ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
15 თებერვალი 18:04
0
print

გიგა გურასაშვილი

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლანდიური სარკინიგზო კომპანია Nederlandse Spoorwegen, ენერგეტიკულ კომპანია Eneco-თან თანამშრომლობით ატმოსფეროში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებაზე ზრუნვას ქარის ენერგიის გამოყენებით შეუდგა.

თუ შარშან ქარის ენერგია ნიდერლანდების მატარებელთა 75 პროცენტის მუშაობას უზრუნველყოფდა, 2017 წლის 1 იანვრიდან ისინი ქარის ენერგიის სრულ მოხმარებაზე გადავიდნენ.

გეგმის თანახმად, 2018 წლისთვის დიზელზე მომუშავე ყველა მატარებელი ეკოლოგირად სუფთა განახლებად ენერგიაზე უნდა გადასულიყო, ეს ორი წლის განმავლობაში მატარებლების 75 პროცენტის შემთხვევაში მოხდა, 2017 წლის დასაწყისისთვის კი Nederlandse Spoorwegen მთელი ეშელონი ქარის ენერგიაზე გადაერთო.

ყოველივე შესაძლებელი გახდა ჰოლანდიაში, ასევე ბელგიასა და სკანდინავიაში  ახალი ქარის სადგურების მშენებლობით, რომელთა საერთო ქსელიც ენერგიის გამოყენების საშუალებას უქარო დღეებშიც იძლევა.

...კომპანია Nederlandse Spoorwegen-ის მატარებლები დღის განმავლობაში 5500 რეისს ახორციელებენ და დღე-ღამის განმავლობაში 600 ათასი მგზავრი გადაჰყავთ. ენერგიის წლიური მოხმარება 1,2 მილიარდ კილოვატ საათს შეადგენს. კომპანია 2005 წლიდან ენერგოეფექტურობის პროგრამაზე მუშაობს, რამაც მას საშუალება მისცა ენერგომოხმარება წელიწადში 2 პროცენტით შეემცირებინა, ხოლო სათბური აირების გაფრქვევა - 30 პროცენტით.

დღესდღეობით ჰოლანდიაში 2200 ქარის ტურბინა არსებობს, რაც 2,4 მილიონი სახლის მეურნეობას ენერგიით უზრუნველყოფს. 2014 წელს განახლებადი ენერგიის წყაროებზე 4 პროცენტი მოდიოდა, 2023 წლისთვის კი მათი მოცულობა 16 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს.

ჰოლანდიის მასშტაბებამდე შორია, მაგრამ ქარის ენერგიის გამოყენებას საქართველოშიც შევუდექით. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, შერჩეულია ქარის ელექტროსადგურების განთავსების საუკეთესო ადგილები, რომლებიც ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავენ. ჯერჯერობით ერთგვარ საცდელ ვარიანტად გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგმული და ამუშავებული ქარის პირველი ელექტროსადგური გვაქვს, რომლის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნ კვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური ექვსი აგრეგატისაგან შედგება, თითოეულის სიმძლავრე კი შეადგენს 3,45 მგვტ-ს.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს
09 ოქტომბერი, 2015 ილონ მასკი მარსის ათვისებას მის პოლუსებზე წყალბადის ბომბის აფეთქებაში ხედავს