ეროვნული „მეჟდუსაბოიჩიკი“
03 ივნისი, 2015
5162
print

ნოდარ ლადარია

ერთხელ, ვაკის პარკში სპორტულად გამოწყობილი მოხუცების ჯგუფს ჩავუარე და მომესმა: „სამოც წელზე მეტია ამ ქალაქში ვცხოვრობ და არაფერი შემშლია!“. რატომღაც გავიფიქრე, რომ ეს ფრაზა უფრო ღრმა მსჯელობის ღირსია.

„არაფერი შემშლია“ — აი, ჩვენი მიზანი. ეს გამოთქმა მეტ-ნაკლებად ფორმალიზებული წესების ერთობლიობას გულისხმობს. სწორედ რომ მეტ-ნაკლებად: ამ ადამიანების ღირებულებათა სისტემა შეუგნებლად, სტიქიურად ყალიბდება ყოფითად ქრისტიანული, რბილად კრიმინალური, დამახინჯებულად არისტოკრატიული, რუდიმენტულად იურიდიული ელემენტებისგან. ისინი ვერ ამჩნევენ, როგორ ყალიბდება მათში ეს სისტემა და როგორ იცვლება დროთა განმავლობაში, როგორ შეუმჩნევლად ეგუებიან ისინი ამ ცვლილებებს.

თავისთავად, არაფერი უცნაური არ არის — ყველგან ასეა. ამგვარი ეთიკური სისტემა, სხვა თუ არაფერი, შინაგან კომფორტს უზრუნველჰყოფს და დაბალგანვითარებულ სოციუმებში გარეგან უსაფრთხოებასაც. მაგალითად, თუ ტაქსიდან ჩამოსკუპებული ამაყი და წელგამართული გოგონა არ ინტერესდება იმ ტაქსისტის ბედით, რომელიც იქვე სადარბაზოსთან მობირჟავე ბიჭებმა გვერდზე გაიყვანეს, რადგან მათ მშვენიერ მეზობელს ხურდაზე ჩხუბი დაუწყო, ამ გოგონას არავინ დაძრახავს, არც საკუთარი სინდისი. ბიჭებს არ შეშლიათ.

მაგრამ გარკვეული მომენტიდან სტიქიური ეთიკური სისტემა სახიფათო ხდება, რადგან რეალურად აბრკოლებს ცხოვრებას. ეს მომენტი საზოგადოებაში წარმომადგენლობითი დემოკრატიის შემოსვლაა. სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ დემოკრატიით მართულ სოციუმებში სტიქიური ეთიკა არ არსებობს: მაგალითად, საარჩევნო კამპანიების დროს კანდიდატის შეფასებაში საგრძნობლად მონაწილეობს კიდეც. ოღონდ მხოლოდ საგრძნობლად — ძირითადი წონა მაინც ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფაქტორებზე მოდის.

ჩვენს გარდამავალ საზოგადოებაში კი, სადაც არ წარმოქმნილა ერთიანი ეკონომიკური ინტერესების მქონე დიდი სოციალური ჯგუფები, ადამიანები არ ანიჭებენ სათანადო მნიშვნელობას არც საგარეო კურსს, არც საგადასახადო პოლიტიკას. ადამიანებზე უფრო დიდი ზეგავლენა აქვს უშინაარსო გარეგნულ ჟესტებს — მაგალითად, იმ სურათის საქართველოში „დაბრუნებას“, რომელსაც ცხოვრებაში ვერც გაიხსენებდნენ, რადგან მის ავტორს მხოლოდ „აქტრისა მარგარიტას“ მითოლოგიზებული ისტორიითა და საბჭოთა რესტორნების ანტურაჟით იცნობენ.

ესეც საბჭოთა დროის მემკვიდრეობაა: კანონი და კონსტიტუცია ფორმალურად კი არსებობდა, მაგრამ მათი ინტერპრეტაცია ნებისმიერ დონეზე სწორედ რომ ყოფითი, უფრო მეტიც, ქუჩური მორალიზმით იყო ნაკარნახევი. გიყვართ ჰოლივუდური თრილერები? — გაგიგონიათ ვინმე ამბობდეს, რომ ბავშვების მკვლელი მანიაკი შეერთებულ შტატებს „არცხვენს“? აი სსრკ-ს კი ნებისმიერი მთვრალი ხულიგანი „არცხვენდა“ თანაც არა მარტო კინოში, არამედ ერთადერთი მმართველი პარტიის ბეჭდვითი ორგანოს წმიდათა წმიდა ფურცლებზეც კი.

რატომ აპელირებს დემოკრატია ფორმალური კანონის, ხოლო დიქტატურა სტიქიური მორალის მიმართ? იმიტომ რომ დემოკრატია პასუხისმგებლობას გულისხმობს, პასუხისმგებლობა კი წესრიგის მაღალ კულტურას. დიქტატურა არ გულისხმობს პასუხისმგებლობას, უბრალო ადამიანზე არაფერია დამოკიდებული, წესრიგი კი მხოლოდ იძულებისა და ილუზიის სახით არსებობს. სწორედ ამის მექანიზმია მორალი: აიძულებს და მონაწილეობის ილუზიას ქმნის.

შესაბამისად იქმნება ლექსიკური ინვენტარიც: კომუნისტი ნეკროლოგში ფასდება როგორც „კრისტალური“, დისიდენტი — მამხილებელ სტატიაში როგორც „ნამუსგარეცხილი“. დაახლოებით იმავე ჭრილში განიხილავს დღეს ფართო საზოგადოებაც და პოლიტიკური წრეებიც მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ოდესის ოლქის გუბერნატორად. ეს განხილვა სწორედ რომ ყოფითია და მორალისტური.

რა ადგილი უჭირავს ახალ თანამდებობას სააკაშვილის ცხოვრებისეულ გზაზე — მაღლა ასვლაა თუ დაბლა ჩამოსვლა? „ღირსების“ თვალსაზრისით რას ნიშნავს მოქალაქეობაზე უარის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების გამოყენება?

პოლიტიკურ ასპექტში ეს კითხვები ყოველგვარ შინაარსს მოკლებულია. მაგრამ მათი უშინაარსობა მხოლოდ დემოკრატიის შუქზე ჩანს. დიქტატურაზე ან თუნდაც ფიქციურ ავტორიტეტზე აგებული ხელისუფლების შემთხვევაში კი ეს განხილვის ერთადერთი შესაძლო გზაა. ამიტომაც არის, რომ „ქართული ოცნების“ ფრაქციის ხელმძღვანელი, გიორგი ვოლსკი საყვედურობს „პომპონჩიკიან“ ლიბერალებს, რადგან ისინი „ქუჩას არ იცნობენ“, ხოლო საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადება — „სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოს“ — თავისი შინაარსითა და საზრისით ეკვივალენტურია ვაკის პარკში ლაღად მორბენალი მოხუცის პოლიტიკური განსჯებისა.

 

maia chalaganidze