გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
21 იანვარი 02:05
0
print

გია ჯანდიერი

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ამ წერილში არ იქნება მოყვანილი კონკრეტული რიცხვები. გაზპრომთან მოლაპარაკების შეგედეგების გამოცხადების ერთი კვირის შემდეგ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ამ შეთანხმების კონკრეტული დეტალები. უფრო სწორად ვიცით მხოლოდ ორი რამ - სომხეთისკენ გატარების საფასურის გადახდის მეთოდი შეიცვალა და სატრანზიტო აირის ფასი იქნება $185. მთავრობისგან ველოდებით, რომ მალე ამ შეთანხმების მეტ დეტალს გაასაჯაროებს. (ენერგეტიკაში, ზოგადად, "ნისლი ჩამოწვა" და გაუგებარია რა გველოდება; მაგალითად, არ გამოცხადებულა, და როგორც ჩანს არ მომხდარა ევროკავშირთან ენერგეტიკული ასოცირების გაფორმება. ვფიქრობ, ეს რომ დროულად მომხდარიყო, ჩვენს "სატარიფო" და სატრანზიტო პოლიტიკას მეტი მყარი ელემენტი ექნებოდა.)

ძალიან მკაფიოა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან ან მის სატელიტებთან მოლაპარაკება არის წყლის ნაყვა - რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს და მთელს მსოფლიოს მხოლოდ უარყოფითი გამოცდილება აქვს; მას წესად აქვს შეთანხმებების მხოლოდ საკუთარ სარგებელზე აგება, სხვისი ინტერესების უგულვებელყოფა და შემდეგ, მაინც, ამავე შეთანხმებების დარღვევა. ამის გარდა, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, დარღვეული აქვს ჩვენთან ბოლო საერთაშორისო შეთანხმებებიც ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო შენაერთების ძველ პოზიციებზე დაბრუნების შესახებ და ყოველდღიურად არღვევს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლის პირობას. უფრო შორს რომ არ წავიდეთ (მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს), ესეც საკმარისია და მასთან რაიმე შეთანხმებებზე მოლაპარაკება მანამდე, სანამ ძველს არ შეასრულებს - უბრალოდ გაუგებარია.

მიახლოებითაა ცნობილი ასევე, რომ მთავრობისთვის ეს შეთანხმება იყო რთული, და თუ მთავრობა მასში რაიმე სუსტ პოზიციას ხედავს, ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სხვა გზა აღარ იყო. იყო თუ არა სხვა გზა დარჩენილი? შეთქმულების თეორიებს თუ არ ავყვებით, რომელიც შეიძლება მასშტაბურ კორუფციაზე მიუთითებდეს, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ სხვა კომპონენტები, რომელიც მიგვითითებს, რომ მოვლენათა განვითარება შესაძლებელია მართლაც სხვა გზას არ ტოვებდა.

ყველაფერი რაც ამის შემდეგ წერია, არის გარე დაკვირვების შედეგი და ავტორს არ ჰქონია პირდაპირი ინფორმაცია ან გამოძიება, უბრალოდ ერთი ეკონომისტის მოსაზრებაა. ასევე, ადვილი შესაძლებელია, რომ საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ არ დადებულა და რასაც ახლა ვისმენთ არის მხოლოდ ხალხის რეაქციის წინასწარი მოსინჯვა და შემდგომში მისი გადახედვა ამის მიხედვით მოხდება - ამის თქმის საშუალებას შარშანდელი ანალოგიური სიტუაცია მაძლევს. თუმცა ესეც მხოლოდ ვარაუდია.

მოდი ვიკითხოთ, თუ რამ მიიყვანა მთავრობა ამ პოზიციამდე, ანუ, რატომ გახდა მთავრობის პოზიციები ასეთი სუსტი, რომ მოგვიწია ადრე არსებული პირობების ჩვენთვის არასახარბიელო პირობებით ჩანაცვლება.

პირველი: მთავრობის გამოცხადებულმა პოზიციამ, რომ მას უნდოდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. რა და ვისი კონკრეტული ინტერესები იდგა ამ პოზიციის უკან, ჯერ-ჯერობით შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. თუმცა რა კერძო ან პოლიტიკური ინტერესებიც არ უნდა ყოფილიყო, კრემლისთვის ეს არავითარ შემთხვევაში კეთილი ნების დემონსტრირებას არ ნიშნავდა, არამედ სისუსტეს. რუსეთთან ურთიერთობების დალაგების გამოვლინებები, რუსეთის მკვეთრად არამეგობრული ქცევის გამო თითქოს შემცირდა, თუმცა მთავრობას ჯერაც არ გაუკეთებია მკაფიო განცხადება, რომ ამ მცდელობამ არ გაამართლა. კრემლი სწორედ ამ ხაზს გაყვა და ყველა დონეზე, სადაც გაუვიდა და კიდეც გაუვა, - გამოიყენებს; მან იცის, რომ მისი ეშინიათ.

მეორე: ოცნების პოპულისტური დაპირებებმა, რომლის მიხედვითაც ენერგიის საფასური მომხმარებლებისთვის უნდა განახევრებულიყო და მკვეთრად შემცირებულიყო - ეს დღემდეც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითი ეკონომიკური შედეგი სახეზეა. ელექტროენერგიის საფასური მომხმარებლებისთვის 3-4 ამერიკული ცენტით შემცირდა, ამან და სხვა პოპულისტურმა ქცევამ გამოიწვია არსებულ ელექტროსისტემაში საინვესტიციო კომპონენტის და, რაც მთავარია, ახალი საინვესტიციო პროექტების შემცირება.

ბოლო წლების სწრაფი განვითარების ტენდენციამ (ვგულისხმობ ცხადია 2012 წლამდე) ელქტროენერგიის მოხმარებაც შესაბამისად გაზარდა. ავიღოთ მაგალითად საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა, კონდიციონერები და ა.შ. ფაქტია დღეს გაცილებით მეტი გვაქვს. ამიტომ მოხმარება გაიზარდა. ელექტროენერგიის გენერაციის (ან შესყიდვის) გაზრდის გარეშე, მისი მოხმარება ისევ დეფიციტური უნდა გახდეს. ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად რჩება ორი გზა: მეტი გენერაცია ან შესყიდვა. თუ შესყიდვა ძვირია, უნდა ვცადოთ გენერაცია. მაგრამ, თუ საინვესტიციო კომპონენტი დავასუსტეთ, მაშინ უნდა ვცადოთ ვინმე იაფი გაზის მოყიდვაზე დავითანხმოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ეს მომენტი არ დაგვავიწყდეს და შემდგომში გავიხსენოთ.

მესამე: შარშან, როდესაც იგივე თემას ვიხილავდით ლარი ცოტა უფრო მეტი ღირდა, შესაბამისად, მომხმარებლებიდან მიღებული თანხები მეტ დოლარს ყიდულობდა, მეტ ბუნებრივ აირს, მეტ ელექტროენერგიას. ახლა, ფაქტია, რომ ენერგიის მომხმარებლებისთვის მიყიდვა ნაკლებ დოლარს იძლევა. ყველა ელოდებოდა, რომ დეკემბერში მთავრობა გაბედავდა და მოსთხოვდა სემეკს ენერგიის საფასურის გაზრდას, თუმცა პოპულიზმმა ისევ გადაძლია. ასეთი პოზიციით გაზპრომთან წასვლა ცხადია უარესი იყო, ვიდრე თუ საფასურის სათანადო დონეზე აწევის შემდეგ. ზემოხსენებული დამატებით საჭირო ბუნებრივი აირი გენერაციისთვის ასევე გაძვირდა ლარში, რაც აუცილებლად ზემოქმედებას მოახდენდა გენერაციის ფასზე ლარებში.

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასი 11 აშშ ცენტიდან 7-მდე დაეცა. ბუნებრივი აირის დღევანდელი საფასური 55 თეთრი, უფრო ნაკლებია, ვიდრე მთავრობის მიერ დასახელებული $185 კუბურ მეტრზე (პლუს დღგ, პლუს დანაკარგები, მომსახურება). რომელი ეკონომიკური სისტემა ან ბიზნესი გაუძლებს დიდხანს წამგებიან საქმიანობას და არ შეეცდება სარგებლის სხვა მეთოდებით მიღებას? როდესაც წაგება კატასტროფულ ზომებს მიაღწევს, ენერგეტიკაში ჩაბმული ბიზნესები ალბათ შეეცდებიან სხვა მყიდველები მოძებნონ, ვინც მეტს გადაიხდიან. აქედან მიღებული სარგებელი კი ყველას იყიდის. ხოლო საქართველოს მომხმარებლებს დარჩებათ ჩაბნელებული და გაციებული სახლები.

მცირე კონსპირაციას მაინც თუ დავუშვებ, - მთავრობას აირის გატარების "მონეტარული" საკომისიო შეიძლება ასევე იმიტომაც აწყობდეს, რომ ეს მას ბიუჯეტის შევსებაში დაეხმარება - ბოლო ორი წელი სწორედ ასე ზრდიან შემოსავლებს.

ბუნებრივი აირის გამოყენება გენერაციისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ძირითადი მომწოდებელი - აზერბაიჯანის მხარე, ტექნიკური მიზეზებით ვერ ზრდის მოწოდებას, რაც ასევე გვიბიძგებს ვეძებოთ სხვა მომწოდებელი, რათა ელექტროენერგიის ბალანსის დეფიციტი შევავსოთ.

აუცილებელია ასევე განიმარტოს, რომ ჩვენს მიერ ჰიდრო სადგურებში გამომუშავებელი ელექტროენერგიის დიდი ნაწილი წლის იმ პერიოდებზე მოდის (ყოველშემთხვევაში ადრე ასე იყო), როდესაც ჩვენ ნაკლები მოხმარება გვაქვს (გვქონდა), ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის პირობებში ჩვენ გაგვიჩნდა ტენდენცია თვითონვე გამოვიყენოთ ზედმეტი ენერგია, რომელსაც ადრე ჩვენს მეზობლებს ვუცვლიდით ზამთარში მოწოდების სანაცვლოდ. მკითხველმა ასევე უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტიც, რომ ენგურჰესიდან მიღებული ენერგიის ერთი დიდი ნაწილი აფხაზეთს მიეწოდება, რაც ჩვენს ბალანსს აკლდება.

პრაქტიკულად თუ შევხედავთ, მთავრობა არჩევანის წინაშე დადგა - ფასების ზრდა თუ წამგებიანი შეთანხმების დადება. ეს მთავრობა დღეს არის აქ და ხუთი წლის შემდეგ ვის გაახსენდება როგორ (ვისი "შეცდომების" გამო) ჩავეხუტეთ რუსეთს, ჩვენი ნებით თუ გვაიძულა. ამას თუ ჩვენ ვხვდებით, კრემლიც ხვდება და მთავრობის სისუსტეს თავის სასარგებლოდ იყენებს. იგი ასე ექცევა ყველას, უახლოესი ისტორიიდან აშშ-ს მთავრობის გადატვირთვის პოლიტიკის მარცხი სწორედ ამას მიუთითებს.

მეოთხე: მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რუსეთს სასწრაფოდ ჭირდება მოქმედება. ბუნებრივი აირის ბაზრის ფასი ახლა გაცილებით (30%-ზე მეტით) უფრო დაბალია, ვიდრე ბოლო 10 წლის საშუალო, და ოთხჯერ დაბალია, ვიდრე 2008 წლის მაქსიმალური ფასი. ადვილი შესაძლებელია, რომ ეს ფასი ამ მაქსიმუმამდე აღარც ავიდეს - არსებობს ალტერნატივები. თუმცა, გაზპრომს შესაძლებელია სწორედ ამის იმედი აქვს, რომ დღეს იაფი ფასის პირობებში დაგვიდოს გრძელვადიანი შეთანხმება, რათა მომავალში იაფად გამოვიდეს. გაზპრომის (ისევე, როგორც რუსეთის) მდგომარეობა - ძალიან რთულია. მისი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა იმ პერიოდშიც იწვევდა ეჭვებს, როდესაც მისი აქცია 6-ჯერ ძვირი ღირდა ბაზარზე. მოსალოდნელია, რომ მომავალში მან ვერ გაართვას თავი ამ სირთულეებს, რადგანაც არსებობს ბევრი პოლიტიკური, ეკოლოგიური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, ტექნოლოგიური და ენერგეტიკული მიზეზები. ამის გამო, შესაძლებელია მისი ასეთი მონსტრის ფორმით საქმიანობა ვეღარ გაგრძელდეს და დაიშალოს, ან (და) მოხდეს მისი სრული ნაციონალიზაცია. ამ შემთხვევაშიც, მის უკან არსებული ძალებისთვის სასურველია პრობლემების მინიმიზაცია დღესვე.

მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ჩვენი პოზიციები განსაკუთრებულად მყარი და მკაფიო ჯობდა ყოფილიყო. მით უმეტეს, რომ რუსეთის იმედი, ენერგიის ბაზარზე ფასების მაქსიმუმისკენ დაბრუნების შესახებ, ფაქტია, რომ ფუჭია. პირიქით, მსოფლიო ფასების დაწევის შემთხვევაში მას აუცილებლად მოუწევს ამ შეთანხმების დარღვევა, რისიც, არ მგონია კრემლს ძალიან შერცხვეს,

რა შეიძლება მოყვეს ტრანზიტის საფასურის ფულით დაფარვას. მთავრობა ამ ფულს დეფიციტის შესავსებად დახარჯავს, შემდეგ კი რუსეთი ისევ "გამოგვიჭერს" არგადახდებზე. შემდგომში გვეტყვის, რომ ამ ფულსაც აღარ მოგვცემს, სანამ ძველ ვალებს არ დავფარავთ. ეს სიტუაცია შეიძლება სწორედ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გამოიყენოს, და მრავალ სხვა გარიგებაში გაგვიცვალოს, თუმცა შემდგომში არაფერი შეასრულოს.

ასეთია, ჩემი აზრით ის მიზეზები, რომელმაც სავარაუდოდ მთავრობა რთულ მდგომარეობაში ჩააგდო გაზპრომთან/რუსეთთან მოლაპარაკების დროს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჭორების და შეთქმულების თეორიების გამოყენებას არ ვცდილობ, მხოლოდ ეკონომიკურ ხედვას გთავაზობთ. ის, ვინც დღევანდელ ენერგეტიკულ სისტემას მართავს უნდა ერკვეოდეს რა ხდებოდა 30, 20 ან 10 წლის წინ, როგორ მოვახერხეთ იმ მდგომარეობიდან გამოსვლა. ეს აუცილებელია იცოდე, რომ უკან არ დაბრუნდე. 2006 წელს მთავრობას პოპულიზმი და პოლიტიზება რომ არ დაემთავრებინა, ახლა შუქი და გაზი არ გვექნებოდა. ამ პოზიციის სიმყარემ ომისშემდგომი პერიოდიც კი პრობლემების გარეშე გაგვატარა.

2017 წლის 19 იანვარი

სხვა სიახლეები
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს
29 მაისი, 2015 მთავრობის რჩევების მიმართ ურჩი პრეზიდენტი