დოლარის ფარული ძალა
27 ოქტომბერი, 2009
1771
print

დაბალი საპროცენტო განაკვეთი და მზარდი ამერიკული დეფიციტი უცხოელ მეწარმეებს ჩიხში ამწყვდევს

ექსპერტების თქმით, გლობალური ეკონომიკური დაღმავლობის ყველაზე ავბედითი შედეგი არის ის, რომ მრავალი უცხოური ცენტრალური ბანკი კვლავ განიხილავს დოლარის, როგორც მსოფლიოს მთავარი რეზერვული ვალუტის, სტატუსის აღდგენას. გარდა ამისა, შიდა ფაქტორებიც - ისტორიულად აშშ-ის მცირე პროცენტული განაკვეთი და ფედერალური ბიუჯეტის ზრდადი დეფიციტი - ხელს უწყობენ დოლარის დაცემას.

დაცემული დოლარის კურსი აშშ-ის უკვე კარგა ხნის სავაჭრო დეფიციტს კიდევ უფრო გაზრდის და შეამცირებს სხვაობას იმპორტსა და ექსპორტს შორის. ამასთან, ამერიკული პროდუქციაც ოკეანესგადაღმა უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

მათ, ვისაც საკუთარი საქონელი ამერიკაში შეაქვს (მაგალითად, იტალიური ტანსაცმელი, ფრანგული ღვინო, იაპონური ელექტრონიკა, არგენტინული ხორცი), ბიზნესის კეთება ურთულდებათ, რადგან მათი საქონელი ამერიკელთათვის უფრო ძვირი ხდება. დოლარის ვარდნა ნავთობზე ფასის აწევის (ბარელზე 75$) ძირითადი ფაქტორი იყო, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ბენზინის ფასის ზრდას.

ამ ყველაფერს თავისი დადებითი მხარეც აქვს, ყოველ შემთხვევაში, ამერიკელებისთვის: დასუსტებული დოლარი კარგ სამსახურს გაუწევს ამერიკულ ეკონომიკას იმით, რომ დაეხმარება "მრავალტანჯულ" მეწარმეებს, ხელს შეუწყობს ინდუსტრიის ხელახლა გაძლიერებას და გააფართოვებს ექსპორტს, რაც დიდად არ ესიამოვნებათ სავაჭრო პარტნიორებს, განსაკუთრებით ევროპელებს.

"გაუარესება ჯანსაღია, თუ ის მოწესრიგებული და თანმიმდევრულია და არა უცაბედი, - განაცხადა კ. ფრედ ბერგსტენმა, საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსენის ინსტიტუტის დირექტორმა, - 1995-2002 წლებში დოლარმა 40%-ით აიწია. ასე რომ, ეს ხელახალი დაბალანსება სწორედაც რომ საჭიროა". მიუხედავად ამისა, ეს ექვსი წლის მანძილზე დოლარის უსწრაფესი დაცემაა; ბოლო კვირეებში დოლარი 1.50$-ით მიუახლოვდა ევროს (მარტში სხვაობამ 1.25$ შეადგინა). რაც შეეხება გირვანქას, მან დოლართან მიმართებაში 1.41$-ით აპრილში, ხოლო ბოლო კვირას 1.64$-ით იმატა.

ამერიკაში პოლიტიკურ დავას დოლარის ტრაექტორიის შესახებ თან ახლავს ეკონომისტთა მწვავე დებატები.

"დოლარის სისუსტე ამერიკელთა სამსახურებისთვის და ცხოვრების დონისთვის უმთავრესი პრობლემაა," - განაცხადა უოლ სტრიტის ეკონომისტმა დევიდ მალპასმა, რომელიც ღიად აკრიტიკებს დოლარის დაცემას.

"დოლარი უფასურდება და დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით ჩვენ ვკარგავთ ძალაუფლებას კაპიტალსა და შესყიდვებზე; მატულობს რისკი პროცენტულ განაკვეთებსა და ინფლაციის ზრდაზე," - ამბობს მისტერ მალპასი.

ამას არ ეთანხმება მისტერ ბერგსტენი და ამტკიცებს, რომ დოლარის მიმართება სხვა ვალუტებთანსწორედ ახლა გახდება სამართლიანი, თუ აშშ სავაჭრო ბალანსის დეფეციტის აღმოფხვრას გააგრძელებს.

მისი თქმით, უკანასკნელი დაცემით დოლარის საფასური ევროსთან მიმართებაში სამართლიანია, მაგრამ აზიურ ვალუტებთან, მაგალითად, იაპონურ იენასთან მიმართებაში 10%-ით უნდა დაეცეს, ამერიკული ბიზნესისთვის თანაბარი შესაძლებლობები რომ შეიქმნას.

დოლარი კი მერყეობს ძირითად ვალუტებთან, მაგრამ ჩინურ რენმინბისთან მიმართებაში სრულიადაც არ შეცვლილა. რენმინბის პეკინი იყენებს, რათა ჩინელმა ექსპორტიორებმა შეძლონ სუსტი ვალუტით სარგებლობა და გაზარდონ თავიანთი საბაზრო წილი მსოფლიოში.

ფინანსთა სამინისტროს მდივანმა ტიმოთი ფ. გეიტნერმა განაცხადა, რომ მთავრობა ძლიერ დოლარს უჭერს მხარს, მაგრამ სავალუტო ბაზრების ყურადღების ცენტრში მაინც კონკრეტული ქმედებების, მაგალითად, პროცენტული განაკვეთის ზრდის საეჭვო პერსპექტივებია.

"ობამას მთავრობას ალბათ ძლიერი დოლარი სურს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამის მხარდასაჭერად საჭირო სახსრები არ აქვს.

უახლოეს მომავალში ფედერალური სარეზერვო სისტემა განაკვეთებს ვერ გაზრდის; ვერც თეთრი სახლი შეძლებს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას," - განაცხადა ლონდონის BNY Mellon Global Markets-ის ვალუტის სტრატეგმა ნეილ მელორმა.

ამ საკითხს საკმაო პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ფსკერისკენ წასულმა ამერიკულმა ვალუტამ გამოიწვია შეტევები ობამას მთავრობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ვიცე პრეზიდენტის პოსტზე ყოფილი კანდიდატისგან, რესპუბლიკელი სარა პეილინისა და მისი თანაპარტიელებისგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ სუსტი დოლარი სუსტი ამერიკის მანიშნებელია.

"თუ დოლარი აღარ იქნება ლიდერი ვალუტებს შორის, აღარც ამერიკა იქნება ლიდერი ქვეყნებს შორის," - განაცხადა არიზონას სენატორმა, სენატის ნომერ მეორე რესპუბლიკელმა, ჯონ კაილმა. მან აღნიშნა, რომ დოლარის დაცემის გამო პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსაც აკრიტიკებდა: "ხარჯებსა და დეფიციტზე არასწორი პოლიტიკის გამო ეს მთავრობა საქმეს აუარესებს".

თუ დოლარი დაცემას, ევრო კი აწევას განაგრძობს, დაიძაბება ვაჭრობა ევროპასთან, განსაკუთრებით დიდ ექსპორტიორებთან, როგორიცაა, მაგალითად, გერმანია, რომელსაც გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა.

"ევრომ გაძლიერებისთვის ცუდი დრო შეარჩია," - განაცხადა ბერლინის გერმანელ ექსპორტიორთა ასოციაციის საერთაშორისო დეპარტამენტის თავმჯდომარემ იენს ნაგელმა: "აშშ ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირის შემდეგ და ეს დიდი დარტყმაა საავტომობილო კომპანიებისა და ინდუსტრიულ ექსპორტიორთა აღორძინებისთვის".

მისტერ მელორის ვარაუდით, დოლარი განაგრძობს დაცემას და მომავალი წლის დასაწყისში ევროსთან სხვაობა 1.60$ იქნება.

გლობალური ეკონომიკის გაუმჯობესებასთან ერთად მეწარმეები პროდუქციას ზრდიან და უპირატესობაც უფრო კონკურენტუნარიან საწარმოებს ენიჭება.

ასევეა აშშ-იც, ამბობს "Air Liquide”-ის მთავარი აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, ფრანგი პიერ დიუფორი, რომელიც საწარმოო გაზით ამარაგებს ფოლადის თუ ნახევარგამტართა დამამზადებელ კომპანიებს და სხვა ინდუსტრიულ გიგანტებს მსოფლიოში.

"ამას, როგორც ყოველთვის, ორი მხარე აქვს, - ამბობს გერმანელი კარლ მარტინ ველკერი, რომელიც კელნში მანქანის ნაწილების დამამზადებელი საწარმოს მფლობელია, - ერთი მხრივ, მისი წყალობით ჩვენი მანქანები ძვირდება.

მეორეს მხრივ, აშკარაა, რომ საერთაშორისო კომპანიები თავიანთ პროდუქციას აშშ-ში აბრუნებენ, რაც ჩვენს იქაურ გაყიდვებს უწყობს ხელს.”

რობერტ სტივენსონი და მისი მუშახელი ნიუ-იორკის საქმიანი ნაწილიდან, ბუფალოდან, მათ შორის არიან, ვინც ამ "სრიალით დაშვებას" დიდი მხიარულებით ადევნებენ თვალს.

მისტერ სტივენსონის საგვარეულო კომპანია "Eastman Machine” საფეიქრო ინდუსტრიისთვის საჭრელ ხელსაწყოებს 120 წელია, ამზადებს.

ერთი წლის წინ, ფინანსური კრიზისის დროს, მისტერ სტივენსონი იძულებული გახდა ათობით მუშაკი დროებით გაეშვა სამსახურიდან, მაგრამ მარტიდან დოლარის თითქმის 20%-ით დაცემამ მისი საქონელი საზღვარგარეთ უფრო კონკურენტუნარიანი გახადა.

მისტერ სტივენსონი იმედოვნებს, რომ შემდეგი თვისთვის გააფორმებს მრავალმილიონიან კონტრაქტს ევროპაში, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, ხელახლა დაიქირავოს მუშახელი.

"ეს ვერ მოხდებოდა ვერც ხუთი, ვერც ორი წლის წინ. პირობები ბიზნესის

კეთებისათვის კვლავ არახელსაყრელია, მაგრამ დოლარმა უფრო აგრესიულები გაგვხადა საზღვარგარეთ"- განაცხადა მან.

ნელსონ შვარცი პარიზი

სხვა სიახლეები
01 თებერვალი 18:55 ჩვენი გზა, ანუ რა ვუყოთ ლარს?
08 დეკემბერი, 2010 ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სერ­ვი­სის ფორ­მას ამარ­ტი­ვებს
30 მარტი, 2010 მეოთხედფინალების დროც მოვიდა
30 ოქტომბერი, 2009 შემოსავალი და მოგება - 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სისუსტე
21 ოქტომბერი, 2009 საგარეო ვალი კრიტიკულ ზღვარზე
11 სექტემბერი, 2009 აქციის ფასი ზაფხულის ნიშნულს გაუტოლდა