ღია წერილი
14 სექტემბერი, 2016
0
print

საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს

ღია წერილი

 საქართველოს პრემიერ-მინისტრს

 ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

გავეცანით დადგენილება N 836-ს და მის დანართს, რომელიც ეხება ლევილის შატოს საქართველოსთვის გადაცემას.

როგორც საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტს, მსურს გამოვთქვა ჩემი შეშფოთება და წინააღმდეგობა ამ პროექტის პირობების, მისი ხასიათის, მისი სულისკვეთების მიმართ.

მაშინ როდესაც, 1921 წ-დან ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, საფრანგეთის ქართველთა სათვისტომო, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენობის იდეალების გარანტია და მის ცხოვრებას, აქტივობას 90 წლის მანძილზე ამ იდეალებისადმი ერთგულება განაპირობებს, აღნიშნულ პროექტში, სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, სათვისტომოს სრული იგნორირება ხდება.

მე, როგორც სათვისტომოს პრეზიდენტმა, დიასპორის მინისტრს არაერთგზის განვუმარტე მოლაპარაკების და პროექტზე მუშაობის პროცესში სათვისტომოს ჩართვის აუცილებლობა. ამჟამად, თქვენს ხელთაა ყოველგვარი საჯარო განხილვის გარეშე წარმოდგენილი, იმ „ოჯახების“ მიერ შედგენილი პროექტი, რომლებიც წლების მანძილზე ლევილის მამულს ექცეოდნენ, როგორც საკუთრებას და რომლებიც დღეს თვითნებურად, დიასპორის აზრის გათვალისწინების გარეშე წყვეტენ ლევილის მამულის მომავალს, იმ საბაბით, რომ არიან დევნილობაში მყოფი მთავრობის წევრების შვილები, შვილიშვილები და ნათესავები. უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური კუთვნილება მათ არ ანიჭებთ ლეგიტიმურობას.

"პირველი რესპუბლიკის ფრანგულ-ქართული ისტორიული და კულტურული მემორიალური ცენტრი. ლევილის აკადემია" რომელიც უნდა ყოფილიყო მთელი პოლიტიკური ემიგრაციის სიმბოლო, იხსენებს მხოლოდ პირველ რესპუბლიკას და ახდენს იმ ადამიანების თავგანწირვის სრულ იგნორირებას, რომლებმაც, უცხო მიწაზე, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას მიუძღვნეს თავისი სიცოცხლე.

შეუძლებელია დავიწყებას მიეცეს პოლიტიკური ემიგრაციის 90 წლიანი ცხოვრება და ბრძოლა. შეუძლებელია "ისტორიულმა მემორიალურმა ცენტრმა" მეხსიერებიდან გააქროს ის პუბლიცისტები, მწერლები, იურისტები, რომლებმაც შეინარჩუნეს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა; არ შეიძლება დავიწყებულ იქნან პოლიტიკოსები, აქტივისტები, სათვისტომოს ლიდერები, რომელთაც შესძლეს მაღლა აღემართათ ძირს დაცემული ქართული დროშა და თავისუფლების, ჰუმანიზმის, კაცთმოყვარეობის, იდეალებისადმი ერთგულებით, ყველა ჩვენთაგანისათვის ნამდვილ ზნეობრივ მოდელებად იქცნენ; ან და ოფიცრები და სხვა სამხედრო პირები, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს ამ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, (მეამბოხეები, მებრძოლები გაგზავნილი ოკუპირებულ საქართველოში…); შეუძლებელია დავივიწყოთ მღვდლები, სულიერი მამები, რომელთაც ქართველებისთვის შექმნეს ერთადერთი სალოცავი ადგილი უცხო მხარეში, მაშინ როცა საქართველო ოკუპირებული იყო საბჭოთა რუსეთის მიერ.

ის ადგილი, რომელიც უნდა გამხდარიყო მთელი პოლიტიკური ემიგრაციის სიმბოლო, იქცევა მხოლოდ ერთი ადამიანის მავზოლეუმად! ქართველი ერის ფულით შეძენილი მამულის მომავალს წყვეტს მხოლოდ „ ოჯახები“! ეს ოჯახები, იყენებენ რა იურიდიული ფიქციას, ასაიდუმლოებენ მას და საკუთარ თავს უფლებას აძლევენ გადაწყვიტონ მამულის მომავალი; ამით ისინი ცდილობენ დაადასტურონ, თავისი განსაკუთრებული უფლება ლევილზე.

ერთ-ერთი უპირველესი, სრულიად შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება, რომელიც წარმოდგენილია თქვენს მიერ გასაჯაროებულ დადგენილებაში, ეს იყო მომავალში, ამ "ოჯახებისთვის" ლევილში ოთახების დატოვება .

როგორი მომავალი ექნება სათვისტომოში ისტორიული თარიღების აღნიშნვას? როგორ მოხდება ამ ადგილის გამოყენება საქართველოს ცნობადობის გაზრდისთვის, საფრანგეთში და ევროპაში? რა ადგილი იქნება განკუთვნილი ახალგაზრდობისთვის და განათლებისთვის? რა პროექტები იქნება გათვალისწინებული საქართველოს პოლიტიკური და კულტურული წინსვლისთვის? და ბოლოს რა ადგილი აქვს განკუთვნილი ქართველთა სათვისტომოს, რომელიც 90 წელია ცოცხლად ინახავს ამ პოლიტიკურ მეხსიერებას? "ოთახების " შენარჩუნებისკენ სწრაფვას არ უნდა ჰქონდეს ადგილი პროექტში.

მოლაპარაკების პროცესი მოხდა და ხდება გაუმჭვირვალე წესით, საიდუმლოდ "ოჯახებთან" ერთად.

ვინ და როგორ მართავს ყველაფერ ამას?

როგორ იქნება გარანტირებული დამოუკიდებლობა მთავრობის მიერ, რომელიც სავარაუდოდ შეიცვლება? რა ადგილი უკავია მუნიციპალიტეტს? რა დათმობების ფასად? ჩვენის აზრით, მხოლოდ დამოუკიდებელი ორგანიზაციას, ფონდს, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პოლიტიკურ რყევებთან, შეუძლია უზრუნველყოს ასეთი დამოუკიდებლობა, ხანგძლივობა და შესაბამისად მყარი, დემოკრატიული, გამჭვირვალე რეგლამენტაცია.

ბატონო პრემიერო,

ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რომ საარჩევნო კალენდარი გიბიძგებთ ლევილის მამულის გადაცემის დაჩქარებისკენ; ამას საქართველო ელოდება თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ფორმით, შინაარსით სულისკვეთებით ასეთი უმწიფარი პროექტი არ გამოადგება არც საქართველოს და არც ქართველებს. პირადად მე, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ როგორც საფრანგეთში მყოფ ქართველთა ინტერესების გარანტი, ყველა შესაძლო ფორმით, მოვახდენ მის დენონსირებას.

 

ღრმა პატივსცემით, ოთარ ზურაბიშვილი

საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს თავმჯდომარე

პარიზი, 9 სექტემბერი 2016