ვენეციის არქიტექტურის ბიენალე 2010
03 სექტემბერი, 2010
1579
print

ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს არქიეტქტურაში? ალბათ.

ასეთი შეხვედრებისგან შედგება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ზოგიერთი შეხვედრა გვახარებს, აღგვაფრთოვანებს, ზოგი - შფოთის ან უსუსურობის განცდას ბადებს, ზოგი დიდი ხნით გვამახსოვრდება, ზოგს კი ვერც ვამჩნევთ ან სწრაფად ვივიწყებთ. ასეთი შეხვედრების ადგილი იყო თბილისი და ასეთი შეხვედრების ადგილია დღეს ვენეცია - მისი ბიენალე, მსოფლიოში უდიდესი არქიტეტურული ფორუმი.

ბიენალე ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს სვამს და ახალ გზებს სახავს არქიტექტურის განვითარებაში.

"ჩვენი მიზანია დავუკავშიროთ არქიტექტურა ადამიანებს, ადამიანები არქიტექტურას და თავად ადამიანები ერთმანეთს" - ამბობს წლევანდელი, XII საერთაშორისო არქიტექტურული გამოფენის კურატორი იაპონელი არქიტექტორი კაზუია სეჟიმა. სეჟიმა პირველი ქალი კურატორია ვენეციის არქიტექტორის ბიენალეს ისტორიაში. ის SANAA-ს - არქიტექტურული სტუდიის დამაარსებელი, ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური შენობების ავტორი, რომლებიც მიმობნეულია მსოფლიოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში (ახალი მუზეუმი ნიუ იორკში, სერპანტინ პავილიონ ლონდონში, კრისტიან დიორის შენობა ტოკიოში, როლექსის სასწავლო ცენტრი ლოზანაში და სხვა), პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი და 2010 წლის პრიცკერის პრიზის ლაურეატია. მისი შემოქმედება იაპონიის ათასწლოვანი ტრადიციას და მინიმალისტურ გეომეტრიას ეფუძნება..

"ეს გამოფენა უნდა იქცეს საშუალებად წარმოაჩინოს არქიტექტურის შესაძლებლობები, ასევე შეთავაზებების მრავალმხრივობა, რომელთაგან ყოველი ცხოვრების სხვადასხვა სტილს გულისხმობს" - ამბობს სეჟიმა. ალბათ ამიტომ ინოვაციურად, წლევანდლი ბიენალე პირველად ისტორიაში, იწყებს საგანმანათლებლო ინიციატივას - საუნივერსიტეტო პროექტს, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს და პედაგოგებს ბიენალეზე დასწრების და სემინარების მოწყობის საშუალებას მისცემს.

XII საერთაშორისო არქიტექტურული გამოფენა, რომელშიც წელს 53 ქვეყანა მონაწილეობდა 28 აგვისტოს ვენეციაში საზეიმოდ გაიხსნა. არსენალეს და ჯარდინის პავილიონები იქცა დამოუკიდებელ სივრცედ ყველა მონაწილისათვის, რათა მათ წარმოედგინათ თემის საკუთარი ინტერპრეტაცია, და პერსონალური პასუხი დასმულ პრობლემაზე. მონაწილეებს შორის არიან Atelie Bow Wow, ტოიო იტო, ოლაფერ ელიასონი, რენცო პიანო, ტრანსსოლარი, რემ კოლჰაასი, ვიმ ვენდერსი და სხვა.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ისეთი ცნობილი არქიტექტორები, როგორც არატა ასოძაკი, ბეატრის კოლომინა, ფრანჩესკო დალკო, და სხვა, ოქროს ლომი წვლილისათვის არქიტექტურის განვითარებაში გადასცა ნიდერლანდელ არქიტექტორს რემ კოლჰაასს. კოლჰაასმა არქიტექტურის საზღვრები გააფართოვა. მისი გავლენა მსოფლიო არქიტექტურის და საზოგადოების განვითარებაზე იმდენად დიდია, რომ ჟურნალმა Time - მა მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მოათავსა. მეტროპოლიტენ არქიტექტურის ოფისების OMA და AMO დამაარსებელი, პრიცკერის პრიზის ლაურეატი დაუღალავად იღწვის სხვადასხვა მიმართულებით. მისი წიგნები SMLXL და Delirious New York დაწერილი, როგორც არქიტექტურული რომანი, თანამედროვე არქიტექტურული თეორიის კლასიკად იქცა.

სეჟიმას შეთავაზებით ოქროს ლომი, როგორც არქიტექტურული მახსოვრობის ფაქტი მიენიჭა იაპონელ არქიტექტორს კაზუო შინოჰარას, რომელიც 2006 წელს გარდაიცვალა. შინოჰარას გავლენა იაპონიის არქიტექტურაზე საოცრად დიდია, "შინოჰარას სკოლის" ინსპირაციით არაერთი თაობა გაიზარდა და ეს გავლენა იაპონიის საზღვრებს გარეთაც გავრცელდა.

ყველასათვის მოულოდნელად ოქროს ლომი საუკეთესო ეროვნული პავილიონისათვის გადაეცა ბაჰრეინის სამეფოს, რომელიც პირველად მონაწილეობდა ბიენალეზე. ჟიურიმ აღნიშნა საკუთარი კულტურის საინტერესო ანალიზი ქვეყანაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების ფონზე. ოქროს ლომი საუკეთესო პროექტისათვის, კი იაპონელ არქიტექტორს ჯუნიო იშიგამის - უნიკალური და უკომპრომისო ხედვისათვის პროექტში "არქიტექტურა, როგორც ჰაერი, შატო ლეკოსტის კვლევა".

ვერცხლის ლომი ახალგაზრდა იმედისმომცემი არქიტექტორისათვის გადაეცა კირსტენ გირს და დევიდ ვან სევერენს კოლაბორაციული პროექტისათვის ფოტოგრაფ ბას პრინსტენთან ერთად (7 ოთახი 21 პერსპექტივა). ოფიციალური ჯილდოებისგან დამატებით, ბიენალემ განსაკუთრებით აღნიშნა ამატეურ არქიტექტურის სტუდიო (ჩინეთი) - პროექტით გუმბათი, მუმბაის სტუდიო - პროექტით სამუშაო ადგილი და ლანდშაფტის არქიტექტორი პიტ ოუდოლფი მისი იმპრესიონისტული ბაღისათვის.

ადამიანების არქიტექტურაში შეხვედრები დაიწყო და 21 ნოემბრამდე, ბიენალეს დახურვამდე კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. საუნივერსიტეტო პროექტთან ერთად იმუშავებს ახალი პროგრამა - შაბათის არქიტექტურა. მის ფარგლებში ყოველ შაბათს მოეწყობა ლექცია სემინარები ბიენალეს ყოფილი კურატორების მონაწილეობით - ვიტორიო გრეგოტი, რიჩარდ ბარდეტი, კურტ ფორსტერი, აარონ ბეტსკი, კაზუია სეჟიმა. ონლაინ კონკურსი ახალგაზრდებისათვის საუკეთესო ესსე და ფოტოგრაფიის გამოსავლენად და მრავალი სხვა აქცია თუ ღონისძიება.

P.S. შემდეგ წერილში შემოგთავაზებთ ექსკლუზიურად 24 საათისთვის ჩაწერილ ინტერვიუებს.

ლენა კილაძე

ვენეცია

სხვა სიახლეები
29 სექტემბერი, 2009 მერიის ახალი ინიციატივა სამშენებლო ბაზარს სტაბილურს გახდის
23 სექტემბერი, 2009 სამშენებლო ბაზრის 10 პროცენტი გაცოცხლდა
14 სექტემბერი, 2009 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რეაბილიტაციის მესამე პროექტი