მიკვირს, რომ მიკვირს…
08 მაისი, 2015
5825
print

ქეთევან იგნატოვა

 “მიკვირს, რომ მიკვირს და მაინც, მიკვირს…” - ასე ამბობდა ერთი ჩვენი მეზობელი. ნამდვილად არ მახსოვს, რა უკვირდა მეზობელს მაშინ, იმ შორეულ წარსულში, მაგრამ მკაფიოდ მახსოვს, რომ საკუთარი გაკვირვების თავად გულწრფელად უკვირდა. ისიც მახსოვს, ბებიაჩემი როგორ იცინოდა და მის გაკვირვებას ხან “каждыи раз, как в первыи раз» და ხან კი “век живи, век учись, а дураком умреш»... პასუხობდა. ხოდა, მეც ახლა ასე ვარ! გულწრფელად მიკვირს, რომ გასულ კვირას, ტელეეთერის საშუალებით ნანახი-მოსმენილი, პარლამენტარის და ახლა უკვე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ამ მაღალ თანამდებობაზე სავარაუდო დანიშვნის თაობაზე მიცემული რეაქცია, თუ ვერდაფარული ემოცია, ამდენი ნანახის, საქართველოს რეალობაში მიღებული ასეთი დიდი და არც თუ სასიამოვნო გამოცდილების მიუხედავად, რაღა დაგიმალოთ და, მაინც გამიკვირდა. გამიკვირდა და ახლა თქვენ ნუ გაგიკვირდებათ, თუ გამოგიტყდებით, რომ მაღალი თანამდებობის საამო, მომხიბვლელ-მომნუსხველი სურნელისგან თავბრუს ამგვარ დახვევას, ასეთ აღელვებას, აღზნებასა და “აჭრას”, ვისგან-ვისგან და თინა ხიდაშელისგან, რატომღაც, არაფრით ველოდი… ეტყობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზემოდ მოყვანილ გამოთქმებზე მეტად, ასევე ბებიაჩემის არანაკლებად საყვარელი და ხშირად ხმარებადი გამოთქმა - “дура была, дура и осталась!» - მომიხდებოდა.

ამბობენ, ადამიანს ფული და ძალაუფლება ცდისო, ცვლისო, ავლენსო, აჩენსო…

არ ვიცი. არც ერთი და არც მეორე არასდროს მქონია. რასაც ქვია “მდიდარი” ან მაღალი თანამდებობის პირი არც ოჯახში, არც ნათესავებში არავინ მყოლია. თუმცა ათწლეულების მანძილზე განვლილმა ცხოვრებამ გამოცდილება, თითქოს, მეტნაკლებად, შემძინა. ყოველგვარი კონკრეტიკის, გვარებისა და სახელების დასახელების გარეშე, იოლად შემიძლია ისეთი ახლობლების, ან თუნდაც შორეული ნაცნობების ჩამოთვლა-გახსენება, ვინც, ნებისმიერ, არცთუ მნიშვნელოვან და მით უმეტეს, მაღალ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, არამცთუ მარტო სალამი, არამედ სიარულის მანერა, მიხვრა-მოხვრა, ჟესტიკულაცია და, რაც მთავარია, მეგობრების წრეც კი შეიცვალა. ცხოვრების მანძილზე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ პერიოდებში, სხვადასხვა მთავრობების დროს, სრულიად განსხვავებული ხასიათის, სოციუმის, განათლების, აღზრდისა და ასაკის არაერთი პიროვნება მახსოვს, ვინც თანამდებობაზე დანიშვნისთანავე უმალ მკვეთრად იცვლებოდა, ამპარტავნდებოდა, დისტანცირდებოდა და თავისივე მოგონილი ილუზორული “ოლიმპიდან” ყველა და ყველაფერს დაკნინებული, მნიშვნელობადაკარგული, თითქოს და, დაპატარავებული მასშტაბით აღიქვამდა და თან ამას თავმომწონედ ხაზს უსვამდა.

ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან, ავადსახსენებელი კომუნისტური დროიდან, არაერთხელ გამიგია, რომ ვიღაცამ, რომელიღაცა მაღალ ან საშუალო სიმაღლის თანამდებობაზე მის დასანიშნად, პირდაპირი გაგებით, ვიღაცა მოისყიდა, ვიღაცა “საჭიროს” დაუმეგობრდა, ან პირიქით - მისი აზრით, ვიღაც მაკომპრომენტირებელს ჩამოშორდა, დაკარგა. თანამდებობის გამო ახლო ნათესავი მოუძულებიათ, გულიდან მოუგლეჯიათ, სახლის და, მით უმეტეს კაბინეტის კარი სამუდამოდ მიუხურავთ, ან პირიქით - მანამდე უცნობი, შორეული, ფაქტობრივად, უცნობი ნათესავი მოუძებნიათ, გულში ჩაუკრავთ. გამიგია, რომ თანამდებობის გამო სამეგობრო წრე, ახლო ამხანაგებიც კი დაუკარგავთ და სრულიად ახლები, მისი მაღალი სტატუსის “შესაფერისი”, “პრესტიჟული” წრე შეუძენიათ. გამიგია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ”მოხსნის” შემთხვევაში, ამ საოცარი დარტყმისთვის, მოულოდნელ-დაუნდობელი სტრესისთვის ვერ გაუძლიათ და ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილან. “მოხსნილნი” კი, როგორც წესი, უმალ ახალშეძენილი, მაგრამ, თითქოსდა, ერთგული მეგობრების, ახალაღმოჩენილი ნათესავების, კეთილმოსურნეების, მეხოტბეების, მჭერმეტყველი სადღეგრძელოების დიდოსტატების გარეშე დარჩენილან და იმედით, საათობით ტელეფონის ერთ, მოკლე, უბრალოდ მოსაკითხ ზარს, ან ერთ სტუმარს ამაოდ დალოდებიან. და ასეთი მკვეთრი ცვლილების, დამთრგუნველი სიმარტოვის, უთანამდებობის გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობითაც კი დაუსრულებიათ. გამიგია, რომ თანამდებობის შენარჩუნების მიზნით, სიყვარულზე, პირად ბედნიერებაზე, საყვარელ ქალზე, გზააცდენილ შვილებზეც კი უთქვამთ უარი. მოარული ჭორის სახით მახსოვს რამდენიმე ცეკას, რაიკომის მდივნის, ოპკომის თავჯდომარის სახელი და გვარი, ვინც კომუნისტური პარტიის მოთხოვნით, იდეალური საბჭოთა ოჯახის იმიჯის შესანარჩუნებლად, საყვარლისგან ოჯახში დაბრუნებულა და თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ კი ოჯახი, ცოლი, შვილები კვლავ მიუტოვებია და უყოყმანოდ საყვარელს დაბრუნებია.

თანამდებობა, მისი ხიბლი, მასთან დაკავშირებული, თანმდევი ძალაუფლება, ფუფუნება, კეთილდღეობა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მის ხარჯზე დაკმაყოფილებული ამბიცია; რბილი, თბილი, კომფორტული სავარძელი, შენ წინ გახსნილი ყველა კარი, გარშემო მუდმივად მაამებლურად მომღიმარი უამრავი სახეები, ქათინაურები, ბრძანებების გაცემის საშუალება და საპასუხოდ მიღებული უსიტყვო მორჩილება, უკიდეგანო ძალაუფლება… მეფობა! დროებითი, მოკლევადიანი, ილუზორული… მაგრამ, მეფობა, ნამდვილი მეფობა, რომლის მოსაპოვებელ-შესანარჩუნებლად ყველა გზა გამართლებული იყო და, როგორც ვატყობ, დღესაც არის. არაფერი იცვლება. მაღალი თანამდებობა, ძალაუფლება, გავლენა, ყოვლისშემძლეობა ყველა დროში უმეტესად, ერთნაირად თავბრუდამხვევი და საკმაოდ მომწამლავი, ტოკსიკური რამ ყოფილა.

წლების წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, წყნეთის, ეგრეთ წოდებულ “ბიუროს ზონაში”, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილთან სტუმრად აღმოვჩნდი და ვიპტერიტორიის სიმშვიდით, სიმყუდროვით, მოვლილობითა და კეთილმოწყობით აღტაცებულმა სახლში აღფრთოვანება არ დავმალე - “ნამდვილი სამოთხეა!” ვთქვი და მამაჩემმა საკმაოდ მკაცრად მიპასუხა - “სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! იცი, მაგ ვითომდა სამოთხეში მოსახვედრად რამდენ უზნეობაზე, რამდენ კომპრომისზე, რამდენ დათმობაზე მიდიან? მაგ ფასად არასდროს არაფერი გიღირდეს!”

თითქოს, გუშინ არ დავბადებულვარ; თითქოს, ცეკას და რაიკომის გამეფებული მონა მდივნებიც მახსოვს; თითქოს, ყველა დროში, ყველა მთავრობაში, თითოოროლა მინისტრებსაც, გუბერნატორებსაც და გამგებლებსაც ვიცნობდი; თითქოს, მამის სიტყვებიც ზედმეტად მკაფიოდ მახსოვს; თითქოს, დღესდღეობით, აღარაფერი უნდა მიკვირდეს… და თინა ხიდაშელმა კი მაინც მოახერხა და გამაკვირვა!

არ დაგიმალავთ და შემეცოდა! ასე თავი როგორ ვერ უნდა შეიკავო?! შენი ემოცია, შენი სიხარული ასე როგორ ვერ უნდა დამალო?! ერთი, რიგითი და, რაც მთავარია, ნამდვილად დროებითი მინისტრობის გამო, ასე როგორ უნდა აღელდე, აწითლდე, ანერვიულდე, აიღგზნო, “აიჭრა”, რომ განურჩევლად, მთელი საზოგადოების დასაცინი და, ცოტა არ იყოს, შესაცოდიც კი გახდე?! ერთმა რიგითმა, თუნდაც ძალიან მაღალმა თანამდებობამ ამ განათლებულ იურისტ პოლიტიკოსს, დეპუტატ ქალს სახელმწიფოც, პრეზიდენტიც, კონსტიტუციაც, პარლამენტიც და პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი ქმარიც კი როგორ უნდა დაგავიწყოს, მეხსიერებიდან ამოგიგდოს, სრულად გაგიუფასუროს? ყველამ დაზუსტებით ვიცით, რომ წინ ქალბატონ თინას თავდაცვის მინისტრობა, აღლუმების მიღება, პატაკების ჩაბარება, უსიტყვო, უაპელაციო, სამხედრო მორჩილება, ბრძანებების გაცემა-შესრულება, უზარმაზარი კაბინეტები, მის პატივსაცემად მწყობრში ჩაყენებული სამხედრო ტექნიკა, ახოვანი ჯარისკაცების მწკრივები, საამაყო ქართული ჯარი, მაღალფარდოვანი ქათიანაურები, პროფესიონალური მაამებლობა, მასთან დაახლოვება-დამეგობრების მცდელობა, მისთვის ნამღერ-ნაცეკვი… ელოდება. მაგრამ ისიც ვიცით, რომ ნებისმიერი მინისტრობა, ნებისმიერი თანამდებობა დროებითია და როგორც “გნიშნავენ”, ადრე თუ გვიან, ასევე იოლად “გხსნიან”… და მერე დაუნდობლად გივიწყებენ, გწირავენ, გთელავენ… და რომელიმე ყოფილი საბჭოთა ცეკას მდივნის მსგავსად, მხოლოდ ის ახსოვთ, დანიშვნა-მოხსნის კულმინაციურ მომენტებში როგორ გამოიყურებოდი, თავი როგორ გეჭირა - თანამდებობის მოსაპოვებლად რაზე, საკუთარ სინდისთან, საკუთარ მენტალიტეტთან რა დათმობაზე, რა სირთულისა და სიღრმის კომპრომისზე წახვედი; რაზე მოაწერე ხელი…

აი, თინა ხიდაშელი კი, რომელიც, იმედი მინდა ვიქონიო, თავდაცვის წარმატებული მინისტრი იქნება, ქართული საზოგადოების მეხსიერებაში, ბედნიერებისა და დაკმაყოფილებული ამბიციებისგან თავკონტროლდაკარგულ, სახე აწითლებულ და ცინიკურ-თვითდაჯერებულად მომღიმარე ქალად დარჩება, რომელმაც თანამდებობის ხიბლს სულ პირველ, სულ საწყის ეტაპზეც კი ვერ გაუძლო…

არადა, მიკვირს! თუმცა, საქართველოს უახლესი ისტორიიდან, ამდენი, ამდენჯერ შეცვლილი მთავრობებიდან, მინისტრებიდან, თანამდებობის პირებიდან და ასეთ მოკლე ვადაში, ასეთ სიახლოვეში, ასე მკაფიოდ და მტკივნეულად დანახული მათი სისუსტეებიდან გაომდინარე, თითქოს, აღარაფერი უნდა გვიკვირდეს, მიკვირდეს… არა და მიკვირს, რომ მიკვირს და მაინც მიკვირს!

 

ქეთევან იგნატოვა