თიხა და ღვინო
05 დეკემბერი, 2014
883
print

გიორგი ბარისაშვილი

 

ტოსკანა 2014

თიხა და ღვინო (La Terracotta e il Vino)  - მიმდინარე წლის 22-23 ნოემბერს სწორედ ამგვარი სახელწოდებით გაიმართა ძალზე საინტერესო ღონისძიება ტოსკანაში, ქალაქ ფლორენციის მახლობლად მდებარე პატარა სოფელ  იმპრუნეტაში. ღონისძიებას კონფერენციის ხასიათი ჰქონდა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. მას იტალიიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, საქართველოდან და ა.შ. ჩასული 30 მეწარმე ესწრებოდა. სტუმრების გარდა ღონისძიებაში 100-მდე დამსწრეც იღებდა მონაწილეობას. თუმცა ამ მრავალეროვან საზოგადოებას ერთი საერთო ჰქონდა - ღვინის დასაყენებელი თიხის ჭურჭელი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ უცხოელ მეღვინეს ღონისძიებაზე საქართველოდან წაღებულ ქვევრებში დაყენებული ღვინო ჰქონდა წარმოდგენილი; ზოგ მეღვინეს „ამფორაში“ დაყენებული ღვინო ჰქონდა მოტანილი; ზოგს კი, მაგალითად, ცნობილ იტალიელ მეღვინე ქალბატონს - ელისაბედ ფორადორის  „ტინახაში“ დაყენებული ღვინო და სხვ. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ღონისძიების განმავლობაში მცდელობაც კი არავისგან ყოფილა, რომ ქვევრი ამფორად მოენათლათ. არადა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ზოგიერთი ვაიქართველი ამფორისა და ქვევრის გაიგივებას ხელსაც კი უწყობს...

 ღონისძიების პირველი დღე დაეთმო მოხსენებებს. ქართველმა მონაწილეებმა გამართეს პრეზენტაცია და წაიკითხეს მოხსენება თემაზე - „ქვევრის კულტურა საქართველოში“. ერთ-ერთმა უცხოელმა მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოების წინაშე განაცხადა, რომ თურმე მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის საწყისიც, კერაცა და აკვანიც სომხეთი ყოფილა... სწორედ ეს გახდა საბაბი იმისა, რომ კონფერენციის ქართველ მონაწილეს  ბექა გოცაძეს, მეორე დღეს საკუთარ მოხსენებაში დამსწრეთათვის ამ საკითხის მართებული ახსნა-განმარტება გაეკეთებინა. მანვე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელიც ეხება იუნესკოს მიერ ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას. პირველი დღის მოხსენებების შემდეგ გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, რომელზეც ქართულმა მხარემ წარმოადგინა 3 ღვინო და 1 ჭაჭა:

1. ბექა გოცაძე - ქვევრში დაყენებული საფერავი და კახური მწვანე;

2. იაგო ბიტარიშვილი - ქვევრში დაყენებული ჩინური;          

3. გიორგი ბარისაშვილი - ქვევრში დავარგებული ჭაჭა.

ჩვენ მიერ წარმოდგენილმა სასმელებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რის შედეგადაც ქართულ მხარეს ღვინის საგამოფენო მარაგები დროზე ადრე ამოეწურა... ჩვენი კუთხე გამორჩეული იყო. მას ამკობდა საქართველოს დროშა, მთელი ღონისძიების განმავლობაში კი ჩვენი სტენდის ერთ-ერთ კედელზე პროექტორის მეშვეობით ტრიალებდა მარნებისა და ქვევრების ძველი სურათები, რითაც არაერთი სტუმარი დაინტერესდა. გარდა ამისა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაესინჯათ გოცაძეების ოჯახის მიერ გამოფენაზე სპეციალურად ჩატანილი დედას პური და ჩურჩხელა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართული მხარე აღნიშნულ ღონისძიებაზე ნამდვილად ღირსეულად წარდგა, რაშიც ძალიან დაგვეხმარა უკრაინელი მეგობარი, დენის მარჩენკო, რომელიც ქართული ტრადიციული ღვინის დიდი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელია. უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ქვევრში დაყენებული ქართული ღვინო სულ უფრო და უფრო ცნობადი ხდება, რაც უპირატესად „ქვევრის მეგობრების“ დამსახურებაა, რომელთაც ამ რთული საქმის შესასრულებლად არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწიათ.

  წარმატებას ვუსურვებთ ქართულ მართალ ღვინოს და იმედს ვიტოვებთ, რომ ქვევრში დაყენებულ ღვინოს ქართველები მსოფლიოს ხალხებს კვლავაც ღირსეულად წარუდგენენ.

 

lika andiashvili