გამოღვიძების მთელი სიმწარე
17 ოქტომბერი, 2016
0
print

დავით დეფი

საქართველო ყველაფერს იტანს, აიტანს ამასაც რაც ახლა აქ ხდება, აიტანს და დაავიწყდება. დაავიწყდება, როგორც დაავიწყდა ყველაფერი, რაც აქამდე აუტანია.

როცა ქოცებმა ოთხი წლის წინ გაიმარჯვეს, მიუხედავად სრული აბსურდისა, მე მათ მივულოცე გამარჯვება და უფლება დავიტოვე მათდამი ჩემი კრიტიკული აზრი მეთქვა, მაგრამ მას მერე ოთხი წლის მანძილზე სრული და უსრულესი მიზანმიმართული სიმახინჯისა, დღეს „ქართული ოცნება“-ს ვერაფერს მივულოცავ და ვერც მათ ამომრჩეველს.

ბატონებო თქვენ ხმა სტაგნაციას მიეცით. ეს მოგილოცოთ? უსაქმურობას და უმეცრებას მიეცით. ეს გასახარებელია? თქვენ ხმა რუსეთს და რუსეთის გავლენას მიეცით. ეს მოსალოცია? თქვენ ხმა მიეცით ფამილარულ აღზევებულ გორსალობასა და კრიმინალურ უმახინჯეს მენტალიტეტს, გამყიდველობას და გნებავთ ამ ჭირს - საბჭოთა კავშირის ნოსტალგიას, უფრო სწორად ნასტალგიას, როგორც ივანიშვილი ამბობს და ჩემგან რა გაქვთ მოსალოცი?

სიმართლე ვთქვა შემდეგი ოთხი წელი ასეთი სიმახინჯისთვის მტერიც არ მემეტება, არათუ ჩემი თანამოქალაქეები, მაგრამ არჩევანი გაკეთდა და სათანადოდაც დაესხა ლაფიც. იმედი მაქვს მთავრი წინაა.

ასეთი არჩევნები მხოლოდ საბჭოთა საქართველოში მახსოვს, როცა არჩევნების ჩატარება ქვეყანას საერთოდ არ ეტყობოდა. ის ჭაობი იყო და ესეც იგივე ჭაობია. ჩუმი, უღიმღამო და საშიში. არაფერი ხდება. გამარჯვებული გუნდის ამომრჩეველი არც კი ზეიმობს. მყრალი სიჩუმე მთელს ქვეყანაში.

ახლა კი ორი სიტყვა ამ ყველაფრის მიზეზზე რაც ახლა მოხდა, ხდება და თუ საქმე ასე გაგრძელდა სავარაუდოდ მოხდება - ჩვენმა თანამედროვე საზოგადოებამ ისევე როგორც ადრეულ წლებში, ახლაც აჩვენა საკუთარი არასახელმწიფოებრივი აზროვნება, რაც უმრავლესობის არჩევანში გამოიხატა. არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა ეს მარცხის მიზეზი არაა. ეს შედეგია.

ქართულმა თანამედროვე საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა დაამტკიცა, მისთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს იდეას, იდეოლოგიას, იდეალიზმს და რაც ყველაზე მტკივნეულია მნიშვნელობა არა აქვს სახელმწიფოს და მით უმეტეს, სახელმწიფოს მშენებლობას.

მნიშვნელობა არ აქვს არც მატერიალურ ყოფას, შრომას და ელემენტარულ სოციალურ მდგომარეობას. დღეს მთავარია ის, რაც ყველაზე იოლია - ჩვევებით ცხოვრება. ჩვენი დღევანდელი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩვევებით ცხოვრობს და მისთვის უმთავარესია ის გარემო, რომელსაც მიჩვეულია.

სულერთია მისთვის როგორია გარემო, უმახინჯესი თუ უმშვენიერესი. ის ვერც ერთ მხარეს აცნობიერებს და მზადაა სიმართლე ტყუილად აღიქვას, ტყუილი - სიმართლედ, ხოლო უკანონობა - კანონად მიიჩნიოს.

მას ღირსება არ ელახება, არამედ წარმოდგენა ღირსებაზე. მას თავისუფლება არ ეზღუდება არამედ წარმოდგენა თავისუფლებაზე. მისთვის შიშის მომგვრელია განათლება და მით უმეტეს პროგრესიც, ამიტომ ეს საზოგადოებრივი თუ გნებავთ ეროვნული სისუსტე, უპატიებელი სისუსტე, ივანიშვილმა თავის ძალად აქცია. ზურგიდან კრემლით გამაგრებულმა სათამაშოსავით ააგდო და მთელი ქვეყანა, ხრამისკენაც ასე გადააგდო.

ასეთი უტიფარი ბანალობის გამო მთელი ეს წლები, არც ერთ სოციალურ საკითხზე ჯერ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია არ ყოფილა. სამწუხარო ბანალობაა, რომელსაც გვინდა თუ არ გვინდა უმჯობესია თვალი გავუსწოროთ.

რამდენიმე სიტყვა ალასანიაზე და მისნაირებზე - ყველა ეს ძალა ვინც თავს პროდასავლურობაზე დებდა და თვითლიკვიდაცია დროებით თუ სამუდამოდ გამოაცხადა, რაც ამ წუთისთვის ერთი და იგივეა, ყველა ესენი 2012 წლის არჩევნებში შულერი ივანიშვილის გვერდით იდგნენ და კარგად უწყოდნენ რასაც აკეთებდნენ.

ისინი თუ სადმე, რაიმე ადგილებზე მოხვდნენ, სწორედაც მისი დახმარებით მოხვდნენ. იქ ცხოვრებაში ვერასდროს მოხვდებოდნენ, რომ არა ივანიშვილის ფული.

ამიტომ ისინი მასთან სამუდამოდ ვალში არიან. გამყიდველობის კლასიკაა ასეთი. ბავშვის მკვლელობის დამბრალებელი და ყოველთვის ყველაფრის მკადრებელი, უსირცხვილო და მუდამ გამართლებული გამყიდველობის კლასიკა.

პროდასავლური არა ტოროლა.

ან თუნდაც გზა 2012 - იდან 2016 - მდე: ბედუკაძე, ხაინდრავა, ცოცხები, ლაბორატორია, ბარბარე რაფალიანცი, თათუხაშვილი, კიწმარიშვილი, რუსთავი 2, ურთმელიძე, პიჯაკები, ციხე, ოდესა, თავდაცვასა თუ უშიშროებაში ეფესბე, რუსები ყველგან. კობახიძე, ინაშვილი, ჰომოფობია, ეკლესია, ქორწილი, ფარული ჩანაწერები, კასრები, ლარი, ხეები, იმედი, იბიარდი, თარგამაძის აფეთქება, გენიალური კამანდა. ყველაფერი ადრე გაკეთებულისადმი დიდი და დაუფარავი ზიზღი. ალასანია, პეტრიაშვილი, უსუფაშვილი, გირჩი, ვაშაძე, ვოლსკი, ბესელია, ბურჭულაძე, ზნეობაში გამოკიდება. დილემა - შესვლა არშესვლა

რას მოვესწარით მეგობრებო. ერთი წამით დავფიქრდეთ, ვარდების რევოლუციის მერე რას მოვესწარით. რა ქოცები. რის ქოცები. "პატრიოტთა ალიანსი"-ს სახით, პირველი ფაშისტური პარტია საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, პარლამენტში შედის.

მთავარი წინაა. იმედი მაქვს.

საოცარ სამყაროში ვცხოვრობთ - თუ ზვიადს ან მიშას მხარს ვუჭერ და ძლიერი, განათლებული, პროდასავლური, ნიჭიერი, ეროვნული, პატრიოტული, პროგრესული, მამაცი ხელისუფლება და ასეთივე ცალკეული პიროვნება კრემლის უპირველეს მტრად მიმაჩნია, ჩემს ირგვლივ მყოფები, ნაცნობები თუ უცნობები, კოლეგები თუ არაკოლეგები და ისინიც კი ვისაც ცხოვრებაში ფბ-ზე, საჯაროდ არასდროს, აი მართლა არასდროს არაფერი დაუწერიათ და ისინიც, ვისაც ჩემი რაიმე წარმატება, გნებავთ მსოფლიო წარმატება, არც კი შეუმჩნევიათ და მოუწონებიათ, მეუბნებიან შენ პოეტი, მწერალი, ხელოვანი, შემოქმედი, ყოველთვის ოპოზიციაში უნდა იყოო და საჯაროდ, ყელმოღერებით ლექციებს მიკითხავენ, რომ ხალხს უნდა ვემსახურო, რომ ვბოდავ, რომ გიჟი ვარ, რომ არაფერი მესმის და საკმარისია ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალებით ან არჩევნებით შეიცვალოს და აშკარა მარაზმი, მიზანმიმართული სტაგნაცია დაიწყოს და მე, გნებავთ შევარდნაძის ან ივანიშვილის თუ საერთოდ „ქართული ოცნება“-სა და ყველა მისი განშტოების კრიტიკას შევუდგე, იგივე ადამიანები, ერთმანეთის მიყოლებით იგივეს მეუბნებიან და ისევ საჯაროდ, ისევ ყელმოღერებით ლექციებს მიკითხავენ, რომ ხალხს უნდა ვემსახურო, რომ ვბოდავ, რომ გიჟი ვარ, რომ არაფერი მესმის.

ოღონდ ამის მერე იგივე ტექსტს აღარ ამბობენ პოეტი, მწერალი ყოველთვის ოპოზიციაში უნდა იყოსო, რადგან ამჯერად ისინი მათთან შტაბებში აქტივისტებად თუ შტაბის ლიდერებად მუშაობენ. მათი ღია მხარდამჭერები ხდებიან და მეტიც კანდიდატებადაც კი სახელდებიან და კენჭსაც იყრიან. თან უკვე გააფთრებულები მეუბნებიან, რომ არ მესმის მნიშვნელობა სიტყვისა როგორიცაა „მონანიება.“

დიახ ასეა:

საქართველო ყველაფერს იტანს, აიტანს ამასაც რაც ახლა აქ ხდება, აიტანს და დაავიწყდება. დაავიწყდება, როგორც დაავიწყდა ყველაფერი რაც აქამდე აუტანია.

მესაჩუქრებით მე ალბათ ღვთისგან თუ მიჩუქნია თავისუფლებაც,

უფლება თქვენთვის დარჩეთ ის ვინც ხართ, ღამეც დილისგან განიკურნება.

გადანათდება სხვადასხვა გზებად, ეს ბოლო წამიც ახლა მიწამებს,

სიზმრიდან გავდივარ თითქოსდა ქრება, გამოღვიძების მთელი სიმწარეც.

 

10 ოქტომბერი 2016

დეფი♔სიახLOVE