იუსუფ სევინჯლი: განათება სრულიად განსხვავებულია ამ ქალაქში, თითქოს მზე თბილისში სხვანაირად ანათებს
21 სექტემბერი, 2016
0
print

იუსუფ სევინჯლი: განათება სრულიად განსხვავებულია ამ ქალაქში, თითქოს მზე თბილისში სხვანაირად ანათებს

კესო ფაჩუაშვილი

Tbilisi Photo Festival 2016-ის ფარგლებში, „ლოლიტაში“ გამორჩეული თურქი ფოტოგრაფის, იუსუფ სევინჯლის გამოფენა გაიხსნა. სტუმრებს საშუალება ქონდათ ენახათ იუსუფ სევინჯლის სერია DERIVE, სადაც აღბეჭდილია სტამბულის შეუმჩნეველი დეტალები, რომელსაც ავტორი წლების მანძილზე აგროვებდა. 22 სექტემბერს, „ლოლიტაში“ ავტორი ჩაატარებს ლექციას, წარმოადგენს სლაიდ შოუს და ფოტოებს.

იუსუფ სევინჯლი: ჩემი აზრით, თბილისის ფოტო ფესტივალი საკმაოდ განსხვავებულია. ზოგადად, ასეთ ღონისძიებებს მხოლოდ არტისტები და ფოტოგრაფები ესწრებიან, მაგრამ თბილისში კარი ყველასთვის ღიაა. აქ ვხვდები ხალხს სხვადასხვა სფეროდან და სწორედ ეს ხდის ამ ფესტივალს განსაკუთრებულს.

- გამოფენაზე წარდგენილი სერია შეიცავს რაიმე კონკრეტულ გზავნილს?

- ამ სერიას არ გააჩნია მკაფიო მესიჯი, ეს უფრო ჩემი დღიურია - მოგზაურობა ჩემს ცხოვრებაში. სტამბულში ვცხოვრობ და ჩემი ფოტოების დიდი ნაწილი აქ არის გადაღებული - ეს არის ადგილი, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ფოტოები ასახავს არა ქალაქს, არამედ ჩემს ისტორიას ამ ქალაქში.

- როგორ ფიქრობთ, რა სახის ემოციას გამოიწვევს ეს ფოტოები მნახველებში?

- ეს უმჯობესია არ ვთქვა, რადგან ყველაზე მეტად რაც ფოტოხელოვნებაში მიყვარს, არის ემოციის და სათქმელის ღიად დატოვება აუდიენციისთვის. ხალხს უჩნდება საკუთარი გრძნობები ფოტოებთან და მე არ მაქვს უფლება ვუკარნახო ფოტოს ისტორია. ფოტოგრაფი იღებს სურათს, კიდებს კედელზე და შემდეგ კარგავს კონტროლს თავისივე ნამუშევარზე. როდესაც ფოტო საჯარო ხდება, ის უკვე მარტო ჩემი ისტორია არ არის - ყველას საკუთარი კავშირი უჩნდება მის მიმართ და სწორედ ეს არის ხელოვნების ყველაზე დიდი საოცრება.

- როგორ დაიწყეთ ფოტოგრაფობა?

- თავიდან ფოტოჟურნალისტი ვიყავი. რამდენიმე წელი ვმუშაობდი პრესაში დოკუმენტურ ფოტოგრაფად. მაგრამ, მივხვდი რომ ეს არ იყო ის, რაც მე მინდოდა. ვგრძნობდი, ჩემს ფოტოებს მეტი თავისუფლება ჭირდებოდათ - მაშინ მივხვდი, რომ ფოტოები მხოლოდ ფაქტის აღსაბეჭდად კი არა, ჩემი თავის გამოსახატადაც უნდა გადამეღო.

- თქვენ ბევრს მოგზაურობთ და შემდეგ ამას აღწერთ ფოტოებში, რას მატებს ეს თქვენს ფოტოგრაფიას?

- მე არ ვმოგზაურობ ფოტოების გადაღებისთვის. მე ვიღებ იქ, სადაც ვმოგზაურობ - ამაში არის პატარა და ამავდროულად ძალზე დიდი განსხვავება. ფოტოგრაფობა უზარმაზარი შესაძლებლობა და დიდი პრივილეგიაა, რადგან მეძლევა საშუალება შევხვდე სხვა და სხვა ხალხს. სწორედ ეს მიყვარს ფოტოგრაფიაში, ჩემი კამერა იგივე პასპორტია. რა მომცა ამან? -ყველაფერი. ნელ-ნელა ვიგებ რა არის ცხოვრება.

- თბილისი საინტერესო დადგილია ფოტომოგზაურთათვის?

- დიახ, აბსოლუტურად! პირველად ვარ საქართველოში და უკვე მინდა ყველაფრის გაგება და ნახვა. თბილისი ჩემთვის ახალია, ბევრი არ ვიცოდი აქაური ცხოვრების შესახებ. განათება სრულიად განსხვავებულია ამ ქალაქში, თითქოს მზე თბილისში სხვანაირად ანათებს. ატმოსფეროზე აღარაფერს ვამბობ - სრულიად შესანიშნავია. ეჭვგარეშეა, რომ მე აქ დავბრუნდები სამუშაოდ.

- თქვენი აზრით, რა თვისებაა საჭირო ადამიანისთვის რომ გახდეს დიდი ფოტოგრაფი?

- ძალიან საინტერესოა, არ მიფიქრია აქამდე ამ თემაზე. ცნობისმოყვარეობა აუცილებელია როგორც ფოტოგრაფიაში ასევე ყველა სხვა სახის ხელოვნებაში. შესწავლის, აღმოჩენის და შეცნობის სურვილი გარემოსი თუ საკუთარი თავის. როგორც ფოტოგრაფს, მაქვს საშუალება ვნახო განსხვავებული ხალხი და ადგილები და ყოველ ჯერზე, როდესაც სიახლეს ვაფიქსირებ, ჩემი თავის პატარა ნაწილსაც აღმოვაჩენ ხოლმე. ეს არის დიდი მოგზაურობა საკუთარ ფიქრებში, ამიტომ ფოტოგრაფს უნდა გააჩნდეს სურვილი გამოიწვიოს საკუთარი თავი.