საგარეო ვალი კრიტიკულ ზღვარზე
21 ოქტომბერი, 2009
1738
print

2005-2006 წლებში საქართველოს საგარეო ვალის კლების ტენდენცია 2008-2009 წლებში შეიცვალა. ოთხი წლის წინ საგარეო ვალის კლება საბიუჯეტო შემოსავლების ზრდით და სავალუტო კურსის ცვლიებით იყო გამოწვეული. თუმცა, ბოლო ორი წელია, საგარეო ვალის მოცულობა მკვეთრად იზრდება, რაც, გარკვეულწილად, 2008 წლის აგვისტოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგია.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, საგარეო ვალი მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 21 პროცენტს, ხოლო ექსპორტის 72,6 პროცენტს შეადგენს. საერთაშორისო სტანდარტებით, კი, როცა საგარეო ვალი მშპ-ს 50 პროცენტია, ხოლო ექსპორტის 105 პროცენტი, კრიტიკულ ზღვრად ითვლება. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა უარს იტყვის ვალის გადახდაზე, ბანკროტად ცხადდება. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო ამ საშიშ ზღვარს უახლოვდება და არსებული სტატისტიკა, ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ფონზე, შეიძლება არ იყოს რეალური.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2008 წელს საგარეო ვალთან დაკავშირებული მონაცემები ასე გამოიყურება: მთლიანი შიდა პროდუქტი - 12797,0 მილიონი დოლარი, ექსპორტთან დაკავშირებული მაჩვენებელი - 1497,7 მილიონი დოლარი, საგარეო ვალი - 2681,4 მილიონი დოლარი. აქედან გამომდინარე, საგარეო ვალი მშპ-ს 21 პროცენტია, ხოლო ექსპორტის 70,6 პროცენტი. 2009 წლის ბოლოს ამ მაჩვენებლის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. ამ მოსაზრებას რამდენიმე მიზეზი ამყარებს: ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2009 წელს მშპ-ს 4 პროცენტიან კლებაა მოსალოდნელი. 2009 წელს ლარის გაცვლითი კურსი (საშუალო წლიური) საგრძნობლად განსხვავდება 2008 წლის ანალოგიური მაჩვენებელისაგან. შესაბამისად, შემცირდება მშპ დოლარში, 2009 წელს მნიშვნელოვნად იზრდება საგარეო ვალის მოცულობა, 2009 წელს ექსპორტის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის.

“ეს მონაცემები სადაო არ არის, მაგრამ 2009 წელს მოხდა მშპ-ს შემცირება, ეკონომიკური ზრდის კლება - ხელისუფლების მხრიდან ეს უკვე აღიარებულია. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტია ის პარამეტრი, რომლითაც ხდება ამ მონაცემების გამოთვლა. მშპ, დოლარში გამოსახულიც შემცირდება - ესეც ფაქტია, რადგან 2008 წელს დოლარის კურსი ლართან მიმართებაში 1,49 იყო, ახლა კი 1,65. ჩვენი საგარეო ვალის ზრდა საკმაოდ მაღალი იყო 2009 წელს და 2010 წელს უფრო გაიზრდება, რადგან ექსპორტის ზრდა მოსალოდნელი არ არის. თუ გავაკეთებთ მარტივ გათვლას, ჩანს, რომ ეს მაჩვენებლები დიდი ნახტომით შეიცვლება" - ამბობს ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტი შოთა მურღულია.

არსებული სტატისტიკის თანახმად, საგარეო ვალის მოცულობა 2004 წელს 4,155,5 მილიონ ლარს შეადგენდა, 2006 წელს ეს მაჩვენებელი 2,954.2 მილიონ ლარს გაუტოლდა. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 4,407,4 მლნ ლარი იყო, ხოლო ბოლო მონაცემებით 5,173,4 მლნ ლარია.

მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მიმართ არსებული ვალდებულებების შემდეგ, სიდიდით მოდის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით (ევრობონდები) არსებული ვალდებულება, რომელიც 2009 წლის ბიუჯეტის მონაცემებით 831 მილიონ ლარს შეადგენს. 2008 წელს 5 წლიანი ვადით, გამოშვებულ იქნა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, რომლის დაბრუნებაც 2013 წელს არის განზრახული. ამ ვალდებულების აღების დროს, საქართველოს ბიუჯეტს გააჩნდა დადებითი ოპერატიული სალდო და ამდენად დამატებითი ვალდებულებების აღება არ იყო საჭირო.

თუ განვიხილავთ საგარეო ვალის საპროგნოზო მაჩვენებელს, მომდევნო წლების მიხედვით, (2010-2030) ვალის ძირის გასტუმრების თვალსაზრისით, ყველაზე მძიმეა 2013 წელი, როდესაც მხოლოდ ვალის დასაბრუნებლად საჭიროა 771,76 მილიონი დოლარი, რაც დაახლოებით 1 293 მილიონი ლარია, ანუ 2009 წლის ბიუჯეტის 25,2 პროცენტი. ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ მოხდება ამ ვალდებულებების სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული სახსრებით გადაფარვა.

2010-2013 წლებში საგარეო ვალის მომსახურებისათვის გადასახდელი პროცენტების მოცულობაც მაღალია (2010 წელი -71,34 მილიონი დოლარი). 2011 წელი -70, 06 მლნ დოლარი, 2012 წელი 68,16 მილიონი დოლარი, 2013 წელი - 45,72 მილიონი დოლარი. რაც ძირითადად ევრობონდების დავალიანების მომსახურებით არის გამოწვეული. ყოველწლიურად სახელმწიფოს უწევს 7,5 პროცენტის გადახდა, რაც ეკონომიკური კლების პირობებში საკმაოდ მაღალი განაკვეთია.

სხვა სიახლეები
01 თებერვალი 18:55 ჩვენი გზა, ანუ რა ვუყოთ ლარს?
08 დეკემბერი, 2010 ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სერ­ვი­სის ფორ­მას ამარ­ტი­ვებს
30 მარტი, 2010 მეოთხედფინალების დროც მოვიდა
30 ოქტომბერი, 2009 შემოსავალი და მოგება - 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სისუსტე
27 ოქტომბერი, 2009 დოლარის ფარული ძალა
11 სექტემბერი, 2009 აქციის ფასი ზაფხულის ნიშნულს გაუტოლდა