მზერა წარსულში
15 მაისი, 2015
5155
print

ქეთევან იგნატოვა

წარსულის გახსენება, შორეულ მოგონებებში წასვლა, ყველას, განსაკუთრებით კი გარკვეულ ასაკში მყოფ, ასე ვთქვათ, ცხოვრებაგავლილ ადამიანებს, დროდადრო გვახასიათებს და მეტნაკლებად, ყოველთვის, სასიამოვნოს გახსენებას, მეხსიერების უკიდეგანო რესურსიდან, საუკეთესოს, პოზიტიურის ამოკრეფას და უსიამოვნოს, მტკივნეულის ამოშლა-დავიწყებას ვცდილობთ. მაგრამ, არა მგონია, რომ წარსულში ძალდატანებით დაბრუნება ვინმეს უყვარდეს… მით უმეტეს კი წვალებით, ტკივილით, დანაკარგებით, ცრემლითა და სისხლით გამოვლილ და ძნელად, მაგრამ უკვე თითქმის გადალახულ-დაძლეულ, მივიწყებულ ბნელ, ცივ, მშიერ, სახიფათო, ქაოტურ, ურთიერთდაპირისპირებებითა და სიძულვილით, სიკვდილითა და შიშით, გაჭირვებითა და შეურაცხყოფით აღსავსე წარსულში… საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ, ურთიერთსაპირისპირო, დაახლოებით, ოცი წლის წინანდელ, ავადსახსენებელ 90-იანებში…

არადა, ლარის ყოველდღიური გაუფასურების, ტოტალური გაჭირვების, უმუშევრობის, გაძვირებული პროდუქტის, ეკონომიკის ჩამოშლის, სახელმწიფო ინსტიტუციების მორყევის, სულ უფრო და უფრო ხშირად და დაუსჯელად მიცემულ-აღებული ქრთამის, ჩაბნელებული ქალაქის, უბნების, გაუტანელი ნაგვის, კვლავ გაჩენილი ვირთხების, გაფუჭებული გზების, ნარკოტიკისა და შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობის, ძარცვის, ყაჩაღობის, კვლავ გაჩენილი დაუცველობის, შეურაცხყოფის, შიშის, უცოდინრობის, ცინიზმის, ნიჰილიზმის, უიმედობის… ყოველდღიურ ფონზე, უხეშად, მტკივნეულად ყურისმომჭრელი, გულზემოსახვედრი, ზოგჯერ შეკითხვის და ზოგჯერ კი გაფრთხილების უაპელაციო ტონით ნათქვამი ფრაზა - “90-იანებში ვბრუნდებით”, სამწუხაროდ, და ამაში, ალბათ, ყველა დამეთანხმებით, ხან პოლიტიკოსებისგან, ხან პოლიტექსპერტებისგან, ხან ცალკეული დარგის სპეციალისტებისგან, ხან კი რიგითი მოქალაქეებისგან, სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის. და უნებლიეთ, ძლივს მივიწყებული წარსული ტკივილი, სირცხვილი, სიმახინჯე, უზარმაზარი, მოულოდნელი, დაუნდობელი ტალღასავით, მეხსიერებაში იღვიძებს, შენზე მოდის, გიახლოვდება, გფარავს, გშთანთქავს, გახრჩობს და თვალწინ, შემაშინებელი სიცხადით მეხსიერებაში იმ გლობალურ სურათს აღადგენს, რომლის გახსენება ასე გზარავს, ასე გრცხვენია… რომლის დავიწყებას, იმ წლებგამოვლილი საქართველო, ქართული სახელწიფო და თითოეული ჩვენგანი ასე ვცდილობდით.

90-იანი წლების შესახებ სრული, დაუფარავ-შეულამაზაბელი სიმართლე დღესაც არ/ვერ თქმულა. იმ წლებში საქართველოს თავს დამტყდარ უბედურებათა მთელ კასკადში, ზოგიერთი დღესაც ეროვნულ მოძრაობას, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მის გარემოცვას, პირველ ლედის, “მრგვალ მაგიდას”, ზოგი - კომუნისტებს, რუსეთს, ზოგი - კიტოვან-სიგუა-იოსელიანს, ზოგი - ზვიადისტებს და ზოგი “პუჩისტებს”, ზოგი -შევარდნაძეს და ზოგი კი, ათწლეულიდან ათწლეულამდე უცვლელ “წითელ ინტელიგენციას”, “მხედრიონს”, გვარდიას, ათასგვარ სხვადასხვა სახელწოდების და ერთიმეორეზე უკონტროლო და კრიმინალურ შეიარაღებულ დაჯგუფებას… ადანაშაულებს. ვიხსენებთ გასულ 90-იანებს, ყველა იმ შეურაცხმყოფელ მანკიერებებს, რომელთა გარემოშიც ვცხოვრობდით, ვარსებობდით, ვუძლებდით, ვეგუებოდით, ვერწყმოდით… და სულ, ვიღაც სხვას ვადანაშაულებთ. პირადი ტენდენციურობიდან გამომდინარე, ქვეყნის, ერის წინაშე დამნაშავე სულ სხვაა, სხვა ვიღაც… და საკუთარი თავისთვის, საკუთარი სინდისისთვის არასდროს არანაირი კითხვა არ დაგვისვამს. რას ვეგუებოდით, რას ვიღებდით, რას ვერგებოდით, რაში ვთანამონაწილეობდით, ხელს ვუწყობდით? რაში ვცხოვრობდით და რაში ვისვრებოდით? საკუთარი, პატარა, უბადრუკი, ილუზორული კეთილდღეობის, გამორჩენის, სიმშვიდის, წარმატებულობის გამო, თვალს რაზე ვხუჭავდით და თუ არ ვეხმარებოდით და ხელს არ ვუწყობდით, ყოველ შემთხვევაში, არც ვუშლიდით?...

უცნაური დამთხვევების არასდროს მჯეროდა და მაინც, ის იყო, დღევანდელი საქართველოს შემხედვარე, გასული 90-იანები სულ უფრო რეალური, მკაფიო გახდა, რომ, სწორედ ახლა, ამ კვირაში, ერთ დროს საკავშირო მნიშვნელობის, უზარმაზარი, მიტოვებული, გაძარცვული, გაპარტახებული, გაყიდული და გაოხრებული საწარმოს სახით, სწორედ ამ სამარცხვინო 90-იანი წლების, თამამად შემიძლია ვთქვა, შემზარავ, დამთრგუნველ და ყოველგვარ ნაფიქრ-ნატანჯ ხელოვნურობას მოკლებულ, ბუმბერაზ “მემორიალს” ვესტუმრე… სადაც მხოლოდ ერთი, დღევანდელი გადმოსახედიდან ცოტა არ იყოს, საქმისადმი (აღარარსებული) სასაცილო ფანატიზმით გამორჩეული, თვალცრემლიანი მოხუცი და ასობით მტრედი მმასპინძლობდა.

თბილისში, მთელ საქართველოში, ყველა რეგიონში, დიდ თუ პატარა ქალაქში, ამგვარი მიტოვებული, გაძარცვული, გაუბედურებული სხვადასხვა მასშტაბის, ყოფილი საწარმოების, ინსტიტუტების, დაწესებულებების არსებობის შესახებ ყველამ ვიცით. თითქოს, ამით ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ, ხომ ნათქვამია, “ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო”… ეპოქის, დროის, მენტალიტეტის, ღირებულებათა სრულ დაკარგვა-აღრევის ასე უტყუარად ამსახველი მონუმენტი მე პირადად, პირველად ვნახე. ასეთ ვანდალიზმს, პირისპირ, პირველად შევეჯახე… უნებლიეთ ტარკოვსკის “სტალკერი” გამახსენდა და გამეღიმა… ნანახის სრულად გადმოსაცემად არანაირი მხატვრული (მითუმეტეს ჩემი) ენა არ არის საკმარისი… გამწვანებულ, ნაძვნარში ჩაფლულ, თვალუწვდენელ ტერიტორიაზე მდებარე, ერთ დროს ათეულობით მილიონის ღირებულების და გარკვეული წლებისთვის ტიპიურად, კუპონებში, კაპიკებად გაყიდულ-პრივატიზირებული და გაყიდვამდე და გაყიდვის შემდგომ არაერთხელ გაძარცვული ფაბრიკა… “ევრორემონტიან” ოფისში გამაგრებული, ამ ყველაფრის მფლობელ-ბატონ-პატრონი, მდიდარი დირექტორი და გარშემო ჩალეწილი მინები, ჩარჩოებიანად ამოღებული ფანჯრები, ჯართში გასაყიდად მოჭრილი რადიატორები, კიბის სახელურები, რკინის კარები, უროებით დალეწილი მილიონიანი დაზგები, დანადგარები, მოპარული ხელსაწყოები, რკინის თაროები, გადაჭრილი და წაღებული დენის მავთულები, აყრილი იატაკები, უბრალოდ გასართობად ან გასათბობად დალეწილი ყველანაირი ავეჯი, დაფშვნილი კაფელისა და მეტლახის გორები, ქაოსი, ჭუჭყი, მტვერი, ჭერიდან ჩამოსული წვიმის წყლის გუბეები, სუნი, სიჩუმე, შემზარავი სიჩუმე და მარტო მტრედების ხმა… მტრედები, მშვიდობის სიმბოლო მტრედები… და აქა-იქ შემორჩენილი, კედელზე გაკრული, სრულიად გახუნებული, რომელიმე წმინდანის გამოსახულებიანი, 90-იანი წლების კალენდარი… სიურეალიზმი! თუ, პირიქით, სრული, დაუნდობელი რეალიზმი? 90-იანი წლების რეალიზმი?... და ვერდადგენილი, თუ არგამოვლენილი დამნაშავე? ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმესი, სამარცხვინო, 90-იანი წლების, ამ შემზარავი “მემორიალის”, უდაოდ “ნიჭიერი” ავტორის ვინაობა დრომაც კი არ დააზუსტა. გვარდია, თუ “მხედრიონი”, “თეთრი არწივი”, თუ კიტოვანი, რომელიმე უბნის საძმო, თუ ეროვნული მოძრაობა, ზვიადისტები, პუჩისტები, თუ შევარდნაძისტები, “წითელი ინტელიგენცია”, თუ “წითელი ცეხავიკები, კომბინატორები”, ათწლეულების მანძილზე უცვლელი, ფაბრიკის მფლობელი, მდიდარი დირექტორი, თუ უბრალოდ შიმშილისა და სიცივისგან გაუსაძლისობამდე მიყვანილი გვედით მცხოვრები ამავე ფაბრიკის მუშა?... მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მიმობნეული ასობით ამგვარი “მემორიალის” ავტორი მხოლოდ ერთი, გარკვეული ათწლეულია? ნუთუ, შეიძლება, ყველაფერში, მხოლოდ დრო, მხოლოდ ავადსახსენებელი 90-იანები დავადანაშაულოთ და ვერსად და ვერაფერში საკუთარი ბრალეულობის ოდნავი კვალიც კი ვერ დავინახოთ, ვერ გავიხსენოთ, ვერ ვაღიაროთ? ახლა ხომ ისევ ახალ “მემორიალებს” ვქმნით? თუ ვიქმნით?

P.S. არ გეგონოთ, რომ ტენდენციური ვარ, ისე, უბრალოდ, თემამ მოიტანა და გულწრფელად მაინტერესებს - ასევე ათწლეულების წინ, დაახლოებით, იმავე 90-იან წლებში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, გმირთა მოედნის მიმდებარე უზარმაზარ ტერიტორიაზე არსებული, ერთ დროს ასევე საკმაოდ წარმატებული აბრეშუმის ქარხანა, ასევე სრულიად შეუსაბამოდ იაფად, საქართველოს ყველაზე მდიდარმა, ნომერ პირველმა მოქალაქემ, ივანიშვილმა შეისყიდა და?...................

ხომ ვერ დამეხმარებით და შემახსენებთ, ან უბრალოდ მეტყვით მე დაუნახავს, იქ ამ წლების მანძილზე რა გაკეთდა? უზარმაზარი, წითელი აგურის საკმაოდ ძველი, ეპოქალური შენობა, ოდნავ მაინც თუ შეკეთდა, გარესტავრირდა? ერთი ფანჯარა თუ ჩასვეს? სახურავი მაინც თუ დაადგეს? რამე ფუნქცია, თუ არ მიანიჭეს, მოუფიქრეს მაინც? აგური აგურზე დაიდო? ერთი ხე მაინც ჩაირგო? ტერიტორია ოდნავ მაინც თუ დასუფთავდა? ნაგავი გაიტანეს? კატის ზომის ვირთხები მაინც თუ მოსპეს?....

ალბათ, გმირთა მოედნის გვერდით მდებარე გაპარტახებულ-გაოხრებულ-მიტოვებული აბრეშუმის ქარხანა, მთელი მისი ტერიტორიაც, ერთიანად, მემორიალია და მე უბრალოდ, ვერ ვხვდები? ბიძინა ივანიშვილის დროის გენიალურად, რეალისტურად (თუ სიურეალისტურად?) ამსახველი მონუმენტური მემორიალი!… რა ცუდია, როდესაც თანამედროვე ხელოვნებაში ივანიშვილის დროის შესაბამისად ვერ ვერკვევი!

90-იანებში, დროს ფეხდაფეხ მივყვებოდით და ახლაც უნდა ვეცადოთ. ძნელია, მაგრამ რას იზამ?! 90-იანებში დაბრუნება ხომ ჩვენი არჩევანი იყო?

 

maia chalaganidze