ყველაზე ხანგრძლივი სერიალი დაიხურა
22 სექტემბერი, 2009
2158
print

მსოფლიო ტელესივრცეში ყოველდღიურად ასობით სატელევიზიო სერიალის ტრანსლირება მიმდინარეობს. ქართულ არხებსაც საკუთარი ეთერის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საპნის ოპერებისთვის აქვს განკუთვნილი. მათ შორის ძალიან ცოტაა ისეთი, რომლის ყურებაც ღირს და არც ამის აღიარება ჩაგეთვლებათ სირცხვილად.

მიუხედავად ამისა, ყველა სერიალს თავისი მაყურებელი ჰყავს, ზოგს კი იმდენად ერთგული, რომ დილით წინა საღამოს ნანახი სერიის გამეორებასაც უყურებს. საბედნიეროდ, ყველა სერიალი ადრე თუ გვიან მთავრდება, თუმცა არის ისეთებიც, რომლის დღეს არც პირველი სერიები ახსოვთ და არც თავდაპირველი სიუჟეტი. სწორედ ასეთია "მაჩვენებელი სინათლე", რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი სერიალია და რომლის უკანასკნელი სერიაც ორიოდე დღის წინ აჩვენეს.

1937 წლის 20 იანვარს ამერიკის მეორედ არჩეული პრეზიდენტის, ფრანკლინ დელანო რუზველტის ინაუგურაციის ცერემონიალი გაიმართა. წესით ქვეყნის მთავარი მოვლენა სწორედ ეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამერიკის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი დიასახლისების ყურადღება სულ სხვა მხარეს იყო მიმართული. უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში NBC Radio-ს ეთერში იმ დროისთვის სრულიად ახალი მოვლენის, რადიო

სერიალის ანონსი ტრიალებდა. დიქტორი მთელი ეშხით მოუწოდებდა მსმენელს, 25 იანვარს შინ ყოფილიყვნენ, რათა საღამოს ეთერი არ გამორჩენოდათ - "მაჩვენებელი სინათლის" პირველი რადიო სერია სწორედ ამ დღეს უნდა გასულიყო. იგივე დიქტორი კი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი ხმა 72 წლიან საპნის ისტორიას უდებდა საფუძველს.

საპნის ოპერების სიუჟეტების ცნობილი ავტორის, ირნა ფილიპსის იდეით დადგმული "მაჩვენებელი სინათლე" ტიპიური საპნის ოპერაა უამრავი პერსონაჟით, სიყვარულით, ინტრიგებით, ღალატითა და საიდუმლოებებით. სერიალის სახელწოდება პირველი რამდენიმე სეზონის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ეკლესიის მსახურის ჩვევას უკავშირდება, რომელიც ყოველ საღამოს ფანჯარის რაფაზე ანთებულ სანთელს დგამდა, რათა ადამიანებისთვის უსაფრთხო ადგილის გარდა და სულიერი სიმშვიდისკენ მიმავალი გზაც გაენათებინა. მართალია, ამ პერსონაჟის სახელი დიდი ხანია ტიტრებში აღარ იკითხება, სხვადასხვა წლების განმავლობაში მას ირიბად თუ პირდაპირ მაინც იხსენებდნენ ხოლმე.

დღეს ძნელია იმის თქმა, კონკრეტულად ვინ იყვნენ სერიალის მთავარი გმირები, რადგან 72 წლის განმავლობაში სიუჟეტის ძირითადი ხაზის პერსონაჟები ბაუერების, რობერტსების, ჰოლდენების, გრანტების, ნორისების, ფლეჩერების, მეისონების, ტორპების, მერლერებისა და სხვა გვარის ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ. სერიალის სიუჟეტი დროთა განმავლობაში არა მხოლოდ იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ რა მიმართულებით ვითარდებოდა პერსონაჟების ცხოვრება, არამედ დროის, ეპოქის, პოლიტიკური ვითარების, მუსიკალური გემოვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებითაც. თუ დასაწყისში ფონად მეორე მსოფლიო ომი გასდევდა, 50-იანი წლების ბოლოს იგი როკ`ენ`როლმა და სექსუალურმა რევოლუციამ შეცვალა, 60-იანი წლების ბოლოს სერიალის რამდენიმე პერსონაჟი ჰიპი გახდა, ზოგი კი ვიეტნამის ომში წავიდა. "ეს სერიალი ამერიკული ცხოვრების ანარეკლია. ჩვენ ისტორიას აღვწერდით, ჩვენ თავად ვართ ისტორია", - განაცხადა სერიალის პროდიუსერმა ელენ უილერმა.

"მაჩვენებელი სინათლე" NBC Radio-ს ეთერში 1952 წლამდე გადიოდა. ამ დროისთვის მისი მაღალი რეიტინგი პრაქტიკულად არ იცვლებოდა, რაც შემქმნელებისთვის საკმაოდ დიდი შემოსავლის პირდაპირპროპორციულიც იყო. სწორედ ამიტომ მისი შეძენა ბევრ სხვა რადიოს სურდა, თუმცა ამ პერიოდში უკვე ტელევიზიის ხანა იწყებოდა, რომელსაც საკუთარი ეთერისთვის რაც შეიძლება მომგებიანი პროექტები სჭირდებოდა. ამიტომ მალე "მაჩვენებელმა სინათლემ" ტელეკომპანია CBS-ის ეთერში გადაინაცვლა და ვიზუალური მხარე შეიძინა.

"მაჩვენებელი სინათლე" მთლიანობაში 15 ათას 500 სერიას შეადგენს. როგორც სერიალის ფანებმა დაითვალეს, ვინაიდან თითო სერია 45-60 წუთს შეადგენს, ყველა სერიის სანახავად შესვენებების გარეშე წელიწად ნახევარია საჭირო. 72 წლის განმავლობაში მასში ასობით მსახიობმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის დღეს უკვე საკმაოდ ცნობილებიც არიან: კევინ ბეიკონი, ჯეიმს ერლ ჯონსი, კალისტა ფლოკარდი და სხვები. სერიალი 357-ჯერ იყო ნომინირებული სხვადასხვა ჯილდოზე და 94 პრემია აქვს მოპოვებული (მათ შორის "ემიც), რაც თავისთავად უკვე წარმოადგენს რეკორდს და გინესის რეკორდების წიგნშიცაა შესული.

პოპულარობისა და მილიონობით თაყვანისმცემლის პროტესტის მიუხედავად, "მაჩვენებელი სინათლე" საბოლოდ მაინც დაიხურა. ამის მიზეზი კი დაბალი რეიტინგი და დაკარგული აქტუალობა იყო. მაყურებელს უბრალოდ მობეზრდა მისი ყურება, რაც სერიალისთვის ერთგვარ განაჩენადაც იქცა.

სხვა სიახლეები
12 იანვარი, 2015 სატელევიზიო გლობუსი
03 ნოემბერი, 2014 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება
16 მარტი, 2013 „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი საპარლამენტო კომიტეტში
02 მარტი, 2013 საზოგადოებრივ მაუწყებელში კვლავ ცვლილებებია
12 თებერვალი, 2010 MTV მუსიკალური აღარაა