დღესასწაულად ქცეული ფოტოფესტივალი
12 სექტემბერი, 2016
0
print

კესო ფაჩუაშვილი

ინტერვიუ TBILISI PHOTO FESTIVAL-ის ორგანიზატორ, გურამ წიბახაშვილთან

 

რიგით მეშვიდე TBILISI PHOTO FESTIVAL 2016-ის გახსნის კვირეული 16-22 სექტემბერს გაიმართება და მასზე 300-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. ჩვეულებისამებრ, ფოტო ფესტივალის გახსნის კვირეულის მანძილზე, თბილისი რეგიონის “ფოტოგრაფიის დედაქალაქი“ გახდება.

- რით განსხვავდება წლევანდელი, რიგით მეშვიდე ფესტივალი წინა ფესტივალებისგან?

- ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში ფესტივალი განვითარდა, რადგანაც გრძელდება - ვითარდება კიდეც. უფრო გავფართოვდით, შარშან დაგვემატა ფოტო ფესტივალის წიგნების ბაზრობა, მიზანმიმართულად ვარჩევთ დარბაზებს და თემებს. ფესტივალი ხანდახან თემატური იყო, მაგალითად, ერთი წელიწადი იყო კონფლიქტებისადმი მიძღვნილი, წელს - ძალიან დიდი იაპონური პროგრამა გვაქვს. ნელ-ნელა დაემატა ვორქშოპები. მოკლედ, თავისი მასშტაბებით უფრო და უფრო დაემსგავსა დიდ საერთაშორისო ფესტივალს.

წიგნის ბაზრობა ვახსენე და წელსაც გვინდა, რომ ეს შედგეს. წიგნს ფოტოგრაფიაში ძალიან დიდი ტრადიცია და მნიშვნელობა აქვს. როდესაც ფოტოგრაფი მხოლოდ გამოფენებზე მუშაობს, ის შეიძლება იყოს ჩარჩოებში მოქცეული დარბაზიდან და მასშტაბიდან გამომდინარე. წიგნი კი, არის ის სისტემა, სადაც ავტორი ახალი პროექტის დაწყებისას მიზნად ისახავს თავის ჩანაფიქრის განხორციელებას. წიგნი მოიცავს არა მარტო ფოტოს, არამედ ტექსტსაც, რაც მოითხოვს თანაავტორობას დიზაინერთან, ტექსტის დამწერთან, გამომცემლობასთან და მყიდველთანაც კი. თანაავტორობა ყოველთვის მეტს აძლევს იდეას. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ფოტოგრაფი სუბიექტურია თავის ფოტოებისადმი და სხვა ავტორს აძლევს არჩევანის გაკეთების უფლებას. არის ასეთი იაპონელ-ამერიკელი ფოტოგრაფი ჰირო, რომელმაც თავისი პირველი წიგნი რიჩარდ ავედონს მიანდო, უთხრა, შენ შეარჩიე ფოტოები, თორემ მე დავიბენი ყველაფერი კარგი მგონიაო.

წიგნი სხვა პროდუქტია და 21-ე საუკუნეში ძალიან პოპულარულია, შესაბამისად, ფოტო წიგნების ბაზრობების რაოდენობაც იზრდება. ხანდახან ისეც ხდება, რომ გამოფენებს არ აქცევენ ყურადღებას და მარტო ფოტო წიგნების ბაზრობით შემოიფარგლებიან. მაგალითად, ვენაში არის ასეთი ბაზრობა, სადაც შარშან ჩავიტანეთ ქართველი ავტორები და ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო ქართულმა ფოტოგრაფიამ. ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ ფოტო წიგნების მაღაზიებიც კი ცალკეა ხოლმე ზოგ ქვეყანაში და ბევრ წიგნს აქვს საავტორო უფლება გაცემული მხოლოდ კონკრეტულ მაღაზიებზე. აი, ასეთი მნიშვნელოვანია წიგნი ფოტოგრაფიაში, ამიტომაც იქნება წელს ფესტივალზე წიგნის ბაზრობა.

- წელს დიდი ყურადღება დაეთმო აზიურ ფოტოგრაფიას, როგორ შეირჩა თემები?

- აზიურს ვერ დავარქმევთ, წმინდა იაპონური პროგრამაა. 11 იაპონელი ავტორის გამოფენაა ერთ სივრცეში. გვექნება თურქული დღეც, სადაც იქნება ლაპარაკი თურქულ ფოტოგრაფიაზე და გვეყოლება სტუმრები სტამბულის ფოტო ფესტივალიდან. კიდევ იქნება გიორგი ნებიერიძის გამოფენა „ფაბრიკაში“, რომელიც ქართველი ავტორია და უკვე 3-4 წელია ცხოვრობს ბერლინში. მისი ფოტოგრაფია აქაც და ბერლინშიც არის თანამედროვე ნიშნის ქვეშ და გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა მისი თბილისური სერია, რაც საქართველოს ეხება. ასე რომ, პროგრამაში არ არის მხოლოდ აღმოსავლური ნამუშევრები არის ქართული ნაწილიც, დიდი იაპონური და თურქულიც. აღარაფერს ვამბობ ფესტივალის ღამის პროგრამაზე, სადაც წარმოდგენილია 300-მდე ავტორის დასავლური, ქართული, აღმოსავლური და ახლო მეზობლების ფოტოები. ღამის პროგრამა არ არის მარტო ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული, ეს გადაიქცევა ხოლმე სახალხო სეირნობად და დიდ დღესასწაულად ფოტოგრაფიის ფონზე.

- თქვენ ახსენეთ ფოტოგრაფიის ბაზრობა, რა პროდუქცია იქნება წარმოდგენილი წელს?

- ლიტვა ძალიან ცნობილია ფოტოგრაფიით და ყველაფერი, რაც ფოტოგრაფიას უკავშირდება, ცდილობენ წიგნებად წარმოადგინონ. ამიტომ, ის დიდ ნაწილს დაიკავებს ჩვენს ბაზრობაზე. მოგეხსენებათ, წიგნის გამოცემა ძვირია და როდესაც სახელმწიფო ავტორს წიგნის ტირაჟირების საშუალებას აძლევს, მერე ავტორიც პოპულარული ხდება და ქვეყანაც, როგორც ეს ლიტვაშია. ფოტოგრაფია ის ხელოვნებაა, რომელიც აუცილებლად ასახავს იმ დროის ქვეყნის მდგომარეობას და ეს ქვეყანას აქტუალურს ხდის.

ქართული წიგნებიც გვექნება, ოღონდ ნაწილი იქნება ხელნაკეთი იმის გამო, რომ სახელმწიფოში ასეთი პროგრამა არ არსებობს და ავტორები იძულებული ხდებიან გააკეთონ ერთეულობით ეგზემპლარი საავტორო წიგნისა. ორიგინალი წიგნი, რა თქმა უნდა, უფრო ძვირფასია, მაგრამ სამწუხაროდ არ არის გათვლილი დიდ აუდიტორიაზე. შარშან ზუსტად ასეთი შემთხვევა მოხდა, ჩვენ ვახო ხეთაგურის 3 ხელნაკეთი წიგნი გავყიდეთ ვენაში და რაოდენობის სიმცირის გამო ხალხი დატაცებაზე იყო. გვექნება ასევე სომხური, უკრაინული,რუსული და იაპონური წიგნებიც.

- რას ცვლის ფოტო ფესტივალი ქართულ რეალობაში, არის ხალხი, ვინც სპეციალურად ჩამოდის  საქართველოში ფესტივალის გამო?

- რა თქმა უნდა. თბილისის ფოტო ფესტივალი უკვე შევიდა საერთაშორისო ფოტო ფესტივალების რიცხვში. იმის გამო, რომ ეს არის არლის ფოტო ფესტივალის შვილობილი ფესტივალი და მათთან კავშირი გვაქვს, ღამის ჩვენებაში გვაწვდიან ხოლმე პროგრამას. ტურიზმის თვალსაზრისითაც ძალზე ბევრს ცვლის ჩვენი ფესტივალი. მარტო ჩემს გარშემო არის 50 ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან, ვინც არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ 16 სექტემბრიდან გეგმავენ თბილისში ჩამოსვლას სპეციალურად ფესტივალზე დასასწრებად. ეს არის ტურიზმი, რაც ჭირდება ქვეყანას და გარდა ამისა, ეს ნიშნავს რომ ქართული ფოტოგრაფია მსოფლიო ასპარეზზე გავიდა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა იმიტომ, რომ ქართული ფოტოგრაფია ძალიან მაღალ დონეზეა ამჟამად განვითარებული. აქ არის ფოტოგრაფიული აურა და ეს მსოფლიომ უნდა იცოდეს.

- რა პრინციპით ირჩევა ქართველი ფოტოგრაფები ფოტო ფესტივალისთვის?

- არსებობს სხვადასხვა ფოტოგრაფიული ინსტიტუციები და ფესტივალი მათ საშუალებას აძლევს წარმოადგინონ თავისი რჩეულები. ასეთია ფოტოგრაფიული გალერეა „კონტეინერი“ და ერთ-ერთ ჩვენებაზე იქნება მათ მიერ წარმოდგენილი ავტორები. თავის ავტორებს წარმოადგენენ ჟურნალები, მაგალითად არსებობს ასეთი ჟურნალი „ინდიგო“ და ერთ-ერთ მონიტორზე მათი ფოტოები იქნება ნაჩვენები. არსებობს სააგენტო „კონტაქტ ფოტოს“ რომელიც თავის სააგენტოს ფოტოგრაფებს აჩვენებს. რეალურად, ამ თვალსაზრისითაც საინტერესოა, რადგან ხალხს შეუძლია ნახოს როგორი პოლიტიკა აქვთ სხვადასხვა სახის ინსტიტუციებს საქართველოში. ასე რომ, ფოტო ფესტივალი ქართველი ფოტოგრაფების დიდ სპექტრს აძლევს საშუალებას წარმოადგინონ სხვადასხვა სახის ფოტოები, რაც ძალიან საინტერესო იქნება.