულებებიც ბლანტი გამოდიოდა).

საქმე ისაა, რომ „ჯეიმს უების“ ტელესკოპს ძალიან მაღალ ორბიტაზე გაიყვანენ - დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონ კილომეტრ სიმაღლეზე (შედარებისთვის - „ჰაბლი“ დედამიწიდან  დაახლოებით 570 კილომეტრ სიმაღლეზეა). აქედან გამომდინარე, მაღალია პროექტის ინჟინრებზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.

ერთი სიტყვით, „ჯეიმს უების“ უნიკალურობის წყალობით შესაძლებელი გახდება დიდ აფეთქებასთან მიახლოება – დროში 200 მილიონი სინათლის წლით უკან გახედვა.

„ჯეიმს უები“, ასეთ სახელს ნასას მეორე ხელმძღვანელის საპატივცემულოდ ატარებს. იგი ნასას, ევროპისა და კანადის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი პროექტია.

ზესწრაფი 5G ინტერნეტი უპილოტო საფრენი აპარატებისგან

კომპანია „გუგლი“ აქტიურად ამუშავებს თუ ხვეწს ისეთ დრონებს, რომლებიც მზის ენერგიის გამოყენებით ცას გამოეკერებიან და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს ამჟამინდელ LTE (4G) ქსელზე 40-ჯერ სწრაფი ინტერნეტით მოამარაგებენ.

უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად ასევე ამუშავებენ საჰაერო ბურთებსაც. მსგავსი პროექტი განსაკუთრებულ დატვირთვას შეიძენს რთულად მისადგომი რაიონებისთვის, რეგიონებისთვის თუ სტიქიური უბედურებათა ზონებისთვის.

პროექტი ითვალისწინებს უკიდურესად მაღალი სიხშირის, გნებავთ მილიმეტრული ტალღების გამოყენებას. ეგაა, ასეთ ტალღებს 4G სიგნალზე მოკლე დიაპაზონი აქვს. „გუგლი“ ახლა სწორედ ასეთი ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობს. თუ ესეც მოგვარდა, უახლოეს ხანებში არნახული სისწრაფის ინტერნეტს უნდა ველოდოთ, აი, ისეთის, რომელიც სრულმეტრაჟიანი HD ხარისხის ფილმებს თვალის დახამხამებაში ჩამოტვირთავს.

ასევე ცნობილია, რომ მსგავს პროექტებზე მუშაობს „ფეისბუქი“ და „ნოკია“.

5D მეხსიერების საცავი კაცობრიობის ისტორიას დაიტევს

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მონაცემთა ციფრული საცავის განვითარებისკენ მნიშვნელოვანი, უფრო სწორად, გიგანტური ნაბიჯი გადადგეს.

კერძოდ, შექმნილია კვარცის ერთგვარი ფირფიტა, რომელიც ხუთ განზომილებიანი ჩაწერის მეთოდით (5D) 360 ტერაბაიტ მონაცემს დაიტევს და 1000-გრადუსიან ტემპერატურას გაუძლებს! ვირტუალურად მისი სიცოცხლისუნარიანობა განუსაზღვრელია, ოთახის ტემპერატურაზე კი იმდენ ხანს გაძლებს, რამდენსაც ითვლის სამყარო - 13.8 მილიარდ წელიწადს. ანუ იმაზე მეტს, ვიდრე ჩვენ მზის სიცოხლის ხანგრძლივობაა განსაზღვრული - 7-8 მილიარდი წელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის დედამიწის ასაკზე სამჯერ მეტ ხანს გაძლებს.

ერთი სიტყვით, საჭიროზე მეტი მოცულობის მეხსიერების ბარათის თუ ფირფიტის პრობლემა გადაჭრილია.

და მაინც, რა დანიშნულება აქვს ასეთ ზემძლავრ საცავს? პირველ რიგში მსგავსი მეხსიერების საცავი მისწრება იქნება ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც დიდი არქივი გააჩნიათ. ვთქვათ სახელმწიფო არქივები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, რომლებიც უმდიდრეს მასალას ჩაწერენ და შეინახავენ.

შორს რომ არ წავიდეთ, საუთჰემპტონელ მეცნიერთა ჯგუფმა კაცობრიობის ისტორიის მონაპოვრის ერთი ნაწილის - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ნიუტონის ოპტიკის, თავისუფლების დიდი ქარტიისა და მეფე იაკობის ბიბლიის ციფრული ასლები უკვე დაამზადეს.

შეიძლება ითქვას, საქმე გვაქვს ჩვენი ცივილიზაციის ერთგვარ სამხილთან, რომელიც ადამიანთა მოდგმის გადაშენებასაც გაუძლებს.

ნადირობას ჩინელებიც შეუერთდნენ

გიგანტომანიით შეპყრობილმა ჩინელებმა გუანჩჟოუს პროვინციაში მსოფლიოში უმსხვილესი რადიოტელესკოპი FAST ააგეს და ექსპლოატაციაშიც გაუშვეს.

საუბარია რადიოტელესკოპზე, რომლის დახმარებითაც ისეთ კოსმოსურ ობიექტებზე მეთვალყურეობა განუზრახავთ, რომლებიც დედამიწიდან 11 მილიარდამდე კილომეტრით არიან დაშორებული. ჩინელთა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა პულსარების (პულსარი სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავია. იგი მკვდარი ვარსკვლავის მეტად კომპაქტური ბირთვია, რომელიც ამ მნათობის აფეთქების შემდეგ დარჩა) შესწავლაა. შორეული გალაქტიკებიდან დაჭერილი სიგნალების მონაცემებს კი რადიოტელესკოპთან მიერთებული სუპერკომპიუტერი დაამუშავებს.

სიახლისთვის მეტი ყურადღების გასამახვილებლად „ნიუ იორკ ტაიმსი“ იმასაც კი წერდა, რომ ჩინელები არამიწიერი ცივილიზაციათა სიგნალის დაჭერას ცდილობენო.

FAST-ის რეფლექტორის დიამეტრი 500 მეტრს შეადგენს, მისი ფართობი კი 30 საფეხბურთო მოედნის ეკვივალენტურია!

უმსხვილესი რადიოტელესკოპის კონცეფცია 1994 წლიდან მუშავდებოდა, მაგრამ მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და წლეულს დიდი ზარზეიმით გაიხსნა.

საგულისხმოა ისიც, რომ რადიოტელესკოპის მშენებლობისთვის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებთა დიდი ნაწილის გადასახლება გახდა საჭირო.

საქმე ისაა, რომ ტელესკოპის მუშაობისთვის ხუთი კილომეტრის რადიუსში სრული რადიოსიჩუმეა აუცილებელი.

საინტერესოა, რომ აქამდე მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპის სტატუსით არესიბოს ობსერვატორია (პუერტო რიკო) სარგებლობდა, რომლის დიამეტრიც 305 მეტრია. ისიც ცნობილია, რომ FAST თავის თანამოძმესთან შედარებით ცის გაცილებით დიდ მონაკვეთს დაინახავს, რაც უხეში დაანგარიშებით დაახლოებით ცის 2/3-ს შეადგენს.

და ბოლოს, ჟურნალ „საიენსის“ (Science) 2016 წლის სამეცნიერო მიღწევებსაც გადავავლოთ თვალი, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას, ასევე ჩვენს მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი ვარსკვლავის პროქსიმა კენტავრის ორბიტაზე აღმოჩენილ ეგზოპლანეტა Proxima b-ს.

ჟურნალი ყურადღებას ამახვილებს კომპანია Google DeepMind-ის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის AlphaGo გამარჯვებას გოს პროფესიონალ მოთამაშე ლი სედოლზეც.

სიაში მეოთხეზეა აღმოჩენა, რომლის მიხედვითაც საშუალო ასაკის თაგვების დაბერებული უჯრედებისგან გათავისუფლება (მოშორება) სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“
18 მარტი, 2016 მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ადამიანებს შესაძლოა, არამიწიერი წარმოშობის გენები გვქონდეს