კოტე კალანდაძე – დაფიონის შექმნისას
20 მარტი, 2016
0
print

დავით დეფი

რამდენად სუფთაა ამ კაცის ბუნება, იმდენად სუფთაა მისი დამოკიდებულებაც მუსიკისადმი. მისთვის ნებისმიერი ინსტრუმენტი, მუსიკის მხოლოდ სიმბოლოა. მუსიკის აღქმის და მისი გადმოცემის სიმბოლო.

ის ძალიან ნიჭიერია. მენდეთ.

მე მქონდა პატივი ამ მუსიკოსთან ჩემი პოეზიის ალბომზე მემუშავა “დაფიონი სუპერნოვა დომინე”. ის პოეზიას, ზუსტად ჩემსავით, როგორც ამქყევყნიური არსებობის გამართლებას და სამყაროს შექმნის მიზეზს, ისე უყურებდა... და ახლაც ასე უყურებს...

იმ დროს კი, ალბომის კონცეფციის გაზიარებისას, ის მისმენდა და უკრავდა. ბევრ ინსტრუმენტზე უკრავდა. მისი სმენისას კი უფრო უკეთ მესმოდა საკუთარი თავის. დაფიონის მთლიანი კონცეფციის, თემისა და ბგერების მაგიური სურათი სწორედ იმ წამს ჩნდებოდა მისი სახლის სტუდიაში. კედლები იცვლიდნენ თითქოს ფერს და რაღაც საოცრად რბილი სურნელება დგებოდა.

ალბომში თექვსმეტი თრექია და თექვსმეტივე თრექი, ინსტრუმენტებსა და მთლიან საუნდ სისტემას, კოტეს ხელებით გადაეწყო. რეპეტიციებისას მას ვუყურებდი და მეგონა, თითქოს ხელისგულებზე უთამაშებდა მუსიკაც, პოეზიაც, სიჩუმეც.

კოტე მეხმარებოდა ჯერ კიდევ ორდენი სამკაულის წლებში, ჩვენი ორდისკიანი ალბომის, “ამიშვი ცამდე” ჩაწერისას, მაგრამ დაფიონზე მუშაობისას მან მართლაც დიდი რამ შეძლო – მან უსიტყვოდ გამიგო და მომცა საშუალება მეც უსიტყვოდ გამეგო მისთვის.

მან ჩემი პოეზიის ჟღერადობა მაპოვნინა. ჩემი საავტორო ჟღერადობა.

“დაფიონი სუპერნოვა დომინე”–ს პირველი თრექიდან ბოლო თრექამდე, შუაში ჰიპნოზის სეანსის გავლით, ჩვენ მართლაც სამყაროს კიდეებამდე ვიმოგზაურეთ და ალბომი კვადროფონიული მასტერინგით შევკარით.

ო, ის ჯადოსნური მოგზაურობა იყო.

და ის ახლაც გრძელდება.

ყველა ის მუსიკოსი, ვისაც კოტეს ორ ჯგუფში, ან მასთან ერთად რაიმე პროექტზე უმუშავია, ამ კაცის ენერგიას ისეთივე ბუნებრივობით ითვისებს, როგორი ბუნებრივობითაც იქმნება მუსიკა. ჩვენ შორის ჩნდება და პიროვნულ თვისებებს იძენს. თითქოს განკაცდება. განსხეულდება და ძმაკაცივით გადაგხვევს ხელს.

ნებისმიერ ჟღერადობას, ნებისმიერ სიტუაციაში, კოტე კალადაძე, იმწამიერ თავის განცდას უსადაგებს და ის წამი კი სამუდამოდ რჩება მთელი დროიდან თითქოს განზე განმდგარი და უცნაურად სევდიანი. უცნაურად სასიხარულოც და ხშირად ტრაგიკულიც. მას ყოველთვის იხმობს მუსიკა, იხმობს თავისთან და თავისი უსუფთავესი არსით, ყოველთვის უთმობს თავს, რათა ჩვენამდე მოვიდეს, ჩვენს წინაშე წარმოჩინდეს და აღტაცებაში მოგვიყვანოს.

დაფიონის ჩაწერისას, ორივემ ვიცოდით რა გვინდოდა, მაგრამ რა ვიცოდით, თურმე ისეთ საფრენ მოწყობილობას რომ ვქმნიდით, რომლისთვისაც დასაჯდომი ბილიკი, ან აეროპორტი, ან გნებავთ კოსმოდრომიც ჯერ არ გამოუგონიათ. იდეა და ვნებაც ორივეს გვქონდა და უცნაურიც ისაა, რომ არასდროს გვიკამათია. ან რაზე უნდა გვეკამათა? ჩვენ მოჯადოებული და საიდუმლო განდობის მომსწრენი და მონაწილენი ვიყავით. ამას კი ყველაზე ნათლად, 21 აპრილს 2012 წელს, ღამის 12 საათზე, აბასთუმნის ობსერვატორიაში, დაფიონის წარმოდგენის დროს, პირდაპირ ტელესკოპში, მოწვეული აუდიტორიის წინაშე დგომისას მივხვდი, როცა ჩვენ ყველანი, კვადროფონიულ აპარატურაზე ალბომს ვისმენდით. ღია გუმბათიდან კი თვალნათლივ მოჩანდა მეტეორების უსასრულო ფრენა.

ჩვენი იდეა, პოეზიის მუსიკა და მუსიკის ფერწერა იყო. ახალი მეტყველებითი ენა, სამყაროს მთლიანი არქიტექტურა, ერთ ორგანულ ქარგაში აღმოცენებული, წამიერად ჩაფიქრებული და სამუდამოდ განხორციელებული. ჩვენმა იდეამ და ვნებამ მთლიანად განსაზღვრა ალბომის გამომხატველობითი ფორმა და მე მგონი სწორედ მაშინ, 2008 – 2009 წლის მიჯნაზე, სტუდიაში, დიახ სწორედ მაშინ, სტუდიაში ჩაწერის დროს, კიდევ ერთ რამეს მივხვდით – თურმე ჩუმად ვართ და თურმე რა მეტყველია ჩვენს შორის მყოფი სიჩუმეც.

მოწვეული სესიური მუსიკოსები და ყველა ისინი, ვინც დაფიონის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდნენ, ჩემი პოეზიის სასიცოცხლე ასო–ბგერანი არიან. ისინი თვითონ ჰანგები არიან თითქოს. ყოველი პაუზაა და ყოველი სიმბოლოა მათი ჩემდამი სიახლოვეც და გნებავთ სიშორეც.

რეპეტიციებისას, მასალასთან მუშაობისას თუ ჩაწერისას, კოტე ყველაფერში მეთანხმებოდა. ხოლო როცა სამუშაო დღე მთავრდებოდა და სტუდიიდან გარეთ გავიდოდით, ასე მეუბნებოდა: “ახლა მომისმინე. მაგარ რამეს გეტყვი...”

ვუყურებდი მას და სიმშვიდეს ვგრძნობდი. თითქოს ვხედავდი, რისგანაა შექმნილი დრო და თითქოს მესმოდა ქვეყნის ყველაზე დიდი საიდუმლოს არსიც – თავის შეცნობა.

დადგება დღე, როცა ჩვენ გარდავისახებით და აქ აღარ ვიქნებით, მაგრამ “დაფიონი სუპერნოვა დომინე” დარჩება ჩვენს მერეც. ამ პოეზიას სულ უფრო და უფრო ბევრი მოისმენს, რადგან ასეთია სუპერნოვას ბუნება, ის კვდება და იბადება ერთდროულად. ხოლო ასეთი გარდასახვა კი ახალ სამყაროებს აჩენს.

და ის უსასრულოა.

და უსასრულობა კი სამყაროს ტრადიციაა.

 

დავით დეფი ♔ სიახLOVE