პატარა წიქებით
21 ნოემბერი, 2014
1132
print

ავსტრია - 2014 წლის მოსავალი

2014 წელს ავსტრიელ მევენახეებს არც ისე სახარბიელო ამინდები დაუდგათ. გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე უხვი ნალექი იყო, მზე იშვიათად თუ გამოანათებდა - ამის გამო მეღვინეები იძულებულნი გახდნენ, ვენახზე განსაკუთრებით ეზრუნათ, რათა მაქსიმალურად კარგი მოსავალი მიეღოთ. მართალია, მოსავალი სიუხვით არ გამოირჩევა, მაგრამ იმედია, რომ წელს ავსტრიელები საკმაოდ ხალისიან და ხილის არომატებით გაჯერებულ ღვინოს დააყენებენ. წინასწარი გათვლებით, შემოდგომის მიწურულს მხოლოდ 214 მილიონი ლიტრი ღვინო იქნება დაწურული.

Austrian Wine Marketing Board-ის გენერალური დირექტორი, ვილი კლინგერი აღნიშნავს, "იმის წყალობით, რომ სექტემბერში საკმაოდ მზიანი ამინდები დაგვიდგა, გრუნერ ველტლინერისაგან (Grüner Veltliner) შესანიშნავი ღვინო დადგება. მართალია, მას მცირე რაოდენობით შემოგთავაზებთ, მაგრამ ეს იქნება ხილის არომატით გამორჩეული და საუცხოო სასმელი."

 ბრიტანეთში პირველი iPub გაიხსნა

ბრიტანეთში, უელსის ქალაქ სუონძიში გაიხსნა პაბი, სადაც სტუმარი საკუთარ თავს თვითონვე ემსახურება და შეკვეთას ოფიციანტის ნაცვლად iPad-ს აძლევს. პაბს, რომელსაც Westbourne ჰქვია, მომხმარებლები ძალიან მარტივად iPub-ს უწოდებენ. თავად პაბის მფლობელი მარკ ლინგვუდი კი აღნიშნავს, რომ ასეთი მაღალტექნოლოგიური სისტემების წყალობით მსგავს დაწესებულებებში რიგები საგრძნობლად შემცირდება. პაბში მისული სტუმარი შესასვლელშივე იღებს ბარათს. მას მაგიდაზე ხვდება სენსორული დაფა. სწორედ ამ დაფაზე ბარათის შეხებით შეუძლია მას ნებისმიერი სასმელი ან თუნდაც მისაყოლებელი შეუკვეთოს. ცენტრალიზებული სისტემა თითოეულ შეკვეთას მკაცრად აკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ ამ სიახლის დანერგვა მარკ ლინგვუდს 20 000 გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, თუმცა მას გადაწყვეტილი აქვს, ახლო მომავალში მსგავსი აპარატურით აღჭურვილი რესტორანიც გახსნას.

 შავი ყურძენი ძვლებს ამაგრებს

ამერიკული ჟურნალი Journal of Clinical Endocrinology & Metabolism იუწყება, რომ მეცნიერებმა შავი ყურძნის ახალი სასიკეთო თვისება აღმოაჩინეს. ისინი აკვირდებოდნენ საშუალო ასაკის, ჭარბწონიან ქალებსა და მამაკაცებს, რომლებსაც რეგულარულად აძლევდნენ რეზვერატროლს - ნივთიერებას, რომელსაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს შავი ყურძნის კანი. მალევე დადგინდა, რომ ეს ნივთიერება დადებითად მოქმედებს ძვლოვან ქსოვილზე და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. დაკვირვებიდან მე-16 კვირას მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ექსპერიმენტის მონაწილეთა ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილები სწრაფად აღდგა და განვითარდა. მართალია, სამკურნალო ეფექტი რეზვერატროლს მხოლოდ დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში აქვს, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით შეგვიძლია შავი ყურძენი და მისგან დაწურული სასმელიც გამოვიყენოთ. თუმცა მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ წითელი ღვინო არ არის რეზვერატროლის საუკეთესო წყარო. უმჯობესია, შავი ყურძნისაგან დაწურული ნატურალური, დაუშაქრავი წვენი მივირთვათ.

 მეცნიერებმა გლადიატორთა სასმელის საიდუმლო ამოხსნეს

რამდენიმე წლის წინ ქალაქ ეფესოში (თურქეთი) ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას გლადიატორთა საფლავები აღმოჩნდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეებში რომაელი გლადიატორები ძირითადად ვეგეტარიანელები იყვნენ. ისინი მარცვლეულით, ბოსტნეულითა და ძირნაყოფა მცენარეებით იკვებებოდნენ. მკვლევარებმა გლადიატორთა და იმავე პერიოდში იმავე ადგილას მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანების ძვლები ერთმანეთს შეადარეს და დაადგინეს, რომ გლადიატორების ორგანიზმი საოცრად დიდი რაოდენობით კალციუმსა და მაგნიუმს შეიცავდა. მომდევნო კვლევისას კი ისიც გაირკვა, რომ ვარჯიშის შემდეგ გლადიატორები სვამდნენ ეგრეთ წოდებულ "სპორტულ სასმელს", რომელიც ნაცრისაგან მზადდებოდა. ნაცარი კონცენტრირებული სახით შეიცავს იმ მიკროელემენტებს, რომლებიც კუნთების ზრდასა და ძვლების სიმაგრეს უწყობს ხელს.

 შამპანურის ყველაზე დიდი ბოთლი

ახლახან ლონდონში შამპანურის კვირეული ჩატარდა. ამასთან დაკავშირებით ბარ Searcys St Pancras Grand-ში მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის შამპანურის ბოთლი გამოიტანეს. 120 სმ-ის სიმაღლის ბოთლი, რომელშიც 30 ლიტრი სასმელი (შამპანურის 40 ჩვეულებრივი ბოთლი) ეტევა, საფრანგეთში შეუკვეთეს. იქიდან კი ბოთლი გიგანტური ზომის ჭიქებთან და საგანგებო სადგამთან ერთად ჩაიტანეს ლონდონში. იმის გამო, რომ ამ ბოთლის დამზადება და ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი დაჯდა, ხოლო ბოთლიდან სასმელის ჩამოსხმა რთული ამოცანაა, შამპანური საკმაოდ ძვირი ეღირება. ბარის მფლობელები ჯერ არ აკონკრეტებენ, თუ როდის გაიხსნება ეს გიგანტური ბოთლი და რა ეღირება ერთი ჭიქა შამპანური.

 თეფში გახდომის მსურველთათვის

გახდომის მსურველები ხშირად ვერ განსაზღვრავენ, ზუსტად რა რაოდენობის საკვები უნდა მიიღონ. ჰოლანდიელმა დიზაინერმა, ანეტ ბრიუილმა გადაწყვიტა, მათ დაეხმაროს და "ჭკვიანი" თეფშის დიზაინი შექმნა. თეფშზე რამდენიმე დანაყოფია მონიშნული, რაც გახდომის მსურველებს დაეხმარება, ზუსტად განსაზღვრონ, რა რაოდენობით მიიღონ ესა თუ ის პროდუქტი. მაგალითად, თეფშზე მონიშნულია ხორცის, ბოსტნეულის, მაკარონის, სალათებისა და აშ. დანაყოფები. თეფში აშშ-ისა და ჰოლანდიის კვების ინსტიტუტების რეკომენდაციების მიხედვით არის შექმნილი. ასე რომ, დანაყოფების ხაზები დიდი მეცნიერული გათვლის შედეგად არის აღნიშნული. ასევე უნდა ითქვას, რომ დიეტოლოგების დაკვირვებით გახდომის მსურველები ძირითადად თეფშის ზომას აკვირდებიან და არა ნაყროვანების სიმძაფრეს. ამიტომ "დიეტური" თეფშის ზომაც საგანგებოდ არის შერჩეული. ამ "ჯადოქრობის" წყალობით, გახდომის მსურველი ადამიანი საკვების ულუფას განსაზღვრავს და დიეტის სასურველ შედეგსაც ძალიან მალევე თვალნათლივ დაინახავს.

 

lika andiashvili