შემოსავალი და მოგება - 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სისუსტე
30 ოქტომბერი, 2009
1738
print

სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება ქვეყნის მოსახლეობის წინაშე განხილვის სტადიაშია.

მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" მიზნად ისახავს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური ნუსხის დამტკიცებას. ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ კეთილშობილური მისიის შესრულების მთავარ წინაპირობად პარლამენტის დეპუტატები წარმოდგენილი დოკუმენტის ხარვეზის გარეშე დამტკიცებას მიიჩნევენ. საპარლამენტო განხილვების დროს ბიუჯეტის პროექტზე აუცილებელია არსებობდეს კონტროლის პალატისა და ეროვნული ბანკის დადებითი დასკვნა. კონტროლის პალატის რეკომენდაციებში ნათქვამია: "საბიუჯეტო კოდექსი, რომელიც პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად შევიდა, აერთიანებს და სისტემატიზაციას უკეთებს ქვეყნის საბიუჯეტო სისტემის მოწყობის განმსაზღვრელ და საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებს. ჩვენი აზრით, საბიუჯეტო კოდექსის წარმოდგენილი პროექტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მოითხოვს დეტალურ განხილვას შესაბამის საექსპერტო დასკვნებთან ერთად, რომელიც, როგორც ამავე პროექტის განმარტებითი ბარათიდან ჩანს, საერთოდ არ არსებობს". ამასთან, შენიშვნებში ხაზგასმულია, რომ პირველ რიგში ასეთი საექსპერტო დასკვნები სასურველია, თუ მიღებული იქნება ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკია.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევრობანკი) უკვე გამოაქვეყნეს წინასწარი ანგარიში მიმდინარე წლის საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და მომავალი წლის პერსპექტივების შესახებ. ანგარიშებში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ეკონომიკა 5 პროცენტით შეიკვეცა. თუმცა მომავალ წელს მოსალოდნელია, მთლიანი შიდა პროდუქტი (ქვეყანაში წარმოებული საქონელი და მომსახურება) 2 პროცენტით გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გონივრულ ფისკალურ პოლიტიკას წარმართავს. ამ მიმართულებით გაწეული რეკომენდაციები ძირითადად ამ ეტაპზე არსებული ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრას ითვალისწინებს. დასახელებულ ფაქტორებს შორის არის: უცხოური კერძო კაპიტალის განახლებული შემოდინება; ბანკების დაკრედიტების საქმიანობის განახლება (რაც ამჟამად პრობლემური სესხების დიდი მოცულობების გამო იზღუდება); გადასახადების აკრეფის გამკაცრება; არაეფექტური პროგრამების დაფინანსების შეჩერება და სხვა.

გაითვალისწინა თუ არა საქართველოს მთავრობამ ზემოთ აღნიშნული ფაქტორები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შექმნის დროს, ამის შესახებ შესაძლებელია პარლამენტში წარმოდგენილი დოკუმენტებით ვიმსჯელოთ. დოკუმენტის "საერთო ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და პროგნოზი" პირველი თავი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მიმოიხილავს და ნათქვამია, რომ "2009 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8.5 პროცენტით შემცირდა და ნომინალურ გამოხატულებაში 8.1 მლრდ ლარს გაუტოლდა. თავდაპირველი პროგნოზის (მსოფლიო ფინანსური კრიზისის და აგვისტოს მოვლენებამდე) მიხედვით 2009 წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 10.0 პროცენტით, ნომინალური ზრდა 19.9 პროცენტით, ხოლო მშპ-ს ნომინალური მნიშვნელობა კი 23.7 მლრდ ლარით იყო განსაზღვრული. იანვარ-ივნისის შედეგების გათვალისწინებით და მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებული ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, 2009 წელს რეალური მშპ, სავარაუდოდ, 4.0 პროცენტით შემცირდება და ნომინალურ გამოხატულებაში 18.3 მლრდ ლარს გაუტოლდება. პროგნოზული შეფასებებით, 2010 წლისათვის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2.0 პროცენტით გაიზრდება და ნომინალურ გამოხატულებაში 19.0 მლრდ ლარს გადააჭარბებს.

მიმდინარე წელს ეკონომიკა შეიკვეცა. მომავალ წელს, სავარაუდოდ, ეკონომიკის ფრაგმენტულ ზრდას უნდა ველოდოთ. ასეთ პირობებში, შეძლებს თუ არა ხელისუფლება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სტიმულირებას, აღნიშნულ პროექტში ნათლად არ ჩანს.

მიმდინარე წელს ახალი საგადასახადო განაკვეთები შემცირდა, რამაც საგადასახადო შემოსავლებზე გავლენა მოახდინა - შემოსავლების კლება დაფიქსირდა. ბუნებრივია, ეს არის ფისკალური პოლიტიკის სუსტი მხარე და მას შეცვლა სჭირდება. საინტერესოა, გადასახადების განაკვეთების შემცირება რატომ არ აისახა ფასების კლებაზე? დღემდე, წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები სწრაფად იზრდება, რაც რეალურ მთლიან შიდა პროდუქტზე უარყოფითად აისახება.

წარმოდგენილ პროექტში საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების 23.6 პროცენტს წაიღებს. აშკარაა, რომ კერძო სექტორს, უხეშად რომ ვთქვათ, რეინვესტირებისთვის მიღებული შემოსავლებიდან უმნიშვნელო კაპიტალი დარჩება. დოკუმენტში ნათქვამია: “2010 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 231.0 მლნ ლარით. მისი ფარდობითი მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 27.5 პროცენტს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 504.0 მლნ ლარით, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23.6 პროცენტს შეადგენს. საქართველოს 2010 წლის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლების გაანგარიშებისას მხედველობაში იქნა მიღებული 2010 წლისთვის ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო მაჩვენებლები, კერძოდ, ეკონომიკური ზრდა (2.0%), ფასები (მშპ-ს დეფლატორის ცვლილება 2.0%), საგადასახადო პოლიტიკა (საგადასახადო ბაზისა და განაკვეთების ცვლილება), ადმინისტრირების დონის გაუმჯობესება და სხვა ფაქტორები.

საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 4 865.4 მლნ ლარს შეადგენს. 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 4 235.0 მლნ ლარით განისაზღვრა და მთლიანი შიდა პროდუქტის 22.0 პროცენტს შეადგენს. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები ცალკეული გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 142.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ს 5.9 პროცენტია და 2009 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 4.0 პროცენტით იზრდება. ამ გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლების გაანგარიშებისას მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ 2010 წელს საშემოსავლო გადასახადი პროცენტის სახით მიღებულ შემოსავლებზე 5%-მდე შემცირდება.

მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 491.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ს 2.6 პროცენტია და 2009 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 1.4 პროცენტით მცირდება. დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 065.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ს 10.7 პროცენტს შეადგენს და 2009 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 3.1 პროცენტით მცირდება. აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 468.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 2.4 პროცენტს შეადგენს და 2009 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 2.0 პროცენტით აღემატება. საბაჟო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 38.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ს 0.2 პროცენტს შეადგენს და 2009 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 8.6 პროცენტით იზრდება. სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 31.0 მლნ ლარით.

წარმოდგენილი ციფრებიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა გადასახადების ბიუჯეტში მობილიზებას შემცირებული საგადასახადო განაკვეთების იმედით აპირებს. მაგრამ რა აზრის აქვს საშემოსავლოს ან მოგების გადასახადის შემცირებას იმ საინვესტიციო გარემოში, სადაც კერძო სექტორს მოგება და შემოსავლები ისედაც შემცირებული აქვს?

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სხვა სიახლეები
01 თებერვალი 18:55 ჩვენი გზა, ანუ რა ვუყოთ ლარს?
08 დეკემბერი, 2010 ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სერ­ვი­სის ფორ­მას ამარ­ტი­ვებს
30 მარტი, 2010 მეოთხედფინალების დროც მოვიდა
27 ოქტომბერი, 2009 დოლარის ფარული ძალა
21 ოქტომბერი, 2009 საგარეო ვალი კრიტიკულ ზღვარზე
11 სექტემბერი, 2009 აქციის ფასი ზაფხულის ნიშნულს გაუტოლდა