„ფერარის“ ფ1-ის ბოლიდის რეპლიკა
07 მარტი, 2014
923
print

ამ უცნაურ ავტომობილს რეპლიკასაც ვერ დაუძახებ.

მაგრამ მისი ავტორი მაინც ქებას იმსახურებს. მერე რა, რომ მის „ფერარის“ შეუფერებელი (ფ1-სთვის) ფორმები და ბორბლები აქვს? მერე რა, რომ ძრავი წინაა განლაგებული და სარეკლამო წარწერებშიც, ერთი-ორი „სხვა“ სახელი გამოერია? ან საჭე რას ჰგავს?

სხვათა შორის, ძრავი რომ წინაა მოთავსებული, ეს ერთი უცნაურობაა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარაა - 0.55-ლიტრიანია, მაინც საოცარია, როგორ მოახერხა ავტორმა მისი იქ ჩატევა, სადაც ჩვეულებრივ ფ1-ის ბოლიდებს პილოტის ფეხებისთვისაც ძლივს ჰყოფნის ადგილი... ასეთი ძრავით მანქანას რა ტემპერამენტი ექნება, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს. ბორბლებზეც ეტყობა, რომ თავის პილოტს გადატვირთვას ვერ აგრძნობინებს.

ეს მანქანა ინდონეზიელმა აბდულ ლატიფმა დაამზადა, ვინც ქალაქ ბალის მახლობლად ცხოვრობს. თავისი უცნაური ბოლიდის შექმნა დაახლოებით 50 მილიონი ინდონეზიური რუპია დაუჯდა, რაც დაახლოებით 4 300 დოლარს უდრის. ამასთან, ლატიფმა ბევრი შრომა გასწია და თავის „შედევრს“ დიდი დროც დაუთმო. კონსტრუქციაც თავად შეიმუშავა.

საინტერესოა, რომ თავისი მანქანის ნაწილების დონორად, „დაიჰაცუს“ 1980-იან წლებში გამოშვებული „ჰაიჯეტი“ გამოიყენა. ცნობისათვის, ეს არის ძალიან პატარა ავტომობილი, რომელიც მიკროვენისა და მიკრო პიკაპის ძარებით გამოდიოდა. შასის და ძრავის გარდა, ამავე ავტომობილისგანაა აღებული საკიდარის ელემენტებიც.

ლატიფი ამბობს, რომ ამით არ დაკმაყოფილდება და მალე კიდევ ერთ რეპლიკაზე დაიწყებს მუშაობას. ოღონდ, ამჯერად ავტომობილი ფ1-ის ბოლიდის ზომებში შესრულდება, ძრავი კი პილოტის უკან მოთავსდება.